სამშენებლო კომპანია "ენ-სი-სი", რომლის ერთ-ერთი მფლობელი გეგი ქელბაქიანია, რიყის ტერიტორიაზე მშენებლობას აგრძელებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა განუცხადეს, "ენ-სი-სი" ახორციელებს რიყეზე თეატრის მშენებლობას, სხვადასხვა კეთილმოწყობით სამუშაოებს და ასევე ქვედა ტერიტორიაზე ავტოპარკინგის მშენებლობას.
რაც შეეხება არსებულ ინფორმაციას, რომ "ბუდა-ბარიც" "ენ-სი-სი"-ს აშენებულია, მუშები აცხადებენ, რომ ამის შესახებ არაფერი იციან.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ამ დროისთვის რიყეზე სამშენებლო სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
"თბილისის წყლის" ყოფილ ხელმძღვანელ გეგი ქელბაქიანს გამოძიება სამშენებლო კომპანია "ენ-სი-სი"-ში უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქელბაქიანის ადვოკატმა, ირაკლი ჟორჟოლიანმა განუცხადა.
მისივე თქმით, ქელბაქიანის დაკავებას არავითარი კავშირი არ აქვს "თბილისის წყალთან".
ადვოკატის ინფორმაციით, ქელბაქიანთან ერთად დაკავებულია არჩილ ჩოგოვაძეც, რომელიც "ენ-სი-სი"-ს ფინანსური მენეჯერია.
გეგი ქელბაქიანი და არჩილ ჩოგოვაძე წუხანდელი დაკითხვის შემდეგ დააკავეს. როგორც ადვოკატი აცხადებს, მათ ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ, 194-ე მუხლის მესამე ნაწილით, რომელიც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ქელბაქიანი და ჩოგოვაძე ე.წ. მოდულის შენობაში არიან გადაყვანილი. ამასთან, არსებული ინფორამაციით, ქელბაქიანი თბილისის მერის, გიგი უგულავას მეგობარია, თუმცა ადვოკატის ინფორმაციით, დაკითხვაზე უგულავასთან მიმართებაში კითხვები არ დასმულა.
გეგი ქელბაქიანი "ბუდაბარის" ერთ-ერთი მფლობელია.