როგორ აღმოჩნდა გიგი კალანდაძე გოგოლა კალანდაძის ძმა

როგორ აღმოჩნდა გიგი კალანდაძე გოგოლა კალანდაძის ძმა

ბოლო დროის ყველაზე "პოპულარული" დაკავებულები შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი გიგი კალანდაძე გახდნენ. 6 ნოემბრის ღამეს ბაჩო ახალაია პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს და აღარც გამოუშვიათ, 7 ნოემბერს კი მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების ჩვენებები გამოაქვეყნა, რომელთა საფუძველზეც ბაჩო ახალაია, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე და მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს. რამდენიმე დღეში შამათავასა და კალანდაძეს სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.

როგორც კი გიგი კალანდაძის დაკავების ამბავი გახმაურდა, პრეზიდენტმა მაშინვე მისი ოჯახის წევრები მოინახულა. რასაკვირველია, ეს კადრები ტე­ლევიზიებმა და სხვადასხვა მედიასაშუალებამ გაავრცელეს. გიგი კალანდაძის ოჯახის წევრებს შორის საზოგადოებისთვის ცნობილი სახე, მსახიობი გოგოლა კალანდაძე ვიხილე, რომელიც ოჯახის სხვა წევრების მსგავსად შავებში იყო ჩაცმული. როცა ის დავინახე, ცოტა არ იყოს გამიკვირდა. თავიდან ვერ მივხვდი, რა კავშირი ჰქონდა გოგოლას ამ ოჯახთან. როგორც შემდეგ გავიგე, გოგოლა გიგის და ყოფილა, თუმცა ამ ინფორმაციამ კიდევ უფრო მეტად გამაოცა და სრულ გაუგებრობაში ჩამაგდო.

და აი, რატომ: მაშინ, როცა გიგი კალანდაძე მეოთხე ბრიგადას ხელმძღვანელობდა, როგორც მითხრეს, ოფიციალურ დოკუმენტებში დედისერთად იყო მოხსენიებული. მერე გავრცელდა ხმები, რომ ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის ძმა იყო და მთელი ქვეყანა ამაზე ალაპარაკდა. ტელევიზიებშიც კი არაერთხელ მოიხსენიეს, როგორც ნინოს ძმა. მიმდინარე მოვლენების შემდეგ კი მსახიობ გოგოლა კალანდაძესთან მის ნათესაურ კავშირზე ალაპარაკდა საზოგადოება. ამ საკითხის გადამოწმება თავად გოგოლასთან ვცადე, დავურეკე, მაგრამ ჟურნალისტის ხსენებაზე არც კი დაინტერესებულა, რა საკითხთან დაკავშირებით ვაწუხებდი, მაშინვე გათიშა ტელეფონი და მას შემდეგ უცხო ნომრებს არ პასუხობს.

მოგვიანებით გადავწყვიტე, თავად გამერკვია მათი დედმამიშვილობის ამბავი. როგორც შევიტყვე, გოგოლა კალანდაძე მამას პატარაობაშივე მიუტოვებია, ის დედამ, დეიდამ და ბებიამ გაზარდეს. გოგოლას ძმა მოგვიანებით გამოჩენილა და და-ძმას ურთიერთობა დაუწყიათ. როგორც მსახიობი ერთ-ერთ ადრინდელ ინტერვიუში ამბობს, მამის მონახულებას მას თურმე დედა აიძულებს, თორემ თვითონ არასდროს გასჩენია მისი ნახვის სურვილი. "არადა მამა მაინც მტკივა, ეტყობა, სისხლი თავისას შვრებაო", - აღნიშნავდა მსახიობი.

მოკლედ, ალბათ ყველასთვის საინტერესო იქნება ამ თემაზე გოგოლა კალანდაძესთან საუბარი და თუ მას სურვილი გაუჩნდება, შეუძლია გამოგვეხმაუროს.

ქეთი მელაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"