თამარ ჩუგოშვილი - თუ პარლამენტი პოლიტპატიმართა საკითხს სერიოზულობით არ მოეკიდება, ეს ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად აისახება

თამარ ჩუგოშვილი - თუ პარლამენტი პოლიტპატიმართა საკითხს სერიოზულობით არ მოეკიდება, ეს ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად აისახება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, თუ პარლამენტი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა და დევნილთა საკითხს უფრო მეტი სერიოზულობით არ მოეკიდება, მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ქვეყნისთვის საერთაშორისო დონეზე შესაძლოა, უარყოფითი შედეგები მოიტანოს.

როგორც დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას ჩუგოშვილმა განაცხადა, პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა და დევნილთა სიაში წარმოდგენილ რიგ ადამიანებთან დაკავშირებით არსებობს კითხვები და ეჭვები, რაც საგარეო მიმართულებით ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად შეიძლება აისახოს.

მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკურ პატიმრებთან მიმართებაში საქმეების განხილვა პარლამენტსა და სამუშაო ჯგუფში ძალიან ზედაპირულად და უხარისხოდ მოხდა, რაც გახდა საია-ს მიერ ჯგუფის დატოვების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველი.

ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ სიაში წარმოდგენილი არიან ადამიანები, რომელთან დაკავშირებულ საქმეებსაც კომისია მეტი სიფრთხილით უნდა მოჰკიდებოდა.

"გამოჩნდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც რიგ პირთა პოლიტპატიმართა სიაში ყოფნას სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი შეხვდა ნანა კაკაბაძეს და ეკა ბესელიას და სთხოვა, რომ მოხდეს სიის გადახედვა, რადგან პირადად მას სერიოზული დაზიანება მიადგა. ამ ადამიანს ესროლეს, მიიღო ძალიან მძიმე დაზიანებები, ხოლო ის, ვინც ესროლა, არც ერთი დღე საპატიმრო დაწესებულებაში არ ყოფილა, მიმალვაში იყო და ახლა პოლიტდევნილთა სიაში მოხვდება", - განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრისას თამარ ჩუგოშვილმა.

გარდა ამისა, მისივე თქმით, "თუკი აპრიორი გადაწყვეტილი იყო, რომ პარლამენტი წარმოდგენილ სიას პირველივე სახით მიიღებდა, მაშინ საინტერესოა რატომ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი".

ჩუგოშვილის აზრით, ასეთ შემთხვევაში სჯობდა პარლამენტს პირდაპირ აეღო პასუხისმგებლობა და წარმოდგენილი სია სამუშაო ჯგუფში მონაწილე ორგანიზაციების გარეშე დაემტკიცებინა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა