მერაბიშვილს გირგვლიანის ცოდვამ უწია?!

მერაბიშვილს გირგვლიანის ცოდვამ უწია?!

გასამდა!!! არა, ვანო მერაბიშვილი ყოფილი "კოლეგებისთვის" - ბაჩო ახალაიასა და ირაკლი ოქრუაშვილისთვის გვერდით ჯერ არ მიუსვამთ, მაგრამ მის შესახებ მასალები შსს-მ პროკურატურას უკვე გადაუგზავნა.

ისე, ძალიან საინტერესო ჯაჭვია – ირაკლი ოქრუაშვილი შს მინისტრის პოსტზე ვანო მერაბიშვილმა შეცვალა, მერაბიშვილი – ბაჩო ახალაიამ და სამივეს, რბილად რომ ვთქვათ, კანონთან პრობლემები აქვს.

შსს მერაბიშვილს ედავება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. კერძოდ, სამართალდამცველების ცნობით, 2006 წლის მარტში სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით უფლებამოსილება შეუწყდათ კუდ-ის უფროსს დათა ახალაიას და გენერალური ინსპექციის უფროსს ვასილ სანოძეს. თუმცა შსს-ს ინფორმაციით, ახალაიაც და სანოძეც არაფორმალურად ხელმძღვანელობდნენ ზემოხსენებულ სამსახურებს 2008 წლის აგვისტომდე, როდესაც მერაბიშვილმა უფლებამოსილება აღუდგინა.

ზემოხსენებული ამბავი სიურპრიზი ნამდვილად არ არის. 2006-2008 წლებში პრესაში არაერთხელ დაწერილა, რომ იგივე დათა ახალაია არა მხოლოდ ხელმძღვანელობდა კუდ-ს, არამედ დაკითხვებშიც მონაწილეობდა. თუმცა ასეთ სტატიებზე მაშინდელი ხელისუფლება ყურს არ იბერტყავდა.

საინტერესო თარიღია 2008 წლის აგვისტო, როდესაც მერაბიშვილს ახალაიასთვის და სანოძესთვის უფლებამოსილება აღუდგენია. შსს-ს განცხადებაში არ არის მითითებული კონკრეტული რიცხვი, თუმცა ვეჭვობთ, რომ ეს ომის შემდგომ დღეებში მოხდა, როდესაც ახალაიასთვის და სანოძისთვის არავის სცხელოდა.

"სახელმწიფოს ხერხემლად" მონათლულ ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების დაწყება ალბათ, ახალი ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. კერძოდ, ზემოხსენებული ეპიზოდი იძლევა საშუალებას, სურვილის შემთხვევაში "თვალი დახუჭო". თუმცა როგორც ჩანს, ახალმა მმართველმა ძალამ გადაწყვიტა, რომ პოლიტიკური ინდულიგენცია არავის ექნება. ეს ალბათ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ცუდი სიმპტომია. "ქართული ოცნება" კი მზად უნდა იყოს, რომ თუ მერაბიშვილი დააკავეს, დასავლეთის რეაქცია შესაძლოა, მათთვის მთლად სასიამოვნო არ იყოს. ამას აუცილებლად შეუწყობენ ხელს "ნაციონალების" ლობისტები, რომლებიც, როგორც ამბობენ, 1-ელი ოქტომბრის შემდეგ ამერიკაში და ევროპის დედაქალაქებში გაათმაგებული ძალებით მუშაობენ.

სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ერთგვარი სიმბოლო დაინახეს იმაში, რომ მერაბიშვილით სამართალდამცველების დაინტერესებაში ირიბად გირგვლიანის საქმე ფიგურირებს. "მერაბიშვილს გირგვლიანის ცოდვამ უწიაო", - მიიჩნევს ზოგიერთი "იუზერი".

სიმბოლოებზე ვერაფერს მოგახსენებთ, თუმცა გირგვლიანის საქმის გამოძიება უახლოეს მომავალში მართლად დაიწყება და შესაძლოა, 6 წლის წინ მომხდარი მკვლელობის ცოდვამ ყოფილ მაღალჩინოსანთა ფართო წრეს გვიან, მაგრამ მაინც უწიოს.

გიორგი კვიტაშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა