ოქრუაშვილის ვერდიქტი - მერაბიშვილი თუ ბოკერია?

ოქრუაშვილის ვერდიქტი - მერაბიშვილი თუ ბოკერია?

შესაძლოა საზოგადოების ყურადღება მალე კიდევ ერთმა გახმაურებულმა საქმემ მიიპყროს, რომელიც ციხის ბუნტის სახელით არის ცნობილი. ოფიციალური ინფორმაციით, ბუნტის ჩახშობისას დაიღუპა 7 პატიმარი, თუმცა, უფლებადამცველი ორგანიზაციების მტკიცებით, მსხვერპლი გაცილებით დიდი იყო. რა მოხდა 2006 წლის 27 მარტს, რატომ გახდა ეს თემა გასულ კვირას ისევ აქტუალური და რა ახალი დეტალები იკვეთება ე. წ. ციხის ბუნტის საქმეში? "კვირის პალიტრამ" სწორედ ამის გარკვევა სცადა.

რას იტყვის ოქრუაშვილი ციხის ბუნტის შესახებ?

გასულ კვირას ადვოკატმა ლალი აფციაურმა შსს-ს სკანდალური აუდიო და სატელეფონო საუბრების ჩანაწერების სრული ვარიანტი გადასცა, რომელიც თავის დროზე ყოფილი ე. წ. კანონიერი ქურდის, პლატონ მამარდაშვილისა და კუდ-ის მაღალჩინოსან "მასტერას" საუბრებს ასახავს. ადვოკატის თქმით, ჩანაწერები ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დანაშაულებრივ ქმედებებს ააშკარავებს. ადვოკატის ვარაუდით, ოქრუაშვილს ციხის ბუნტზეც საინტერესო ინფორმაციის მიწოდება შეუძლია.

ლალი აფციაური 2006 წლის 27 მარტის სისხლიან ღამეს იხსენებს: "იმხანად ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და მე-5 საპყრობილის შუა ვცხოვრობდი. ჩემი სახლი შედარებით მაღლობზე იყო და იქიდან ციხის საავადმყოფოც და მე-5 საპყრობილეც (რომელიც ამჟამად გაუქმებულია) კარგად მოჩანდა. იმ ღამეს ხმაურმა გამაღვიძა, - პატიმრები რკინის გისოსებზე კოვზებს და სხვა ნივთებს უკაკუნებდნენ, რასაც ციხეში ჯარის შეყვანა მოჰყვა.

- თუ არ ვცდები, იუსტიციის სამინისტროს შეიარაღებული სპეცრაზმი შეიყვანეს ციხეში.

- როგორც ვიცი, სპეცრაზმს მძიმე შეიარაღება არ ჰყავდა, მე კი საპყრობილესთან ტანკები და ბეტეერები ვნახე, იქვე სამხედროებიც იყვნენ. ჩემი თვალით დავინახე, საკნების გისოსებიდან როგორ გამოდიოდა მანათობელი ტყვიები. თავზარდამცემი სანახაობა იყო. ძლივს გავიაზრე, რომ საკნებში ესროდნენ პატიმრებს. არც კი მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი მე-5 საპყრობილესთან და ვღრიალებდი, მკვლელებო, მკვლელებო-მეთქი. სწორედ ამ დროს შერბოდნენ ციხის ტერიტორიაზე სამხედროები.

ჩემს ახლოს გაჩერდა საპატრულო პოლიციის მანქანაც და ვიღაცებმა ჩემი შიგ ჩასმა სცადეს. მაგრამ ამ დროს ტელეკამერების შუქმა მოგვანათა და თავი გამანებეს. ეს იყო სისხლიანი სპეცოპერაციის ღამე, რომლის დროსაც პატიმრები დაიღუპნენ და დღემდე არ არის ცნობილი მათი ზუსტი რაოდენობა. არადა, იმ დროს ტყეში უნებართვოდ ხის ტოტის მოტეხისთვის აპატიმრებდნენ ხალხს და ამ უმძიმესი დანაშაულის ჩამდენები არ დაუსჯიათ.

ჩემი ინფორმაციით, ბაჩო ახალაიას ერთ-ერთი მორიგი ახირების გამო მოეწყო ეს სპეცოპერაცია. თავი ვალდებულად ჩავთვალე, შსს-სთვის მიმეწოდებინა აუდიომასალა, სადაც დამნაშავეები თითქმის აღიარებენ დანაშაულს.

კუდ-ის მაშინდელი მაღალჩინოსანი "მასტერა" ასახელებს თანამდებობის პირთა სახელებსა და გვარებს, ლაპარაკობს მათ მონაწილეობაზე ამა თუ იმ დანაშაულში. ჩანაწერში ლაპარაკია დათა ახალაიაზეც, გირგვლიანის მკვლელებზეც, პროკურორ დავით ზვიადაძეზეც, რომელიც დღემდე მუშაობს პროკურატურაში, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის დაგეგმვაზეც (ჩანაწერის ეს ნაწილი თავის დროზე "დროების" მეშვეობით გახმაურდა), იმაზეც, რომ ციხეში ბუნტის მომწყობებს სინამდვილეში სააკაშვილი მფარველობდა.

როგორც "მასტერა" ამბობს, ჰქონდათ შიში იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნის გათვალისწინებით სააკაშვილი ვინმეს გაწირავდა და დასჯიდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ხელის დაფარების პოლიტიკა არჩია.

მართალია, ყოფილმა კანონიერმა ქურდმა პლატონ მამარდაშვილმა თავის დროზე მოახერხა "მასტერასთან" ამ საუბრების ჩაწერა და გამომზეურება, მაგრამ შემდეგ ზეწოლის გამო სასამართლო პროცესებზე განაცხადა, აუდიოჩანაწერებთან არავითარი კავშირი არ მაქვსო. მისმა ახლობლებმა მითხრეს, როგორ ავიწროებდნენ მამარდაშვილს. ვიცოდი, მოგვიანებით შეიძლებოდა ესეც უარეყოთ, ამიტომ ჩემს მეგობარ ჟურნალისტს ვთხოვე და მათი საუბარიც ფარულად ჩავწერეთ, რაც დღეს შსს-ს აქვს. მამარდაშვილზე ამჟამად არაფერი ვიცი, შესაძლოა, აღიარებითი ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ გაათავისუფლეს კიდეც.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ