თუ ქვეყნის გარეთ ხშირად მოგზაურობთ, შენიშნავდით, რომ საქართველოში ავიასერვისი მოიკოჭლებს. მწირია არჩევანი, რომლის მიხედვითაც მაქსიმალურად მისაღებ ავიაკომპანიას შეარჩევ. მათი რაოდენობა თითებზე ჩამოსათვლელია, მომსახურება კი ძვირია და სერვისს არ შეესაბამება. სერიოზულ დისკომფორტს იწვევს ის ფაქტორიც, რომ ერთი ქალაქიდან მეორეში ფრენა, ძირითადად, სხვა ქალაქის გავლით და ღამით არის დანიშნული. იმის გამო, რომ ღამე თვითმფრინავის სალონში კი არა, სასტუმროში გაატარო, ხშირად იძულებული ხდები სხვა ქალაქის გავლით კი არა, სხვა ქვეყანაში შემოვლითი რეისით იმგზავრო. გრძელ გზასაც არა უშავს, თუ დანიშნულების ადგილზე მშვიდობით და უპრობლემოდ მიხვალ, მაგრამ თურმე, შესაძლოა აქაც იმდენი დაბრკოლება დაგხვდეს, რომ სამუდამოდ უარი გათქმევინოს რომელიმე ავიაკომპანიაზე. ისე, როგორც ეს დაემართა ერთ-ერთ ჩემს მეგობარს, რომელმაც თბილისიდან ფრანკფურტამდე სტამბოლის გავლით "თურქიშ ეარლაინსით" იმგზავრა.
დავით ბეგიაშვილი: - ფრანკფურტში კონფერენციაზე დასასწრებად მივდიოდი ჩემი კომპანიის ორ წარმომადგენელთან ერთად. ორმხრივი მიმართულების, ბიზნესკლასის ბილეთები ავიღეთ. ორი არჩევანი გვქონდა: შეგვეძლო "ლუფტჰანზათი" გავფრენილიყავით მიუნხენის გავლით. ფრენა გვიან ღამით იყო და ისეთ დროს ჩავდიოდით ფრანკფურტში, რომ დასვენებასაც ვერ ვასწრებდით. ამიტომაც ისევ "თურქიშ ეარლაინსი" ვარჩიეთ, მართალია, ამ შემთხვევაშიც უნდა გადავმჯდარიყავით, მაგრამ ფრანკფურტში ისეთ დროს ჩავდიოდით, რომ კარგად გამოძინებას მოვასწრებდით. სტამბოლში ჩაფრენიდან გადაჯდომამდე მხოლოდ ერთი საათი იკარგებოდა. კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, თბილისიდან სტამბოლში რეისმა მთელი ნახევარი საათით დაიგვიანა. არ ვნერვიულობდით, რადგან ერთი ავიაკომპანიის მომსახურებით უნდა გვესარგებლა და ვიმედოვნებდით, რომ "თურქიშის" რეისის თბილისიდან დაგვიანებას სტამბოლი-ფრანკფურტის რეისზეც გაითვალისწინებდნენ. ამის გამოცდილება სხვა კომპანიებთანაც გვქონდა და გადაჯდომა არასდროს ყოფილა პრობლემა.
ტრაპთან გვხვდებოდა ხოლმე პიროვნება, რომელსაც დავალებული ჰქონდა, რომ დაუბრკოლებლად გავეტარებინეთ გასასვლელამდე. ან ახსნა-განმარტებას გვაძლევდნენ, როგორ უნდა მოვქცეულიყავით, რომ გადაჯდომა არ დაგვიანებულიყო. ამ შემთხვევაშიც გვეგონა, იგივე მოხდებოდა. აეროპორტში არავინ დაგვხვედრია. ამიტომაც სწრაფად გავეშურეთ მითითებული გასასვლელისკენ. უსაფრთხოების სამსახურთან გავლაშიც დავბრკოლდით, ძალიან ბევრი ხალხი იყო. გასასვლელთან რომ მივედით, ათი წუთი აკლდა რეისის გაფრენის დროს, მაგრამ გეითი (გასასვლელი) დაკეტილი დაგვხვდა. იქვე "დესკზე" მომსახურე პერსონალს მივვარდით, მან თქვა, რომ გამცილებლებმა თავიანთი საქმე დაასრულეს და წავიდნენ. ხომ არ გაგიჟდნენ-მეთქი, ვიყვირე გაოცებულმა. ბილეთს დახედეს და შეიცხადეს, თქვენ მართალი ხართ, სასწრაფოდ შემდეგ "დესკზე" მიდით, იქ დაგეხმარებიანო. ოთხი "დესკი" მოვიარეთ დახმარების იმედად, თუმცა, ამაოდ. ამ დროში უკვე ნერვებმაც მიმტყუნა და აეროპორტის მომსახურე პერსონალს ქართულ-ინგლისურად ვამკობდი ლანძღვა-გინებით. თუმცა, როდესაც იმდენი დრო გავიდა, რომ თვითმფრინავი უკვე ცაში იქნებოდა, ყვირილის სურვილიც დავკარგე. სამწუხაროდ, ვერც იმან გაჭრა, რომ ბიზნესკლასის ბილეთები გვქონდა. ერთი კი იყო, მომსახურე პერსონალმა ჩვენს ბილეთებს რომ დახედა, შეიცხადა, თქვენცო? აშკარად გაუკვირდა, "თურქიშის" გულგრილობით დაზარალებულთა შორის არა მხოლოდ რიგითები, ანუ ეკონომკლასის მომხმარებლები, ბიზნესკლასის ბილეთების მფლობელებიც რომ მოხვდნენ. სამწუხაროდ, ეს შეშფოთებაც წამიერი იყო. ძალიან არ შეუწუხებიათ თავი. "თურქიშს" შეეძლო სხვა ავიაკომპანიისთვის მიემართა ჩვენს დასახმარებლად, მაგრამ აბა, მაგას როგორ იზამდა? სამწუხაროდ, დავრწმუნდი, რომ არაფრად ანაღვლებთ მგზავრის კომფორტი.
- შეიძლება ამ ერთი შემთხვევის გამო დაასკვნა, რომ "თურქიშ ეარლაინსს" არ ანაღვლებს მომხმარებელთა ინტერესი?
- მანამდეც დროდადრო შევწუხებულვარ მათი დაუდევრობით, მაგრამ ამ დრომდე, ასატანი იყო ხარვეზები სერვისში. ეს შემთხვევა უკვე დიდ ნაპრალს ჰგავს ამ ავიაკომპანიის მომსახურებაში. თანაც აღმოჩნდა, რომ ერთი და ორი კაცი კი არა, ათეულობით ადამიანი ყოველდღიურად ზარალდება. ამიტომაც ბოლო "დესკთან" საქმის გასარჩევად ჩვენს მსგავსად დაზარალებულთა ინტერნაციონალური არმია შეიყარა. უკვე ერთი სული გვქონდა, როგორმე სასტუმროში დავბინავებულიყავით და კომპენსაციის საკითხი მოგვეგვარებინა. ბარგი ჩაბარებული გვქონდა და ტანსაცმლის გამოცვლას ან მის შესაძენად ქალაქში გასვლასაც ვერ მოვასწრებდით, იქვე აეროპორტში უნდა გვეზრუნა ამაზე. დაგვპირდნენ, რომ ქალაქის ცენტრში გაგვიყვანდნენ 5-ვარსკვლავიან სასტუმროში და კომპენსაციასაც მოგვცემდნენ, დილით კი მშვიდობიანად გაგამგზავრებთ ფრანკფურტშიო. ვითხოვე, ქალაქის ცენტრში არ გვინდა წასვლა, დილით ძალიან ადრე მოგვიწევს გაღვიძება და სჯობს ისევ ახლოს დაგვაბინაოთ-მეთქი. თავი მოიკლეს, რას ამბობთ, დილით ყველაფერს უზრუნველვყოფთ, რომ ზედმეტი დრო არ დაგაკარგვინოთო. ასე გელაპარაკებიან, თორემ სინამდვილეში თაღლითებივით იქცევიან.