შსს გეგი ქელბაქიანის საქმეზე მტკიცებულებათა ნაწილს აქვეყნებს

შსს გეგი ქელბაქიანის საქმეზე მტკიცებულებათა ნაწილს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დაკავებული გიორგი(გეგი) ქელბაქიანისა და არჩილ ჩოგოვაძის საქმეზე მტკიცებულებათა ნაწილს აქვეყნებს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა აღნიშნა, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ 2009-2012 წლებში კომპანია "ენ-სი-სი" სამშენებლო სამუშაოებს თბილისის მთავრობის დაკვეთით ექსკლუზიურად ასრულებდა. ამ წლებში, დაკვეთის საერთო ღირებულებამ 200 მილიონ ლარამდე შეადგინა.

შსს-ს ცნობით, დედაქალაქის საბიუჯეტო სახსრებიდან გაცემული თანხების განკარგვას კომპანია "ენ- სი-სი" სხვადასხვა კორუფციული სქემებით ასრულებდა. ერთ-ერთი ასეთი სქემა გამოძიების მიერ გამოვლენილია.

"გიორგი ქელბაქიანის პირადი კომპიუტერის დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ "ენ-სი-სი"-ს ფინანსური დირექტორი არჩილ ჩოგოვაძე გიორგი ქელბაქიანს ელექტრონული საშუალებით უგზავნიდა ცხრილებს, სადაც ჩანს, რა თანხებს უგზავნიდნენ 2009-2013 წლებში სამშენებლო სამუშაოებისათვის ფიზიკურ პირ გოჩა დარსაძეს. ლეპტოპის ინფორმაციასა და საბანკო ანგარიშებს შორის აღმოჩნდა რადიკალური განსხვავებები. შპს "ენ სი სი"-ს მიერ გოჩა დარსაძისთვის და მისივე კონტროლქვეშ მყოფ შპს "გვირაბგამყვანისათვის" ჩარიცხულია 6 მილიონ 589 ათასი ლარი, საიდანაც ქელბაქიანმა და და ჩოგოვაძემ ე.წ. ატკატის სახით, 2 მილიონ 535 ათასი ლარი უკან დაიბრუნეს", - განაცხადა შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით არჩილ ჩოგოვაძე და გოჩა დარსაძე დაიკითხნენ და მათ თავდაპირველად რაიმე სამართალდარღვევის ფაქტი უარყვეს.

"დამატებითი დაკითხვის შემდეგ, კი გოჩა დარსაძემ განაცხადა, რომ ვიდრე პირველ დაკითხვაზე გამოცხადდებოდა, ის და "გვირაბგამყვანის" დირექტორი იმედა ბოჭორიშვილი თავისთან დაიბარა არჩილ ჩოგოვაძემ და გააფრთხილა, რომ გამოძიებისთვის მიეცათ ცრუ ჩვენება, რომ ამონაწერებში ნაჩვენები თანხები სრულად ჰქონდათ მიღებული, ამასთან დაჰპირდა, რომ თუ დააკავებდნენ, აუცილებლად დაიხსნიდნენ საპატიმროდან. აქედან გამომდინარე, გოჩა დარსაძემ თავდაპირველად მისცა ცრუ ჩვენება. სინამდვილეში კი, როგორც მას, ასევე იმედა ბოჭორიშვილს "ენ-სი-სი"-დან მიღებული აქვთ იმ რაოდენობით თანხები, რაც მითითებულია შავ ჩანაწერებში", - განაცხადა გიორგობიანმა.

ამასთან, მისი თქმით, გოჩა დარსაძემ გამოძიებას მიაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2010 წელს მას გიორგი ქელბაქიანმა შეუკვეთა სამი სააგარაკე სახლის მშენებლობა, რომელთა შორის ერთი სახლი შენდებოდა მისთვის უცნობი პირისათვის.

"აგარაკების მშენებლობა მიმდინარეობდა "ენ-სი-სი"-ს კუთვნილი თანხებით, რომელიც 100 პროცენტით საბიუჯეტოა, რადგან კომპანია სახელმწიფო დაკვეთებზე მუშაობდა. კომპანია "ენ-სი-სი"-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი - გიორგი ქელბაქიანი და გიორგი გოგიბერიძე, ხოლო კომპანიის სახსრებით შენდებოდა სამი აგარაკი, აქედან გამომდინარე, გამოძიება დაადგენს, ხომ არ ჰყავდა კომპანიას ფარული ბენეფიციარი სახელმწიფო მოხელის სახით, რომელსაც ეკუთვნოდა მესამე სახლი", - აღნიშნა გიორგობიანმა.

მისივე თქმით, კომპანია წლების მანძილზე არ იხდიდა გადასახადებს და დეკლარაციებს აბარებდა ნულოვანი მოგებით.

გიორგობიანის განცხადებითვე, არჩილ ჩოგოვაძისა და გიორგი ქელბაქიანის დაკავება მტკიცებულებების შეკრების საფუძველზე მოხდა.

კომპანია ,,ენ-სი-სი"-ს გენერალურ დირექტორს გიორგი ქელბაქიანს და ამავე საწარმოს ფინანსურ დირექტორს არჩილ ჩოგოვაძეს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა) და გ) პუნქტებით, რაც 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, გიორგი ქელბაქიანისთვის და არჩილ ჩოგოვაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ