მომავალ დღეებში სხვადასხვა "ძველი" მაღალჩინოსნების მიმართ ახალი საქმეები გაიხსნება, - ამის შესახებ "მაესტროს" პრესკლუბში სტუმრობისას იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, ერთ-ერთ მათგანში "მონაწილეობის მიღება მასაც მოუწევს".
ამასთან, წულუკიანის თქმით, დანაშაულის ჩამდენ არც ყოფილი და არც მოქმედი თანამდებობის პირებისთვის პოლიტიკაში ყოფნა იმუნიტეტი არ იქნება.
"წარსულში ან ამჟამად თანამდებობაზე მყოფი ადამიანი ვერ ისარგებლებს იმუნიტეტით მარტო იმიტომ, რომ იყო ან არის პოლიტიკაში. სირცხვილია, ყოფილი მაღალჩინოსანი კაცები წუწუნებდნენ იმაზე, რომ სისხლის სამართლებრივი წესით კითხვებს უსვამდნენ და იძახდნენ, რომ არ შევეხოთ, რადგან პოლიტიკაში იყვნენ. ეს არის ადამიანურად სირცხვილი, სამართლებრივად კი გაუმართლებელი. პოლიტიკაში ყოფნა არავისთვის არ იქნება იმუნიტეტი", - განაცხადა წულუკიანმა.
გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში დაკავებული არც ერთი მაღალჩინოსნის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ადგილი არ აქვს.
"რაც კი დღემდე გახმაურებული სისხლის სამართლებრივი დევნა მომხდარა, არც ერთ საქმეზე არ შეიძლება ითქვას, რომ განხორციელდა პოლიტიკური ნიშნით და მტკიცებულებების გარეშე. ერთადერთი საქმე, რომელზეც საზოგადოებისგან დაისვა სერიოზული კითხვის ნიშნები არის გუნავას დაკავება და ამ საკითხითაც იუსტიციის სამინისტროს გენინპსექცია უკვე დაინტერესდა. დანარჩენები, ყველა გამყარებულია იმ სტანდარტით, რომელიც საჭიროა წინასწარი გამოძიებისას", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.