"არ გამოვრიცხავ პროკურატურაში პრეზიდენტიც დაიბარონ"

"არ გამოვრიცხავ პროკურატურაში პრეზიდენტიც დაიბარონ"

ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ბოლოდროინდელ დაპატიმრებებს გარკვეული "ზედა ზღვარი" ექნებოდა და ყოფილი ხელისუფლების რამდენიმე ფიგურა პოლიტიკური ინდულგენციით ისარგებლებდა. თუმცა, როგორც ჩანს, საქართველოში ხელშეუხებლები აღარ არიან. სამართალდამცველები სახელმწიფოს ხერხემლით" - ვანო მერაბიშვილით დაინტერესდნენ. შსს მერაბიშვილს თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავება და მასალები პროკურატურას მიაწოდა. კერძოდ, შსს-ს ცნობით, 2006-2008 წლებში მერაბიშვილის მფარველობით დათა ახალაია და ვასილ სანოძე, რომლებსაც გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით უფლებამოსილება შეწყვეტილი ჰქონდათ, არაფორმალურად ხელმძღვანელობდნენ კუდ-ს და გენინსპექციას. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და შეივსება თუ არა გლდანის ციხე მორიგი ყოფილი შს მინისტრით. თუმცა, ფაქტია, თავად მერაბიშვილმა და "ნაციონალებმა" ბოლოდროინდელი განცხადებებით უკვე შეამზადეს ნიადაგი, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური ანგარიშსწორება უწოდონ. ექსპერტ გოგი ხუციშვილისთვის ვანო მერაბიშვილით სამართალდამცველების დაინტერესება მოულოდნელი იყო:

- მართლაც მოულოდნელი იყო სამართალდამცველების მერაბიშვილით დაინტერესება. მე ველოდი, რომ ჯერ გამოიძიებდნენ იმ საქმეებს, რომელთა შესახებაც ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობდნენ და შემდეგ დადგებოდა ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. თუმცა, როგორც ჩანს, ახალმა ხელისუფლებამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ სამართლებრივი სელექცია არ იყოს. რაკი მერაბიშვილთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურები დაიწყო, შესაძლოა, გამოძიება სხვა პირებითაც დაინტერესდეს. არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგი პრეზიდენტი იყოს.

პრინციპში, თუ სხვა ქვეყნებში შეიძლება, რომ სამართალდამცველებს კითხვები გაუჩნდეთ პრეზიდენტებთან, რატომ არ შეიძლება ეს საქართველოში? მაგალითად, უკრაინაში კუჩმა დაჰკითხეს, მაგრამ არ დაქცეულა ქვეყანა. თუმცა, ნუ ვიჩქარებთ და ნაადრევ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ. მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.

- გასულ კვირას პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას საკმაოდ საინტერესო განცხადებები გააკეთა. თქვენი აზრით, პრემიერის მთავარი გზავნილი რა იყო?

- ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრისას უპირველესად ადამიანური მომენტი დავინახე. პირდაპირ თქვა, რომ ბევრი რაღაც არ გამოდის, ბევრი რაღაც კი უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა. ამას ივანიშვილი არ მალავს. პირდაპირ ამბობს, რომ, მაგალითად, ტარიფების განახევრება, რასაც წინასაარჩევნოდ დაჰპირდნენ ხალხს, ვერ ხერხდება. კერძოდ, ბიუჯეტი სულ სხვა მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვიდრე "ქართულ ოცნებას" ეგონა და ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლება აცხადებდა. მივიჩნევ, რომ ივანიშვილის ამ ადამიანური მომენტიდან გამომდინარე, ხალხი ამ ყველაფერს გაგებით შეხვდება. სხვათა შორის, საქართველოში ჩამოდის ევროკომისარი ქეთრინ ეშტონი. გავრცელდა მისი განცხადებაც, რომელშიც საქართველოში განვითარებული მოვლენების თაობაზე იგივე პოზიციაა დაფიქსირებული, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონსა და ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე-მანუელ ბაროზოს ჰქონდათ. ევროპას კვლავ აწუხებს გამწვავებული დაპირისპირება უმცირესობასა და უმრავლესობას შორის. ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევროპაში ვიზიტისას ყველა კითხვას გავეცით პასუხიო. ეშტონმა კი ზემოხსენებული განცხადება რამდენიმე დღის წინ, ანუ ივანიშვილის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გააკეთა.

ამ განცხადებაში უკვე უკიდურესი შეშფოთება არ არის გამოთქმული, უფრო რბილად არის ნათქვამი, მაგრამ მაინც აღნიშნულია, რომ კითხვები ჯერ კიდევ აქვთ. ძალიან კარგია, რომ ეშტონი ჩამოდის, მაგრამ ევროკომისარმა რომ გაიგოს, რას ფიქრობს ხალხი, მხოლოდ უმცირესობასა და უმრავლესობას კი არა, საზოგადოებასაც უნდა შეხვდეს. ევროკომისარმა თუ სხვა მაღალი რანგის დასავლელმა დიპლომატმა ჩვენგან უნდა გაიგოს, რატომ არის საქართველოში დაპირისპირება. დასავლეთში ეს ხელოვნურად გამოწვეულად ეჩვენებათ.

- სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილი დასავლეთის ასეთ პოზიციას "ნაციონალების" ლობისტებს უკავშირებს.

- რა თქმა უნდა, ლობისტებიც აქტიურობენ. თუმცა, დასავლეთში ინფორმაციას იღებენ საელჩოებისა და სხვადასხვა მისიებისგანაც. ეს სურათი ლობისტების აღწერილ ვითარებას რომ ეწინააღმდეგებოდეს, ასეთ განცხადებებს არ გააკეთებდნენ. დასავლეთს სურს ეს გამწვავებული დაპირისპირება როგორმე შეარბილოს. საქართველოში არჩევნებში დამარცხებული ძალის მიერ გამარჯვებულისთვის ხელისუფლების ასე თუ ისე რბილად გადაცემა დასავლეთში ძალიან დადებითად აღიქვეს და სურთ, შემდგომი მოვლენებიც ასევე ხავერდოვნად განვითარდეს. თუმცა, ასე არ გამოდის. მაგალითად, არ შეიძლებოდა, ახალ ხელისუფლებას ბაჩო ახალაია არ დაეკავებინა და დასავლეთში არ ესმით, რატომ იყო ეს აუცილებელი.

- "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, როდესაც ახალმა ხელისუფლებამ შევარდნაძის მაღალჩინოსნების დაკავება დაიწყო, დასავლეთს ესმოდა ამის აუცილებლობა? თუ არ ვცდები, მაშინ აშშ და ევროპა დუმდნენ.

- მაშინ ნამდვილად არ იყო ასეთი განცხადებები და დასავლეთმა მიხეილ სააკაშვილს სრული კარტ-ბლანში მისცა. იმიტომ, რომ ცხრა წლის წინანდელი მოვლენები დასავლეთმა დიდ სახალხო რევოლუციად აღიქვა. არანაკლები მოვლენა მოხდა საქართველოში 1-ელ ოქტომბერს, როდესაც ხალხმა ხელისუფლებას - უნდობლობა, ოპოზიციას კი ნდობა გამოუცხადა. კარგი იქნება, თუ დასავლეთში ამ მოვლენას უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ. საქმე ის არის, რომ დასავლეთში სააკაშვილის ხელისუფლებას მაინც აფასებდნენ, როგორც ასე თუ ისე დემოკრატიის გზით მიმავალ ძალას, რომელსაც ჰქონდა შეცდომები, გადახვევები, მაგრამ ამას არ ჰქონდა სისტემური ხასიათი. როდესაც ციხის საშინელი კადრები გამოქვეყნდა, მაშინ ამერიკაში ვიყავი და საკმაოდ მაღალ დონეზე ვმართავდი შეხვედრებს როგორც სახელმწიფო მოხელეებთან, ისე სხვადასხვა პოლიტიკური წრის წარმომადგენლებთან. სულ მეკითხებოდნენ, ეს ციხის ამბები ეპიზოდური თუ სისტემური მოვლენააო. ვუხსნიდი, რომ ეს სისტემური მოვლენაა, მაგრამ მთლად არ სჯეროდათ. თუმცა, 1-ელ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა შესაბამისი დასკვნა გააკეთა და შემდეგ ამას უკვე სერიოზულად შეხედეს.

- დავუბრუნდეთ ტარიფების თემას. ივანიშვილის განცხადებას, რომ ტარიფების განახევრება არ ხერხდება, დიდი გამოხმაურება მოჰყვა და იმედგაცრუებაზე საუბარიც დაიწყო. საზოგადოების ეს "მოუთმენლობა" ხომ არ უბიძგებს ახალ ხელისუფლებას, რომ ტარიფების თაობაზე რადიკალური გადაწყვეტილებები მიიღოს?

- საზოგადოებაში მოუთმენლობა არის. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი სიდუხჭირეშია, რაც უფრო გამწვავდება ზამთარში, როდესაც მკვეთრად მოიმატებს კომუნალური გადასახადები. შესაბამისად, ხალხი ელის, თუ რას გააკეთებს ახალი ხელისუფლება. მაგრამ მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ და გვახსოვდეს, რომ ახალი მთავრობა სულ რამდენიმე თვეა მართავს ქვეყანას. ქალაქისა თუ ცენტრალურ ბიუჯეტში დიდი გარღვევების გამო, მას არ შეუძლია ზემოხსენებული პრობლემების უცბად გადაჭრა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა