უკანასკნელ ხანებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე პრესტიჟული ამერიკული გამოცემის, Washington Post-ის სარედაქციო საბჭომ კრიტიკული სტატია გამოაქვეყნა.
როგორც სტატიაში განმარტავენ, სარედაქციო საბჭოს წერილი უბრალო ანალიტიკისგან იმით განსხვავდება, რომ საკითხისადმი არა კონკრეტული ავტორის მიდგომას, არამედ გამოცემის ზოგად პოზიციას გამოხატავს.
Washington Post-ში მიიჩნევენ, რომ ახალმა მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა. ამასთან, სტატიაში განსაკუთრებულ ყურადღებას პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებაზე ამახვილებენ.
საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება და მმართველი პარტიის მიერ ძალაუფლების მშვიდობიანად დათმობა, ამერიკულ გამოცემაში დემოკრატიის იშვიათ ტრიუმფად არის მოხსენიებული, თუმცა აღნიშნავენ, რომ ამ გამარჯვებამ, სხვა ყველაფერთან ერთად, ერთი მნიშვნელოვანი საკითხიც წამოჭრა, კერძოდ: - შეძლებდა თუ არა შავი ზღვისპირეთის ეს პატარა ერი, გამხდარიყო პოლიტიკური პლურალიზმის მისაბაძი მოდელი რეგიონში, თუ უკრაინის ბედს გაიზიარებდა, სადაც ლიბერალური მთავრობის დამარცხებას ყოფილი ლიდერების დაპატიმრება და რუსული ტიპის ავტოკრატიისკენ მიბრუნება მოჰყვა.
სტატიის ავტორების აზრით, საუბედუროდ, ბიძინა ივანიშვილის მიერ მართულ ახალ რეჟიმს დიდი დრო არ დასჭირვებია ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად.
"ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველივე კვირებში, ახალმა მთავრობამ სისხლის სამართლის ბრალდებებით წინა ადმინისტრაციის 20-ზე მეტი თანამდებობის პირი დააკავა, მათ შორის - თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომლის საპრეზიდენტო ვადაც კიდევ ერთი წელია, ხელი შეუწყო ახალი მთავრობის ფორმირებას, ბატონმა ივანიშვილმა რამდენჯერმე მოითხოვა მისი თანამდებობიდან გადადგომა. ივანიშვილმა მიანიშნა, რომ სანამ ის არ გადადგება, გაგრძელდება სანქციების პოლიტიკა მისი თანაგუნდელების წინააღმდეგ. ახალმა საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ოფისს დაფინანსება ჩამოაჭრა და ოპოზიციის წევრებზე, მათ გადმოსაბირებლად, ზეწოლა მოახდინა. დაშინების პოლიტიკა ხორციელდება იმ მედიასაშუალებების მიმართ, რომელიც ყოფილ მთავრობას თანაუგრძნობდნენ", - ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში სკეპტიკურად უყურებენ ასევე საქართველოს მომავალს ევროინტეგრაციის კუთხით:
"ბატონმა ივანიშვილმა ქართველებს აღუთქვა, რომ გააგრძელებდა სააკაშვილის სტრატეგიას ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით. თუმცა, როგორც ჩანს, ნატო-ს, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მაღალჩინოსნების გაფრთხილებებმა, თავი შეეკავებინათ "კანონის უზენაესობის პრინციპის გადახვევით პოლიტიკური მტრების მიმართ ანგარიშსწორებისაგან", ჯერ არ გაჭრა. პირიქით, ივანიშვილის მომხრეები ცდილობენ, ახალი საქმეებიც აღძრან ყოფილი პრემიერის, დედაქალაქის, თბილისის მერის და სხვათა წინააღმდეგ.
საქართველოს ახალი მთავრობა აცხადებს, რომ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, დააყენონ ძველი მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც ხშირად იყო ეჭვმიტანილი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში და, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ზოგიერთი ყოფილი თანამდებობის პირი დამნაშავე აღმოჩნდეს. მაგრამ რამდენიმე აღძრულ საქმეში აქცენტი კეთდება შედარებით მცირე სამართალდარღვევებსა და საარჩევნო კამპანიის დროს ბინძური ხრიკების გამოყენების ბრალდებებზე. თუკი ივანიშვილი მართლაც სერიოზულად აპირებდა დასავლური მთავრობებისთვის ეჩვენებინა, რომ საქართველო ერთ-ერთი მათგანია, გვერდზე გადადებდა ასეთ შემთხვევებს და ფოკუსირებას მოახდენდა ქვეყნის მიმართ უცხოელი ინვესტორების ნდობის აღდგენაზე, ნდობისა, რომელიც მისი არჩევის მერე საგრძნობლად დაეცა", - წერენ Washington Post-ში.
ყურადღების მიღმა სტატიის ავტორებს არც პრემიერ-მინისტრის შეერთებულ შტატებში პირველი ოფიციალური ვიზიტის გადადება დარჩენიათ: "პრემიერად ქცეულმა მაგნატმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი შეერთებულ შტატებში გადაიდო, რაც კარგია. სანამ ის ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებას აგრძელებს და ძალაუფლების მონოპოლიზებას ცდილობს, საქართველოს ახალი ლიდერის ვიზიტი ვაშინგტონში მისასალმებელი არ უნდა იყოს", - ასკვნიან Washington Post -ში.