იკი წულაძის პირველი სკულპტურა ბათუმში დადგეს

იკი წულაძის პირველი სკულპტურა ბათუმში დადგეს

12 ნოემბერს ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სკულპტურა გაიხსნა, სახელწოდებით "მე, შენ და ბათუმი". ბრინჯაოში შესრულებული ფიგურების ავტორი 25 წლის მოქანდაკე იკი წულაძეა: "ბათუმი ყავის მომზადების განსაკუთრებული ტრადიციითაა ცნობილი. მოგეხსენებათ, რომ ნალექიან ყავას ქვიშაზე ადუღებდნენ, რაც მას გამორჩეულ არომატს სძენდა. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ყოველთვის ვაკვირდები გარემოს და ვფიქრობ, სად რა ტიპის სკულპტურა მოუხდება. ბათუმში ჩემი მორიგი ყოფნისას გამიჩნდა იდეა, რომ იქ დამედგა "კონტაქტური" სკულპტურა, რომელთანაც ადამიანები შეძლებდნენ სამახსოვრო ფოტოების გადაღებას. ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ჩემი ჩანაფიქრი მოეწონათ და საქმის შესრულება დამავალეს. ადგილი მე შევარჩიე. ბათუმში არსებულ დიდ სკვერში ბევრი ადამიანი სეირნობს და როცა ამგვარ სივრცეში "შემოქმედებითი ელემენტი" შედის, მას თავისებური ხიბლი ემატება. გადავწყვიტე, გამეკეთებინა გასული საუკუნის ტიპაჟების, გოგონასა და ბიჭის ქანდაკება. მათი სახეები ზოგადია და კონკრეტულად არავის ჰგვანან. წყვილი ბულვარში ზის და ყავას სვამს. სკულპტურისათვის რეტრო პერიოდის ჩაცმულობა ვარჩიე, ასეთივეა მაგიდა და სკამები - ავეჯი მოჩუქურთმებულია.

ქანდაკებაზე მითითებულია ავტორის ვინაობაც - ჩემი სახელი და გვარი ბიჭს ქამარზე აწერია, თითქოს მას რაღაც ბრენდის აქსესუარი უკეთია (იღიმის). ფიგურებს თიხაში ოცი დღის განმავლობაში ვძერწავდი, ათი დღე ჩამოსხმას დასჭირდა და დაახლოებით თვე-ნახევარი ფიგურების ლითონში გადატანას მოხმარდა. ჩემი კარიერის განმავლობაში, ეს არის ჩემი პირველი სკულპტურა, რომელიც დავდგი და დიდი გულისყურით ვიმუშავე. ბათუმი ძალიან მიყვარს და მიხარია, რომ ჩემი პირველი ნამუშევარი ამ ზღვისპირა ქალაქში დგას.

ვფიქრობ, იმ ადგილს ძალიან უხდება. ბევრმა ადამიანმა მითხრა და ყველაზე მეტად ეს მახარებს. ბევრი მსგავსი იდეა მაქვს, ესკიზებზე ყოველდღიურად ვმუშაობ და მათ განხორციელებაზე მომავალშიც სიამოვნებით ვიმუშავებ".

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"