კუდ-ის დამწვარი კუდი - შსს-ს ჰაკერის აღიარება

კუდ-ის დამწვარი კუდი - შსს-ს ჰაკერის აღიარება

ჯერ კიდევ არჩევნების წინა დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკური მოძრაობა "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრთა კომპიუტერებში შეაღწია ვირუსმა, რომელსაც ვიდეოთვალთვალის და ხმის ჩაწერის ფუნქცია ჰქონდა. ეს ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესიკ სურმავას ვიდეოჩანაწერების ინტერნეტში გამოჩენის შემდეგ გავრცელდა. ამასთან დაკავშირებით, ივანიშვილის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, ამერიკული კომპანია NSI-ის დირექტორმა პოლ ჯოილმა განაცხადა, რომ სურმავას სახელით Youtube-ზე გახმოვანებული მასალა ყალბია და, სავარაუდოდ, ჰაკერული ვირუსის გამოყენებით არის მოპოვებული და შემდგომ გაყალბებული.

"კომპიუტერებში ჰაკერული ვირუსის შეღწევის შედეგად პრობლემებმა თავი იჩინა 2012 წლის ივნისში, როდესაც ივანიშვილისა და მისი ოჯახის ფოტოები და ვიდეოები გავრცელდა Youtube-ს მსგავს საიტებზე. დავიწყეთ გამოძიება. აღმოჩნდა, რომ ქურდი გარედან შემოვიდა. "ქართული ოცნებისა" და ივანიშვილების ოჯახის კომპიუტერებში აღმოვაჩინეთ ვირუსი malware, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ასრულებდა დავალებას. აღმოჩნდა, რომ "ქართული ოცნების" კომპიუტერების 25% იყო დავირუსებული. ვირუსი "ხედავდა" ეკრანზე გამოსულ ინფორმაციას, აკეთებდა სქრინშოტს (კოპირება), უღებდა ფოტოს, ავტომატურად რთავდა ვიდეოკამერას და ვიდეოთვალსაც," - განაცხადა პოლ ჯოილმა. მისივე თქმით, malware-ს ტიპის ვირუსი იწვევს კომპიუტერების გადახურებას, ისინი ანელებენ მუშაობას... როდესაც სპეციალისტები მოიწვიეს, გაირკვა, რომ საქმე ჰქონდათ უცნობ ვირუსთან, რომელიც კომპიუტერს ჩამწერ მექანიზმად აქცევს და ის, ფაქტობრივად, დიქტოფონის ფუნქციას ასრულებს. ვირუსი ორი ფორმით ვრცელდება: 1) ელექტრონული ფოსტით მოგდით წერილი, რომელიც არაფრით ჰგავს სახიფათოს. ხსნით მას და "ოჯახში" უნებლიეთ უშვებთ მტერს; 2) მოთვალთვალე ვირუსი ვრცელდება ინტერნეტპროვაიდერის საშუალებით. სპეციალური ინსტრუმენტი უერთდება კონკრეტულ სისტემას, რის შემდეგაც ქსელის ყველა მომხმარებლის კომპიუტერი იხსენება ვირუსის შესაშვებად.

როგორც ამბობენ, ინტერნეტპროვაიდერს ამ მიზნით ვერ გამოიყენებენ, თუ უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან არ არის მითითება.

რამდენიმე დღის წინ სამართალდამცველებმა დააკავეს ამ ვირუსის მიზანმიმართულად გავრცელებაში ეჭვმიტანილი კუდ-ის ჩინოსნები. მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განმარტებით, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელების დავალებით, ამავე დეპარტამენტში შეიქმნა კომპიუტერული ვირუსული პროგრამა, რომლითაც შესაძლებელი გახდა ინტერნეტმომხმარებელთა კომპიუტერებში შეღწევა, მათში დაცული ინფორმაციის მოპოვება და აუდიო და ვიდეოთვალთვალი. შექმნილი პროგრამის მეშვეობით კუდ-ის ხელმძღვანელობა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელთა კომპიუტერული სისტემებიდან იღებდა ინფორმაციას.

"2012 წლის 26 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა კვარაცხელიას დაუკავშირდა შს მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი და დაავალა კოალიცია "ქართული ოცნებიდან" სხვადასხვა სახის ფარული მასალების მოძიება, რომელთა გამოქვეყნება კოალიციის ლიდერებისადმი უნდობლობას გამოიწვევდა. ბექა კვარაცხელიამ დავალება სათანადო ჯგუფის დახმარებით შეასრულა. შეარჩია საჭირო მასალა - ფარულად მოპოვებული რამდენიმე პოლიტიკური პირის საუბრები, გადაიღო ისინი დისკებზე და 2012 წლის 26 სექტემბერს, საღამოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე გადასცა შოთა ხიზანიშვილს, რომელიც შევიდა პრეზიდენტის სასახლეში. მეორე დილით შოთა ხიზანიშვილმა დაურეკა ბექა კვარაცხელიას და უთხრა, რომ მან ამოარჩია საჭირო მასალა, რომელიც ბექა კვარაცხელიას უნდა განეთავსებინა Youtubeს ვიდეოპორტალზე ისე, თითქოს ის გავრცელებული იყო ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესარიონ სურმავას მიერ", - განაცხადა საგანგებო პრესკონფერენციაზე მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულმა, შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ბექა კვარაცხელიამ აღიარა, რომ კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ფარულად მოპოვებულ ყველა მასალას 2010 წლიდან ეცნობოდა.

"ჩვენს შექმნილ ვირუსს პროგრამულად მითითებული ჰქონდა მოპოვებული ინფორმაციის მიწოდების მისამართი - მოდულის შენობის ერთ-ერთ ოთახში განთავსებული კომპიუტერების "აი-პი" მისამართი, სადაც ავტომატურად იყრიდა თავს ფარულად მოპოვებული ინფორმაცია. ამ კომპიუტერებთან ხელი მიგვიწვდებოდა ექვს თანამშრომელს: მე, ავთო სოლომნიშვილს, გიორგი ჯავახიძეს, ვასილ ჯამალაშვილს, ერმალოზ ებანოიძეს და ალექსანდრე ბოცვაძეს, რომლებიც ასევე ეცნობოდნენ ფარულად მოპოვებულ ინფორმაციას. თავიდან ვუსმენდით ოპერატიულად საინტერესო პირებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც არჩევნებისათვის მზადება დაიწყო, მთელი ჩემი სამსახურის საქმიანობა მიმართული იყო იქით, რომ მოგვესმინა კოალიცია "ქართული ოცნების" წევრთათვის.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა