ყველა გახმაურებულ საქმეში, მათ შორის ჟვანიასა და გირგვლიანის საქმეებში, დასამალი არაფერი გვაქვს , - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა.
მისი თქმით, თუ ახალი ხელისუფლება გახმაურებული საქმეების გამოძიებას გადაწყვეტს, საზოგადოება დარწმუნდება, რომ მათი ეჭვი უსაფუძვლოა.
"ყველა გახმაურებულ საქმეში, ჩემი აზრით და ჩემი ინფორმაციით, ყველაფერი არის გარკვეული, ყველა დასკვნა არის დადებული. რა თქმა უნდა, ჩვენ როცა ხელისუფლებაში ვიყავით, დამაჯერებლობა ამ საქმეების სამართლიანად განხორციელებაზე საზოგადოების ეჭვს იწვევდა. დღეს მგონი დადგა დრო, რომ ახალმა ხელმძღვანელობამ ეს საქმეები ხელახლა გამოიძიოს და თუ საჭიროდ ჩათვლის, გამოაქვეყნოს მასალები. მე ვთვლი, რომ თქვენს მიერ ჩამოთვლილ საქმეებში და ნებისმიერ სხვა საქმეში ჩვენ არაფერი დასამალი არ გვაქვს და დღეს მაინც დარწმუნდება საზოგადოება იმაში, რომ ის ეჭვი, რომლებიც მათ გააჩნდათ, უსაფუძვლოა", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა "პოსტ სკრიპტუმში" სტუმრობისას.
ამასთან, მერაბიშვილი გამოეხმაურა ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში ჩამოსვლას და ბუტა რობაქიძის მკვლელობას, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას ირაკლი ოქრუაშვილი იკავებდა, დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ კი ის მერაბიშვილმა შეცვალა.
როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, მას არასდროს უთქვამს უარი მის პასუხისმგებლობაზე, თუ დანაშაულის ნიშნები იკვეთება. "ჩვენ ირაკლი ოქრუაშვილის ქმედებები ვერასდროს ვერ გამოვიცანით. მე არასოდეს უარი არ მითქვამს ჩემს პასუხისმგებლობაზე რობაქიძის საქმეში, თუ იქ რამე არის დაშავებული. მე ვარ პასუხისმგებელი მთელი ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდზე და ამიტომ, მოდი ნუ დავიწყებთ მკითხაობას, არაა მნიშვნელოვანი, ვინ ვის წინააღმდეგ მისცემს ჩვენებას, მთავარია ჭეშმარიტება და მე მზად ვარ, პასუხი გავცე ნებისმიერ შეკითხვას", - განაცხადა მერაბიშვილმა.