კობა ბექაური: "ამ საქმეში განსაკუთრებით აქ­ტიურობდნენ კოდუები, საბოლოოდ კი ქონება მათი დედის, ლაურა ღაჭავას ხელში აღმოჩნდა"

კობა ბექაური: "ამ საქმეში განსაკუთრებით აქ­ტიურობდნენ კოდუები, საბოლოოდ კი ქონება მათი დედის, ლაურა ღაჭავას ხელში აღმოჩნდა"

26 ნოემბერს ტელეკომპანია "მაესტროს" დილის ეთერში ჟურნალისტ შალვა რამიშვილისა და ყოფილი დეპუტატის, კობა ბექაურის ერთ სტუდიაში დანახვა მაყურებლისთვის დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე სწორედ ამ ადამიანების სახელს უკავშირდება. 2005 წელს იმჟამად ტელეკომპანია "202"-ის დამფუძნებელი შალვა რამიშვილი პარტნიორ დავით კოხრეიძესთან ერთად სწორედ კობა ბექაურის წყალობით აღმოჩნდა ციხეში. მათ კობა ბექაურისთვის ფულის გამოძალვაში დასდეს ბრალი. რამიშვილისა და კოხრეიძის დაკავება ფარულად გადაღებული იმ ვიდეომასალის საფუძველზე მოხდა, რომელიც სამართალდამცველებს თვითონ კობა ბექაურმა მიაწოდა. დღეს კობა ბექაური ამბობს, რომ აიძულეს, ასე მოქცეულიყო...

- ყველაფერი, რაც მოხდა, დიდ ტვირთად მაწვა მხრებზე. ბოლოს და ბოლოს, როდისმე ხომ უნდა მეთქვა სიმართლე და გავთავისუფლებულიყავი ამ ტვირთისგან?! ამიტომაც გადავდგი ეს ნაბიჯი, მივედი შალვა რამიშვილთან, ხელი ჩამოვართვი და ყველაფერი ვთქვი.

- მოდით, ერთხელაც გაიხსენეთ, რა მოხდა 2005 წელს - ვინ და რატომ გაიძულათ ამ ნაბიჯის გადადგმა?

- როდესაც ჩემმა მეგობრებმა დაიწყეს საბაჟო ტერმინალის გაკეთება, იქ ჩემს ოჯახსაც ჰქონდა ფინანსური ინტერესი. აქვე უნდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი კეთდებოდა კრედიტით. მოხდა ისე, რომ იმჟამად სხვადასხვა გავლენიანმა ჯგუფმა მოინდომა ამ საქმეში შემოსვლა, რასაც შევეწინააღმდეგე. ერთ-ერთმა ჯგუფმა მაინც მოახერხა აღნიშნული ქონების დასაკუთრება. თუმცა მივყვეთ მოვლენების ქრონოლოგიას... მოკლედ, ამ ტერმინალის თაობაზე ფილმის გადაღება გადაწყვიტა ერთ-ერთმა სტუდიამ, რომელიც შალვა რამიშვილის ტელევიზიის კონტრაქტორი იყო. მე ვიცოდი, რომ ამ პროცესის პროვოცირებას ახდენდა ტერმინალის დასაკუთრებით დაინტრესებული ის ჯგუფი, რომლის ხელშიც საბოლოოდ ჩავარდა ეს ტერმინალი. ისინი ფილმის გადაღებას აფინანსებდნენ. საბოლოოდ ეს ფილმი ყველამ ნახა. არაფერი განსაკუთრებული იქ არ ყოფილა. უბრალოდ, არ მინდოდა ამ საქმეში გარევა, დიდი ბიზნესმენიც არ ვიყავი. იმჟამად იმას მიყენებდნენ ბრალდებად, რომ როგორც პარლამენტარს, ბიზნესი არ შეიძლებოდა მქონოდა, თუმცა იქ ჩემზე არაფერი ყოფილა გაფორმებული. ამ ამბიდან მალევე უკვე თვითონ მიხეილ სააკაშვილმა შეიყვანა ბიზნესმენები პარლამენტში და ხან კურორტებს აშენებინებდა, ხან ფილმების გადაღებას ავალებდა. მოკლედ, შალვა რამიშვილს რამდენჯერმე შევხვდი და ფილმის გადაღების შეჩერება ვთხოვე. იმხანად შალვასა და მისი ტელევიზიისადმი ხელისუფლებას დიდი ინტერესი ჰქონდა, უნდოდათ მისი გაჩერება. ნურავინ იტყვის, რომ 2005-2006 წლებში, როდესაც ვიდეოკამერების წინ აპატიმრებდნენ ადამიანებს, ვინმე ამისთვის წინააღმდეგობის გაწევას მოახერხებდა. როგორც ჩანს, შალვას უსმენდნენ და აქედან შეიტყვეს, რომ მასთან გარკვეული ურთიერთობა მქონდა, რის შემდეგაც გამომიძახეს კუდ-ში. ეს შეხვედრა დათა ახალაიას კაბინეტში შედგა ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და კიდევ ერთი პროკურორის თანდასწრებით. მითხრეს, რომ შალვასთვის ფული შემეთავაზებინა. მივხვდი, რაშიც იყო საქმე. ეს ჩემთვის ძალიან მძიმე გასაკეთებლი იყო, ამიტომაც თავდაპირველად წინააღმდეგობის გაწევა ვცადე, თუმცა ამას ზურაბ ადეიშვილის მხრიდან პირდაპირი მუქარა მოჰყვა: კარგად დაფიქრდი, ჩემთვის შენი დაპატიმრება პრობლემა არ იქნება, ოჯახი გყავს და მათზე იფიქრეო. მოკლედ, უკან დასახევი გზა აღარ მქონდა... ოჯახი კი, სადაც ფულის გადაცემა მოხდა, სანდოობის პრინციპით შეარჩიეს, ოღონდ იმ ადამიანმა საერთოდ არაფერი იცოდა.

- როგორც მახსოვს, ირმა სტეფნაძის ბინაში შეხვდით შა­ლვას?

- დიახ, მაგრამ ვიმეორებ, ირმამ ამის თაობაზე არაფერი იცოდა. არ ვარ ადეიშვილისნაირი ადამიანი, საკუთარი ინტერესის გამო ვინმე გავწირო.

- ამ ამბის შემდეგ ბევრს ეგონა, რომ თქვენს ბიზნესს ხელისუფლებამ სასათბურე პირობები შეუქმნა, თუმცა განაცხადეთ, საბაჟო ტერმინალის სხვის სახელზე გადაფორმება მომთხოვესო...

- რამდენჯერმე ჩაატარეს თათბირი ტერმინალის გაყიდვის თაობაზე ფინანსურ პოლიციაში, სადაც ორივე დაინტერესებული მხარე იყო წარმოდგენილი. ამ საქმეში თავიდანვე განსაკუთრებით აქტიურობდნენ ძმები კოდუები. საბოლოოდ ტერმინალის ერთი წილი მათი დედის, ლაურა ღაჭავას მფლობელობაში გადავიდა, მეორე კი, საკონტროლო პაკეტთან ერთად, საქართველოში დაბადებული და მოსკოვში მოღვაწე სომეხი ბიზნესმენის, არტიომ ოგანოვის ხელში აღმოჩნდა, რომელიც იმხანად ირაკლი ოქრუაშვილთან მეგობრობდა. ამის შემდეგ კი მოვლენები ასე განვითარდა: დაახლოებით ერთ თვეში ოქრუაშვილი დაიჭირეს, ფინანსური პოლიცია შევარდა ტერმინალში, გაიქცა ოგანოვიც და დაიხურა ეს ყველაფერი. დავრჩი ისე, რომ ჩემთვის არავის არაფერი გადაუხდია. ამის შემდეგ ეს ქონება მთლიანად ლაურა ღაჭავას ხელში აღმოჩნდა. თუ გაინტერესებთ, იმასაც გეტყვით, რომ ღაჭავამ იქ მგონი სამკერვალო ფაბრიკა გახსნა. მოგვიანებით მე ჩამოვიყვანე ებრაული კომპანია "აშტრომი", რომელმაც დაბალი ფასით მოიგო გზების სარეაბილიტაციო ტენდერი, მაგრამ ამ კომპანიას ადეიშვილმა პრობლემები მალე შეუქმნა და ისიც იძულებული შეიქნა საქართველოდან წასულიყო. მესამე საქმე, რომელიც ჩემს სახელთან ასოცირდებოდა, იყო ქალაქში პარკინგის პრობლემა, რომელზეც ჯერ კიდევ საკრებულოს დეპუტატობისას ვმუშაობდი. მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი ებრაულ მხარესთან, რომელსაც ტენდერში მონაწილეობა უნდა მიეღო, თუმცა ისე მოახერხეს, რომ ჩავიდნენ ისრაელში და ებრაელებს გამოუცხადეს, ბექაური საქმიდან წავიდაო. ბოლოს კი "სითიპარკის" ერთ-ერთ მთავარ მეწილედ მამუკა ახვლედიანი მოგვევლინა. ეს ამბავი თვითონ ებრაელებისგან ვიცი. მოკლედ, არანაირი ბიზნესი მე აღარ დამრჩა... მინდოდა, ამ ყველაფრისთვის ბოლოს და ბოლოს ფარდა ამეხადა.

- ელით, რომ ამ საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყება?

- გაჩნდა ახალი გარემოება და არ გამოვრიცხავ ძიების ხელახლა დაწყებას. არა მგონია ამის გამოძიებაში რაიმე სირთულე იყოს, რასაც ვყვები, ყველაფერი ისე მოხდა. რაც შეეხება ფულს, ის 30 000 დოლარი, შალვასთვის რომ უნდა გადამეცა, ვანო მერაბიშვილმა მოატანინა თავის ახლობელ ამირან მესხელს. ეს იყო ვანო მერაბიშვილის ფული. დარწმუნებული ვარ, ეს საქმე სააკაშვილის გარეშე არ დაიგეგმებოდა - სააკაშვილი ყველა საქმის კურსში იყო. პარლამენტიდანაც ისე გამომისტუმრეს, ჩემთვის არავის არაფერი უკითხავს. უფლებამოსილება რომ შეეწყვიტათ, განცხადება ხომ უნდა დამეწერა, მსგავსი არაფერი დამიწერია, მეტიც, საპროცედურო კომიტეტმა ამაზე ისე იმსჯელა, ჩემთვის არც დაუძახიათ.

- გიგი უგულავას რა როლი ჰქონდა ამ საქმეში?

- ფარული ჩანაწერი, რომელიც კუდ-ში მივიტანე, სწორედ გიგი უგულავას გადავეცი. იმხანად უგულავას ტელევიზიებზე ზედამხედველობა ჰქონდა დავალებული. როგორც ჩანს, ამიტომაც გამომართვა ეს ფირები, მერე სატელევიზიო სიუჟეტებად რომ მოემზადებინა და გაეშვა...

ჩემი ბოლო ნაბიჯის გამო ველოდი მწვავე კრიტიკასაც და მხარდაჭერასაც. ვინც ეს გადაწყვეტილება მოიწონა და გამიგო, უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ვერ გამიგო, ვერც იმათ დავემდურები, მაგრამ ვეტყვი, რომ 2005-2006 წლებში ძალიან რთული იყო სახელისუფლებო მანქანისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ხმაურის ატეხა, არიქა, შალვას დაჭერას აპირებენ და მე მიყენებენო!

- ამ ნაბიჯისგან პოლიტიკურ რეაბილიტაციასაც ხომ არ ელით და პოლიტიკაში დაბრუნებას ხომ არ გეგმავთ?

- არა, მაგ თემაზე საერთოდ არ ვფიქრობ. მხოლოდ მორალური რეაბილიტაცია მჭირდება, ოჯახი მყავს, შვილები მეზრდება... გაიარა ამდენმა წელმა და მინდოდა საზოგადოებას სიმართლე სც­ოდნოდა. სხვა მიზანი ჩემს ამ განცხადებას არ ჰქონია.

ესაუბრა ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა