რას ყვებიან "ღუდუშაურის" კლინიკაში გარდაცვლილი ბადრაგის ოჯახის წევრები?!

რას ყვებიან "ღუდუშაურის" კლინიკაში გარდაცვლილი ბადრაგის ოჯახის წევრები?!

23 ნოემბერს, "ღუდუშაურის" კლინიკაში ბადრაგი ჯამბულ ხოშურაული გარდაიცვალა. იგი კლინიკაში გადაყვანილ რამდენიმე პატიმარს იცავდა, რომლებიც იქ მკურნალობის კურსს გადიოდნენ. რეალობაა ის, რომ პატიმრებს სამედიცინო პერსონალთან კონფლიქტი მოუხდათ, მერე როგორ განვითარდა მოვლენები, რა გახდა ხოშურაულის გარდაცვალების რეალური მიზეზი, ოჯახის წევრებმა არ იციან. ერთ-ერთი ვერსიით, იგი პატიმრების ფიზიკურ დაპირისპირებას ემსხვერპლა. თვითმხილველთა თქმით კი პატიმრების მხრიდან ადგილი ჰქონდა საავადმყოფოს ნეიროქირურგიული განყოფილების დარბევის მცდელობას. ოფიციალური ინფორმაციით, ბადრაგი პატიმრებს შორის ინციდენტის დროს გულის შეტევით არის გარდაცვლილი და მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა პატიმრებს არ მიუყენებიათ. ახლა კი ვნახოთ, რას ამბობენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები?

"ქრონიკა" სიტუაციის გასარკვევად გარდაცვლილის ოჯახში მივიდა.

მარინა ჟღენტი, გარდაცვლილის და:

- როგორც გვითხრეს, სამ პატიმარს ექიმისთვის წამალი მოუთხოვია, სავარაუდოდ დამამშვიდებელი. არადა, დამამშვიდებელი უკვე მიცემული ჰქონიათ და მედპერსონალს უთქვამს, მეტს ვეღარ მოგცემთო. ამას მოჰყოლია გინება და ერთი ამბავი. მთელი ღამე დარბოდნენ პატიმრები, იყო ერთი ალიაქოთი. ამ ბუნტის გამო კიდევ გამოუძახიათ ბადრაგი, მაგრამ პასუხისმგებლობა მაინც ჩემს ძმას ჰქონდა. გაგიჟებულ პატიმრებს დაუმსხვრევიათ შუშები, ექიმისკენ გაუწევიათ, ალბათ, რომ ეცემათ, ან რა ვიცი, უფრო უარესი გაეკეთებინათ მისთვის. ჩემი საწყალი ძმა ჩადგომია შუაში. იცით, რა ხდება? - კანონით, პატიმარს რომ ბორკილი დაადონ, ამის უფლება არ აქვთ და გაჯეჯილდნენ ეს პატიმრებიც. გასაგებია, რომ არ უნდა აწამო პატიმარი, დამამცირებლად არ უნდა მოექცე, ამის მომხრე არც ჩვენ ვართ, მაგრამ კრიმინალი ასე უნდა გააჯეჯილო?! ახლაღა უთქვამს სოზარ სუბარს, გავამკაცრებთ კანონსო, მაგრამ ჩემს უბედურ ძმას რაღა ეშველება?! ვერ დააწყნარეს, თურმე, პატიმრები. ერთ-ერთი ტუალეტში შეკეტილა და იქიდან იძახდა, მუცელს გამოვიშიგნავო. პატიმრების ბუნტის მიზეზი ისიც ყოფილა, რომ ტუბდისპანსერში გადასვლა არ სდომებიათ და "ღუდუშაურში" უნდოდათ დარჩენა... ჩემს ძმას უცებ უთქვამს, ცუდად ვარო და გადავარდნილა. ექთანს შეუშველებია ხელი, რომ დანარცხებულიყო იატაკზე. 45 წუთი ჰყავდათ აპარატზე შეერთებული, მაგრამ ამბობენ, მდგომარეობიდან ვეღარ გამოვიყვანეთო. რა მოხდა სინამდვილეში, მართლა არ ვიცი. 10 დღეში ექსპერტიზის პასუხი იქნება და, ალბათ, ამით მაინც გავარკვევთ რეალობას.

- იმასაც ამბობენ, პატიმრებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და გარდაცვალების მიზეზი ეს იყოო. თითქოს ფიზიკური ზეწოლის კვალი სხეულზეც ჰქონია და მართლა ასეა?

- თავშეხვეული მოასვენეს სახლში, მითხრეს, ექსპერტიზის გამოა ასეო. თუმცა სახლში გაუკეთეს ბალზამი. არასდროს გული არ სტკიებია და ახლა გულით როგორ მოკვდა, როგორ დავიჯერო, რომ ასე იყო, როგორ?! სიმართლე არ ვიცი და ეგეც მკლავს. მთელი ღამე გრძელდებოდა თურმე პატიმრების ეს დაპირისპირება და ჩემი საწყალი ძმა დილის ცხრის ნახევარზე უკვე აღარ იყო ცოცხალი... 6 ნოემბერს 50 წელი შეუსრულდა, ორი შვილი დატოვა ობლად...

ნელი ვარდიაშვილი

გაზეთი "კვირის ქრონიკა"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"