ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით ორგანიზაციისა და აღმასრულებელი სტრუქტურების პოზიციები ერთმანეთს დაემთხვა.
როგორც ჩუგოშვილმა დღეს "პრაიმ-თაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამნისტიის შესახებ კანონპროექტის პირველადი პროექტი იცვლება და პარლამენტი მას იმ სახით, როგორითაც ამ ეტაპამდეა წარმოდგენილი პარლამენტში, არ მიიღებს.
თავად საია-ს კითხვები ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით ეხება კონკრეტული მუხლების შერჩევის პრინციპებს და ასევე იმას, თუ რამდენ პატიმარს შეეხება ამნისტია.
ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ პირვანდელი პროექტის თანახმად, ამნისტია საკმაოდ მასშტაბურია და რისკებს შეიცავს.
"ამნისტიის მიღებას მივესალმებით, მაგრამ ამავდროულად მივიჩნევთ, რომ საჭიროა, დაცული იყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოება. თავდაპირველად წარმოდგენილი პროექტი ეხება ყველა პატიმარს, ვისაც ნაკლებად მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი ან გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისთვის არის მსჯავრდებული. ასევე, ამნისტია ეხება ყველა პრობაციონერსა და სახელმწიფო კონტროლსა და კომუნიკაციას იხსნის ამ პირებთან მიმართებაში. ასევე პროექტში არის მთელი ჩამონათვალი მუხლებისა, რომელთა მიმართებაშიც გათვალისწინებულია სასჯელის განახევრება და განურჩევლად ყველა კატეგორიის მსჯავრდებულს უმესამედდება სასჯელი. ჩვენი პოზიციაა, რომ მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს სახელმწიფომ ამ მიმართულებით, რათა ეს არ აისახოს კრიმინალის ზრდაზე. საჭიროა რისკების აწონ-დაწონვა", - განაცხადა ჩუგოშვილმა, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით მათი ორგანიზაციისა და აღმასრულებელი სტრუქტურების პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა.
ამასთან, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი განხორციელდეს საქმეების ინდივიდუალურ რეჟიმში განხილვის გზით, სადაც ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს შესაბამისი კომისიები მიიღებენ.