ქუთაისში, პარლამენტის შენობაში სიტუაციას სპეციალისტები სწავლობენ. საკანონმდებლო ორგანოს სამეცნიერო კვლევითი ფირმა "გამას" წარმომადგენლები დღეს ეწვივნენ და მათ შენობის ვიზუალური აუდიტი ჩაატარეს. ასევე, სპეციალისტებმა შეამოწმეს შენობის სენსიტიური უბნები და ხალხმრავალი ოთახები. მათ აიღეს ჰაერის სინჯები, გაზომეს ტემპერატურა, ტენიანობა, ჰაერის მოძრაობის სიჩქარე, აიღეს წყლის ნიმუშები და გაზომეს რადიაციის მაჩვენებელი.
"გამას" წარმომადგენლები პარლამენტის შენობაში აღებულ სინჯებს ლაბორატორიაში წაიღებენ, სადაც სინჯების შესწავლა დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მოხდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ფირმის პრეზიდენტმა ვახტანგ გვახარიამ განუცხადა, პარლამენტის შენობაში არსებული ვითარების შესახებ დასკვნა, სავარაუდოდ, მზად მომავალი კვირის ბოლოს იქნება და საკანონმდებლო ორგანოს გადაეცემა.
სპეციალისტებმა განსაკუთრებული ყურადღება იმ ოთახებზე გაამახვილეს, სადაც პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შეუძლოდ გახდომის ფაქტები ხშირი იყო.