ზვიად კორძაძე - სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების მიუხედავად, ოქრუაშვილი პატიმრობაში დარჩება

ზვიად კორძაძე - სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების მიუხედავად, ოქრუაშვილი პატიმრობაში დარჩება

რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს თბილისის საქალაქო სასამართლომ დღევანდელ სხდომაზე, ირაკლი ოქრუაშვილი მაინც პატიმრობაში დარჩება, - ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ოქრუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ამის მიზეზი არის ოქრუაშვილის მიმართ ერთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით უკვე გამოტანილი განაჩენი, რომლითაც თავდაცვის ყოფილ მინისტრს თავისუფლების 11 წლით აღკვეთა აქვს მისჯილი.

"დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნულია სასამართლო განხილვა ერთ-ერთ ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ არის წარდგენილი. ბატონი ირაკლი ჩამოვიდა აღნიშნულ სასამართლო სხდომაზე დასასწრებად. მოგეხსენებათ, რომ ოქრუაშვილის მიმართ ერთ საქმესთან დაკავშირებით უკვე არსებობს განაჩენი, რომლითაც მას მისჯილი აქვს 11-წლიანი თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს სასამართლო, ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დარჩება. ის ამას აცნობიერებდა, როცა საქართველოში მოდიოდა", - განმარტა ადვოკატმა.

ამასთან, ზვიად კორძაძის თქმით, ოქრუაშვილს საქართველოში სამართლიანი სასამართლოს იმედი ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ გაუჩნდა.

"ბატონი ირაკლის ჩამოსვლის მოტივი არის ის, რომ ერთის მხრივ, არ აპირებს მუდმივად სხვა ქვეყანაში ცხოვრებას, მეორეს მხრივ კი ქვეყანაში შექმნილმა ცვლილებებმა სამართლიანი სასამართლოს იმედი გაუჩინა - ირაკლი ოქრუაშვილი აპირებს, დაამტკიცოს თავისი სიმართლე, მათ შორის საპატიმროდან, რამდენ ხანსაც მოუწევს, იმდენ ხანს იქნება იქ", - აღნიშნა ზვიად კორძაძემ.

ამასთან, ოქრუაშვილის ადვოკატის განმარტებით, ყველა ბრალდებასთან დაკავშირებით არსებობს არგუმენტი, რომლითაც მას თავდაცვის ყოფილი მინისტრის უდანაშაულობის დამტკიცება შეუძლია.

"ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ შევეცდებით ამის დამტკიცებას", - დასძინა ოქრუაშვილის ადვოკატმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ