ბოლო თვეებში პრეზიდენტის შეწყალებით, პატიმართა რიცხვი 4000-ით შემცირდა

ბოლო თვეებში პრეზიდენტის შეწყალებით, პატიმართა რიცხვი 4000-ით შემცირდა

სასჯელაღსრულების სისტემაში 21 ათასი პატიმარი იხდის სასჯელს და ბუნებრივია, ოჯახის წევრების ყურადღება მათკენ არის მიპყრობილი. არჩევნებამდე ციხეში გადაღებული კადრების გამომზეურების შემდეგ, პატიმრების დაშოშმინება ადვილი არ აღმოჩნდა და ახალ მინისტრს საკმაოდ რთულ ვითარებაში მოუხდა სისტემაში მუშაობის დაწყება. როგორ შეძლო მოშიმშილე პატიმრების დამორჩილება და რა ვითარებაა დღეს - ამ და სხვა საკითხებზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრს, სოზარ სუბარს ვესაუბრეთ.

- ბატონო სოზარ, რა სიტუაცია დაგხვდათ სასჯელაღსრულების სისტემაში?

- ძალადობაზე, სისასტიკეზე, ადამიანების ცემა-წამებაზე, მკვლელობაზე დამყარებული რეჟიმი იყო. ეს იყო ციხე ციხეში. ცნობილი კადრების ტელეეკრანზე ჩვენების შემდეგ, ციხეებში სრულიად საპირისპირო პროცესი დაიწყო: ოღონდ უკმაყოფილება არ გამოეხატათ და სრული "ბარდაკი" დაუშვეს - პატიმრებს ყველაფრის ნება დართეს, კანონი არ კანონობდა. ამ სიტუციაში მომიხდა მოსვლა. ერთდროულად რამდენიმე ამოცანა იყო გადასაწყვეტი: პირველი - თავიდან უნდა დამყარდეს ლიბერალური წესრიგი და - არა ისეთ სისასტიკეზე აგებული, როგორიც ადრე იყო. მეორე - პატიმრების პირობები უნდა გაუმჯობესდეს, რადგან მათი აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან მძიმე პირობებშია. მესამე - უნდა დაიწყოს კორუფციასთან ბრძოლა.

- კორუფცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში აღმოფხვრილი არ არის?

- ძალიან სერიოზული პრობლემა იყო ამ კუთხით. ახლა არის ელიტური კორუფცია - ვგულისხმობ პატიმრების კვებით მომარაგებას: ეს საქმე ერთ ფირმას ჰქონდა ჩაბარებული. თანხა, რომელიც თეთრეულისთვის იყო გამოყოფილი, უკვალოდ ქრებოდა და ყველა პატიმარი თვითონ ყიდულობდა. გარდა ამისა, კორუფცია იყო ქვედა დონეზეც: ყოველი პაემანი, ერთი ოთახიდან მეორეში, ერთი ციხიდან მეორეში გადაყვანა, ფულთან იყო დაკავშირებული.

- შევარდნაძის პრეზიდენტობის დროსაც ამას ჩიოდნენ; არაფერი შეცვლილა?

- ისევ ისე იყო, ოღონდ, თუ ადრე 50 ან 30 ლარი ღირდა, ახლა "ნიხრები" გაიზარდა და 500-იდან 1500 დოლარამდე მერყეობდა, - გააჩნია, რა საკითხი იყო გადასაწყვეტი. ჰქონდათ სპეციალური "ნიხრი" ქვედა საფეხურებზე მომუშავეებს და ამ ყველაფერს ვიდეოზე იღებდნენ - ნებისმიერ დროს შეიძლებოდა, ეს გამოეყენებინათ ზედამხედველის თუ სხვა თანამშრომლის დასაჭერად. დაშვებული კორუფცია იყო და არა ისე, რომ ვიღაც ქვემოთ თავისით იპარავს; ვის რამდენი უნდა მოეპარა, განსაზღვრული იყო. ამ სისტემის უცებ შეცვლა ძალიან ძნელია. ასევე რთულია ახალი კადრების მონახვაც. 2000 კაცი წლების განმავლობაში ერთად ცხოვრობს, ერთნაირად აზროვნებს; იმდენი ზეწოლისგან, რაც მათ წლების განმავლობაში განიცადეს, ფსიქიკას ნაპოვნი აქვს შეგუების ფორმები, რაც ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც ადამიანი თავისუფლებაზეა შეჩვეული. უცებ გარედან მოსულმა ადამიანმა შეიძლება, ვერც გაიგოს, რასთან აქვს საქმე.

- კადრების შერჩევა აშკარად გაგიჭირდათ: რამდენიმე ადამიანი დაგიწუნეს და მათ დანიშვნას დიდი ხმაური მოჰყვა. რა კრიტერიუმით არჩევთ?

- ყოველთვის იდეალურ არჩევანს ვერ გააკეთებ, ეს შეუძლებელია. მით უმეტეს, როცა ასე სწრაფად გიხდება გადაწყვეტილების მიღება, როდესაც უბრალოდ არ არსებობენ საჭირო კადრები. ზოგი ძველი თანამშრომელია, რომელზეც ეჭვები არსებობს, რომ ოდესღაც კორუფციაში იყო გარეული, ზოგი პოლიციელია - დაუჭერია ბევრი ადამიანი, რომლებიდანაც ზოგიერთი შეიძლება, იმ საპატიმროში იხდიდეს სასჯელს, სადაც ახლა მიგყავს; გააკეთებ გათვლას მენეჯერზე და შეიძლება, სამოქალაქო საზოგადოებაში კარგი მენეჯერია, მაგრამ აქ ვერ გაართვას თავი. სპეციფიკური სისტემაა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღება ვერ ხერხდება. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე მაია ხასიას დიდი გამოცდილება აქვს, როგორც ციხეში მუშაობის, ასევე - არასამთავრობო სექტორში საქმიანობის, პენიტენციური სისტემის ექსპერტი გახლავთ. მან, ჩემთან შეთანხმებით, თავადვე შეარჩია თავისი მოადგილეები, რომლებიც პროფესიონალები არიან. დაწესებულების ხელმძღვანელების აბსოლუტური უმრავლესობა შევცვალეთ.

- ახალი დანიშნული დაწესებულების დირექტორის გამოცვლაც მოგიხდათ. მაშინ ისიც განაცხადეთ, თუ ლევან აბურჯანიას ბრალეულობა გამოიკვეთებოდა, მის წინააღმდეგ საქმეც აღიძვრებოდა; ამ კუთხით მოკვლევა დასრულდა?

- აბურჯანიამ იქ რაც გააკეთა, ეს არანაირი გადაცდომა არ იყო, რაც ჩვენმა მოკვლევამ დაადასტურა. მიუხედავად ამისა, მაინც გავათავისუფლეთ: მის მიმართ სხვა პრეტენზიები გაჩნდა - თუ როგორ იქცეოდა პოლიციის უფროსად მუშაობის დროს. როდესაც მითხრეს, კარგი კადრიაო, არგუმენტად მომიყვანეს, რომ მან წესრიგი დაამყარა ლოტკინზე - თბილისის ყველაზე რთულ უბანში. მართლაც ასე მოხდა, მაგრამ როგორც ჩანს, ზოგჯერ ამ წესრიგის დამყარებას არცთუ კანონიერი მეთოდები ახლდა, რის შესახებაც გახშირდა ინფორმაცია და ბუნებრივია, მისთვის ხელი არ დაგვიფარებია. სასჯელაღსრულებაში არათუ სისხლის სამართლებრივი, მისი დისციპლინური პასუხისმგებლობაც არ გამოკვეთილა, მაგრამ რას აკეთებდა მანამდე - ჩვენს კომპეტენციას სცილდება; თუ ვინმეს რაიმე საჩივარი აქვს, სხვა ორგანოები არსებობს და მათ უნდა მიმართონ. ჯერჯერობით არ გამიგია, რომ მის წინააღმდეგ საჩივარი შეეტანოთ.

- ანალოგიური ხმაური მოჰყვა ნუკრი ხუხუას დანიშვნას, მაგრამ ის თანამდებობაზე რჩება...

- ხუხუა ძალიან ძველი და გამოცდილი კადრია. სანამ მას დავნიშნავდი, გავიკითხე უფლებადამცველებთან. გელა ნიკოლეიშვილს, ნანა კაკაბაძეს და კიდევ რამდენიმე ადამიანს ვკითხე აზრი. მითხრეს, რომ ის გამოცდილი მუშაკია და მასზე უარყოფითი არაფერი სმენიათ. შევარდნაძის ეპოქის ტიპური კადრი იყო. იტყვიან, - კანონიერი ქურდები მართავდნენ ციხეს და ხუხუა იმ რეჟიმის ნაწილიაო. დიახ, ასე იყო, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრი იყო და მისი მინისტრობის დროსაც ქურდები მართავდნენ ციხეს, ასე რომ, სააკაშვილიც ამ სისტემით მართავდა - ხუხუა მაშინაც იქ იყო. იმის გამო, რომ ამ სისტემაში მუშაობდა, ადამიანის მოკვეთა არ შეიძლება. თუ გამოიკვეთება მისი სხვა დანაშაული, შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ. სულ არ მეშინია იმაზე პასუხის გაცემის, - რატომ იცვლის გადაწყვეტილებასო? დამისახელეთ ისეთი ადამიანი, რომელიც არ გაჰკარებია სისტემას და შეუძლია, შეცდომა არ დაუშვას და დავნიშნავ, - მაგრამ ასეთ ადამიანს ვერ ვნახავთ, ამიტომაც მუდმივად ვეძებთ კადრებს. თავიდან ზედმეტად სწრაფად იყო ნაბიჯები გადასადგმელი, ახლა ისე აღარ ვჩქარობთ, რადგან მთავარი ცვლილებები მოხდა. გასულ კვირას, გენინსპექციის დასკვნის საფუძველზე, 6 ადამიანი გავათავისუფლეთ: მათზე პატიმრებისა და ადვოკატებისგან შემოვიდა საჩივრები. 9 წელია, არც ერთი ადამიანი გენინსპექციის დასკვნის საფუძველზე არ გათავისუფლებულა. ამ სამსახურს ერთადერთი დავალება ჰქონდა - თუ თანამშრომელი 5 წუთით დაიგვიანებდა, კამერებით უნდა გაეკონტროლებინა და დაესაჯა!.. გენერალური ინსპექცია და საგამოძიებო დეპარტამენტი, რომელიც სამინისტროს შემადგენლობაში არსებობს, ადამიანის უფლებებისა და კანონის დაცვის ფუნქციებს იბრუნებს, - ისევე, როგორც ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის სამმართველო, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში არსებობდა და ახლა, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, მთავარი რგოლის ფუნქციას იბრუნებს.

- ყველაზე სასწრაფოდ რის შეცვლას აპირებთ?

- ზამთარი პრაქტიკულად, კარს მოგვადგა და არ გვაქვს "ადიელები". ტენდერის გამოცხადებასაც ვერ ვასწრებდით. 5000 ცალი თავდაცვის სამინისტრომ გვაჩუქა - მინდა, მადლობა ვუთხრა ირაკლი ალასანიას. ესეც არ არის საკმარისი, მაგრამ ამით პირველი საჭიროება მოგვეხსნა. მოსაგვარებელია კვების საკითხი. ხელშეკრულებები დადებულია თვის ბოლომდე... არ ვართ კმაყოფილი, მაგრამ ამ ეტაპზე ნაჩქარევ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ, რადგან შეიძლება, ამან სისტემის დემოლარიზება გამოიწვიოს. ნელ-ნელა ყველაფერი გაუმჯობესდება. უცებ ყველაფრის გაკეთება შეუძლებელია. როცა ვიღაცა პირს იკერავს და ამბობს, ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს და გარეთ უნდა გამიშვაო, უნდა იცოდეს - ვერ გავუშვებ, ძალიანაც რომ მინდოდეს, თუმცა ზოგჯერ ვიზიარებ, რომ ის ადამიანი გასაშვებია. მაგრამ ამას ექსპერტიზის ჩატარება სჭირდება, სასამართლომ დასკვნის საფუძველზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ამას გარკვეული დრო სჭირდება. ჩვენ შევადგინეთ უმძიმესი ავადმყოფების სია - ჩვენი შესწავლის საფუძველზე, 320 ადამიანია ასეთი; ახლა კიდევ უნდა მოხდეს ამ სიის გაცხრილვა და ვინც დარჩება, მათ მონაცემებს ექსპერტიზაზე გადავაგზავნით. ამ პროცესს ვერ დავაჩქარებ, ამიტომ, ვინც ამ მოთხოვნით შიმშილობენ, უბრალოდ თავიანთ ჯანმრთელობას ვნებენ. ყველაფერს დრო სჭირდება - თუნდაც იმას, როგორ გავაუმჯობესოთ მდგომარეობა ჯანდაცვის სფეროში. ამ დეპარტმენტს სათავეში ჩაუდგა მაია ლანდია - ძალიან გამოცდილი ადამიანი; ჯანდაცვის სისტემას კურირებს ჩემი მოადგილე, არჩილ თალაკვაძე. ძალიან კარგი მენეჯერი, პროფესიით ექიმი გახლავთ. სწორედ ამ ორი ადამიანის იმედი მაქვს, რომ ჯანდაცვის სისტემას "დაალაგებენ".

- აქაც მოგიწიათ დანიშნული კადრის შეცვლამ; ესეც ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო?

- იყო შეცდომა დაშვებული, როდესაც დეპარტამენტის თავმჯდომარის დანიშვნას ვჩქარობდით, მაგრამ ის დანიშნული არ ყოფილა - უბრალოდ, ინფორმაცია გავრცელდა. უარყოფითი რეაქცია რომ მოჰყვა, უარი ვთქვი მის დანიშვნაზე. დავით ასათიანი, რომელიც ადრე ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის სისტემას, სასწრაფოდ შესაცვლელი იყო. მასზე ძალიან ბევრი საჩივარი შემოვიდა... ფაქტია, ეს იყო სისტემა, სადაც უამრავი ადამიანი კვდებოდა იმის გამო, რომ მათ არ მკურნალობდნენ ან არასწორად მკურნალობდნენ და მათი სიცოცხლე არ აინტერესებდათ. ბოლო ორ თვეში გაათმაგდა წამლების მოხმარება. ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, - იმდენს ვაძლევდით, რამდენიც საჭირო იყო; ახლა, რეჟიმი რომ შეიცვალა, ექიმები უარს ვერ ეუბნებიან და აძლევენ იმდენს, რამდენსაც პატიმრები მოითხოვენო. განსაკუთრებით, დამამშვიდებელ წამლებს ითხოვენ... ეს სისტემაც დარეგულირდება. წელიწადში 150 ადამიანი რომ კვდებოდა, ნორმალური მკურნალობა რომ ყოფილიყო, არ მოკვდებოდნენ. გარდაცვლილების ძირითადი ასაკი 30-დან 50 წლამდეა!.. ბევრი ადამიანი ექვემდებარება გათავისუფლებას, მაგრამ შეიძლება, ვერ მოვახერხოთ, რადგან ყველაფერი ექსპერტიზის პასუხებზეა დამოკიდებული.

- გათავისუფლების სხვა გზაც ხომ არსებობს - ე.წ. "აქტიროვკა"; ამას რატომ არ იყენებთ?

- აქტირებაზე ავადმყოფებს ერთდროულად უშვებს ჩვენი და ჯანდაცვის სამინისტროს კომისია. ეს უფრო სწრაფი მეთოდია, მაგრამ არ ფუნქციონირებს - სააკაშვილის პერიოდში ისე დაიწურა იმ ადამიანების ჩამონათვალი, ვისაც აქტირება ეხებათ, რომ ფაქტობრივად, მხოლოდ ისეთებს შეეხო, ვისი დღეებიც დათვლილი იყო. ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა ჯანდაცვის სამინისტროსთან იმაზე, რომ ეს ჩამონათვალი შეიცვალოს და თუ პატიმრის სიცოცხლის გადარჩენა ციხის პირობებში ძნელია, ის გარეთ გავიდეს. ადამიანის სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია. როცა საბოლოო დასკვნამდე მივალთ, იმედია, ჯანდაცვის მინისტრი თავიდან გამოსცემს ამ აქტს და შესაბამისად, უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა იქნება შესაძლებელი.

- პატიმრების გათავისუფლების თემაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

- ციხეები ძალიან გადატვირთულია, რაც არ არის ნორმალური, მაგრამ ისიც საფიქრალია, რომ ამ გათავისუფლებამ დანაშაულის მატება არ გამოიწვიოს. ციხეების განტვირთვის ოთხი გზა არსებობს: ამნისტია, რომელსაც პარლამენტი აწესებს, პრეზიდენტის შეწყალება, პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლება და შეკრებითობის გაუქმება, რომელიც ასევე პარლამენტის გადასაწყვეტია. ამ ოთხიდან ყველაზე ეფექტიანი და საზოგადოებისთვის ნაკლებად სახიფათო - პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაა: კომისია ინდივიდუალურად სწავლობს თითოეულ საქმეს და შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას; შემდეგ რჩება კონტროლის საშუალებაც, პრობაციის სახით. ამნისტია აუცილებლად არის მისაღები, მაგრამ დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. კარგად არის მოსაფიქრებელი, რომელ მუხლებს უნდა შეეხოს, რომ რეციდივის საფრთხე არ გაჩნდეს. ყველაზე უკონტროლოა პრეზიდენტის შეწყალების მექანიზმი. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა, დაახლოებით 4000-ით შემცირდა ციხეების მოსახლეობა, ძირითადად - პრეზიდენტის შეწყალებების შედეგად. პრეზიდენტი ხშირ შემთხვევაში, არც შეწყალების კომისიას ეკითხება და არც საპატრიარქოს - პირდაპირ უშვებს იმათაც, ვისაც მძიმე კრიმინალი აქვს ჩადენილი... შეკრებითობის გაუქმება, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია: ყველა იმ ადამიანს, რომელსაც არაადეკვატურად მაღალი სასჯელი აქვს მისჯილი, შეუძლია მიმართოს სასამართლოს და სასამართლო ინდივიდუალურად გადაწყვეტს ამ საკითხს. პატიმრობიდან გათავისუფლების კიდევ ერთი გზა - პროკურატურაში განცხადების შეტანაა, სადაც სპეციალური დეპარტამენტი არასწორი განაჩენების გადახედვას მოახდენს.

- დიდი ხმაური მოჰყვა მე-7 დაწესებულებაში ბაჩო ახალაიას მოთავსებას. ხომ არ აპირებთ ე.წ. "მატროსოვის" ციხეში მის გადაყვანას, სადაც ყოფილი ძალოვნები იხდიან სასჯელს?

- შეიძლება, გადავიყვანოთ "მატროსოვზე", მაგრამ - არა იმ ხმაურის გამო, რომელიც ატყდა. მოვხსნი იმ კითხვებს, რომელიც არსებობს და შემდეგ გადავწყვეტთ, სად გადავიყვანოთ. ეს მხოლოდ ბაჩო ახალაიას როდი ეხება. ბოლო დროს სხვა მაღალჩინოსნებიც დააკავეს. ეს გვაიძულებს, ძალიან სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები. გავატარეთ ზედა დონეზე საკადრო ცვლილებები, მაგრამ ქვედა დონეზე ჯერ არ ვჩქარობდით. ახალი დაკავებებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, დაჩქარება მოგვიწევს: იქ არიან ადამიანები, რომელთა ურთიერთობა ახალ პატიმრებთან მიზანშეუწონელია. "მატროსოვზე" სწორედ ამ მოტივით არ მოვათავსეთ. მოხდება თანამშრომელთა გარკვეული გადაადგილებები დაწესებულებებს შორის, რომ არ იყოს არასწორი ურთიერთობები პატიმრებსა და ხელმძღვანელებს, მათ ყოფილ ზედამხედველებს შორის. ძალიან ბევრმა მისაყვედურა, - რატომ არის განსაკუთრებულ პირობებში ბაჩო ახალაიაო? ოთხკაციან საკანში მარტოა, აქვს ტელევიზორი, გვერდზე 2 თავისუფალი საკანი აქვს, არავისგან ზეწოლას არ განიცდის; დაცვა უმაღლეს დონეზეა. ულიმიტო შესვლის უფლება აქვს 51 ადამიანს - მონიტორინგის საბჭოს წევრებს. პარლამენტის თავმჯდომარემ ულიმიტოდ შესვლის უფლება მისცა აკაკი მინაშვილსაც, რომელსაც შეუძლია, ღამე გაათენოს მასთან ერთად და ამ ორი კვირის განმავლობაში სულ იქ იმყოფებოდეს - სწორედ ამას ნიშნავს 24-საათიანი ულიმიტო შესვლა. თუ უნდა, მასთან ერთად მოიხადოს ეს ორკვირიანი სასჯელი. ადვოკატებიც თავისუფლად შედიან. ერთი სიტყვით, მეტი კომფორტი ციხეში წარმოუდგენელია. ერთი სართულით ქვემოთ კანონიერი ქურდი რომ იხდის სასჯელს, ამის გამო მორალურ ზეწოლას თუ განიცდის, მაშინ როგორ ხელმძღვანელობდა ამხელა უწყებას და სამინისტროებს?!. თუ ეს არის პრობლემა, ამ პრობლემასაც მოვხსნით. მოვიქცევით ისე, როგორც საჭიროდ ჩავთვლით. ყველასთვის მოსაწონი სიტუაცია ის არის, როცა არავინ დანაშაულს არ სჩადის, ციხეში არავინ ზის და ყველა ყველას უღიმის, მაგრამ ცხოვრება ასეთი არ არის.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ