წინასწარი ინფორმაციით, "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი 8 ათას პატიმარსა და 19 ათას პრობაციონერს შეეხება.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძემ სავარაუდო მონაცემები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა, სადაც კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. სხდომაზე მთავრობის წარმომადგენლებმა დეპუტატებს საკუთარი რეკომენდაციები და შენიშვნები გააცნეს.
გიორგაძის თქმით, იმის გამო, რომ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, არ არსებობს ზუსტი მონაცემი იმისა, თუ რამდენ ადამიანს შეეხება ამნისტია, თუმცა, პროექტის პირვანდელი ვერსიით, ამნისტია, სავარაუდოდ, შეეხება ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ 2 000 ადამიანს. გათავისუფლებას დაექვემდებარება იმ პატიმართა კატეგორია, რომლებიც გასამართლებული არიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, ამასთან, ჩადენილი აქვთ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული და ამნისტიის შედეგად მოეხსნებათ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის განკუთვნილი სასჯელი და ასეთი 1 000 პატიმარია.
მისივე ინფორმაციით, 3500 პატიმარს სასჯელი გაუნახევრდება და მათ საშუალება ექნებათ პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიას მიმართონ. ამნისტიის შედეგად, სასჯელის 1/3-ით შემცირების შემთხვევაში კი, პირობით ვადამდე გათავისუფლება 1500 ადამიანს შეეხება.
სხდომაზე სტატისტიკის წარდგენა საპარლამენტო უმცირესობამ კატეგორიულად მოითხოვა. კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ კი, ციფრების გამოყენებისას კოლეგებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.