ჯონდი ბაღათურია: "დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილსაც გაასამართლებენ!"

ჯონდი ბაღათურია: "დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილსაც გაასამართლებენ!"

"ისტერიკა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დავალებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს აქვთ ატეხილი იმ ბოროტმოქმედების დაკავების გამო, შიშით არის განპირობებული, რომ ხვალ და ზეგ მათი ჯერიც დადგება, ამიტომ ახლა ახალაიას სიცოცხლის მოსპობით ყველაზე მეტად ყოფილი ხელისუფლება, განსაკუთრებით სააკაშვილი და მასთან დაახლოებული კადრები არიან დაინტერესებული, უნდათ, ის დროულად მოიშორონ, რათა მან არ გათქვას ისეთი დანაშაულები, რაც ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით", - ამბობს "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია.

-  ბატონო ჯონდი, რატომ აღარ ჩანდით? ჟურნალისტებს არ გვახსოვს თქვენი ამდენხნიანი პაუზა...

-  ზოგჯერ ადამიანის, პოლიტიკოსის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა მან პაუზა უნდა აიღოს. ჩემს შემთხვევაში ეს ობიექტური გარემოებებით იყო განპირობებული. ძალიან ბევრ საკითხზე გვქონდა სამუშაო, მათ შორის, შიდაორგანიზაციულ საკითხებს ვაგვარებდით... პოლიტიკაში მე ვარ ბუნებრივად და ჩემი აქტიურობა და პასიურობა პოლიტიკური ვითარებით განისაზღვრება. ჩემი ცხოვრება პოლიტიკური პროცესებს უკავშირდება, რადგან სხვანაირად არც შემიძლია და არც მაქვს უფლება. ეს არის ჩემი სამოქალაქო არჩევანი და ბრძოლა პირადი ღირსებისთვის. სხვებივით ინტრიგანობას პოლიტიკის კეთება მირჩევნია.

-  ბოლოდროინდელ პროცესებზე გკითხავთ. ყოფილი ხელისუფლების წევრების დაკავებას მათმა თანაგუნდელებმა რევანში უწოდეს, რომელიც ამჟამინდელ ხელისუფლებას ცუდად მოუბრუნდება. როგორია ამაზე თქვენი დამოკიდებულება?

-  ვერ დავეთანხმები სიტყვას - რევანში. პირიქით, ჯერჯერობით ძალიან ცოტა ადამიანია დაკავებული. საზოგადოებას ვთხოვ, სწორად გამიგოს, მე მართლმადიდებელი ადამიანი ვარ და არავის დაკავება არ მიხარია, არც შურისძიებას მივესალმები, მაგრამ როგორც პოლიტიკოსს, მიმაჩნია, რომ ეს სამართლიანობა თავისას ითხოვს. ადამიანები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, უნდა დაისაჯონ. თუ ისინი არ გასამართლდნენ, ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ვერ შევდგებით. უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ ვინც უნდა იყოს, ინტელიგენციის თუ სამეფო გვარის წარმომადგენელი, კანონი თუ დაარღვია, უნდა მიეზღოს. იმიტომ, რომ თუ თავის დროზე ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ახლა კი ოპოზიცი­ონერობას ცდილობენ, ალიბი არ უნდა იყოს... ვინ დაიჭირეს ჯერ, სულ ერთი კაცია დაჭერილი, ახალაიას გარდა, დანარჩენები მესამე და მეოთხეხარისხოვნები არიან. იმისთვის, რომ სამართალმა პური ჭამოს, აუცილებლად უნდა გასამართლდეს პრეზიდენტი. მისი თანხმობა რომ არა, ახალაია ვერაფერს გააკეთებდა. მასთან ერთად ყველა ის მაღალჩინოსანი უნდა გასამართლდეს, რომლებიც ძალადობდნენ. რა მნიშვნელობა აქვს, ცოცხით აწამეს თუ სხვანაირად, ისინი უნდა დაისაჯონ, რათა ერთხელ და სამუდამოდ, სახელმწიფოს დავემსგავსოთ.

-  პრეზიდენტის გასამართლება ახსენეთ, მაგრამ ის თავის მოვალეობას ასრულებს და ეს ალბათ არარეალურია...

-  მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილსაც გაასამართლებენ. ამის თქმის საფუძველს მაძლევს მისი დანაშაულებრივი წარსული... იმის მაგივრად, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ხმაჩაკმენდილი იყვნენ და სოროში იმალებოდნენ, საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ, თურმე ახალაია პატრიოტი და მისაბაძი პიროვნება ყოფილა. ცოტნე დადიანიც კი უწოდეს, რაც, უბრალოდ, ქართველი ხალხისა და ისტორიის დაცინვაა. ასეთი როყიო განცხადებები "ნაციონალებისა" და მათი მხარდამჭერების მხრიდან საკუთარი ტყავის გადარჩენას ემსახურება.

-  ეშინიათ, რომ მათი ჯერიც დადგება?

-  დიახ, ასეა და მათ უმეტესობას ახალაია კი არა, საკუთარი ოჯახი არ უყვარს. ამ ისტერიკული წივილ-კივილის მიღმა შიში იმალება და მათი გულწრფელი წუხილით კი არა, შიშით არის განპირობებული. მათ ეშინიათ, რომ ახალაიამ გამოძიებასთან თანამშრომლობის შემთხვევაში, ყველაფერი არ დაფქვას, ამ საქმეებს ჩემთან ერთად პრეზიდენტი და სხვა მაღალჩინოსნებიც აკეთებდნენო. ის ერთ-ერთია, ვინც ამათი ანატომია ყველაზე კარგად იცის და საკმაოდ გრძელი ჩამონათვალი ექნება, ვინ რა მიითვისა და ვინ როგორ უკვეთდა მკვლელობებს.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა