"უკვე ყველამ ვნახეთ, რომ ახალი ხელისუფლება ნაყოფიერი შრომისთვის მზად არ აღმოჩნდა და აპირებს, საზოგადოება სანახაობრივი დაკავებების სერიით გამოკვებოს. რა გითხრათ, გული მწყდება, რომ ქართველმა ხალხმა ასეთი არჩევანი გააკეთა", - აცხადებს უმცირესობის წევრი ხათუნა ოჩიაური, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდგომ განხორციელებულ დაკავებებს რევანშისტულ ნაბიჯად აფასებს.
- გული ძალიან მტკივა, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობამ კოალიცია "ქართულ ოცნებას" მხარი იმ დაპირებების გამო დაუჭირა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა წინასაარჩევნოდ უხვად გასცეს. თუმცა, თანდათან ირკვევა, რომ ყველაფერი ასე ადვილად არ ხდება. პირდაპირ არ აღიარებენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხვდებიან, რომ ჩვენი პოლიტიკა სწორი იყო... საზოგადოება სულმოუთქმელად ელოდება მათი დაპირებების შესრულებას, რომლის კონკრეტული ვადა ჯერჯერობით არ სახელდება და ისეთი პირი უჩანს, რომ არც დასახელდება. ასეთი თემების გადაფარვას ხელისუფლება დაკავებების სერიით ცდილობს.
- რატომ? უკვე წარმოდგენილია პროექტიც და სამუშაო გეგმაც...
- რომელიც, მათივე თქმით, თანდათან შორს მიიწევს და არავინ იცის, მისი განხორციელება რეალურად როდის დაიწყება და რა სარგებლობას მოუტანს ხალხს. საზოგადოება ტარიფების შემცირებას, მიწის უფასოდ ხვნა-დამუშავებას და ბაზრამდე პროდუქციის უფასოდ მიტანას, ასევე ნავთობპროდუქტების გაიაფებას ელოდებოდა. მახსოვს, წინასაარჩევნოდ აცხადებდნენ, რომ ბენზინის ღირებულებიდან 40 თეთრი პირადად მიხეილ სააკაშვილის ჯიბეში მიდიოდა, თუ ასე იყო, საწვავი მინიმუმ 40 თეთრით მაინც უნდა გაიაფებულიყო, მაგრამ ეს ჯერ არ გვინახავს. ასე რომ, ჯერ საზოგადოებაში გარკვეული პიროვნებების მიმართ ნეგატიური ფონი შექმნეს, შემდეგ კი მათი დაკავებები დაიწყეს, რომ ხმაური აეტეხათ და ყურადღება გაეფანტათ. მტკიცებულებები კი მათ ხელშია, მაგრამ სხვა საკითხია, რამდენად სერიოზული და ნამდვილია ეს მტკიცებულებები.
- რომელი მიგაჩნიათ დაუჯერებლად?
- მაგალითად, ბაჩო ახალაიას დაკავების პირველი ეპიზოდი - ვაშლის გათლა და დანის ტარით ჯარისკაცისთვის თავზე ჩაკაკუნება... მაღალჩინოსანს ბრალად ედება უფლებამოსილების გადამეტება და თანამშრომლების გათავისუფლება. თან ამ დროს თითქოს ის ვაშლს თლიდა. როდესაც ადამიანს ძალაუფლება აქვს და ის ათავისუფლებს თავის ქვეშევრდომს, მას არანაირი მუქარა, მით უმეტეს, დანის ტრიალი არ სჭირდება. ვისაც ათავისუფლებენ, შეიძლება, იმას დასჭირდეს დანის ტრიალი და ემუქრებოდეს, არ მომხსნაო. ეს ელემენტარული ლოგიკაა. ასეთი მაღალი თანამდებობის პირი დააკავეს რამდენიმე ადამიანის საჩივრის გამო და ძიება დაამთავრეს ერთ დღეში. თუ ეს სამართლის ზეიმად შეფასდება, უბრალოდ, სათქმელი არაფერი მაქვს...
ძალიან უსუსური ბრალდებაა 19 ოფიცრის წელსზევით გაშიშვლებული სირბილი. არ ვიცი, ამაში რა არის დანაშაული. ეს არის ჯარის ჩვეულებრივი ცხოვრება.. ასევე ის ეპიზოდი, თითქოს სამი დღე ოფიცრები აბანოში გამოკეტეს, ჩემი აზრით, სინამდვილეს არ შეეფერება.
- რატომ?
- იმიტომ, რომ არ შეიძლება, თებერვალში შიშველმა, სამი დღე ცივ ოთახში იცხოვრო და არაფერი დაგემართოს, ჯანმრთელობა არ შეგერყას, ან ამის შესახებ არავინ გაიგოს. იუსტიციის მინისტრ წულუკიანის თქმით, ახალაია მონსტრი იყო, მაგრამ ოფიცრების აბანოში გამომწყვდევის გარდა, წამებისა და ადამიანების შეჭმის სხვა ფაქტები ჯერჯერობით ვერ ვნახეთ... სხვა საკითხია, ჯერ საზოგადოება არის თუ არა დაპირებების ტყვეობაში, - ამნისტიაც რომ სუბიექტურია, ამის არდანახვა, უბრალოდ, არ შეიძლება. შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი გაათავისუფლეს, სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარის ძმა გამოუშვეს, ლევან გაჩეჩილაძის შვილიც გირაოთი გამოვიდა. ასე რომ, ვხედავ სუბიექტივიზმს და ნება მომეცით, მტკიცებულებებსა და განცხადებებშიც შევიტანო ეჭვი, რომელსაც პროკურატურა ავრცელებს.
ლალი პაპასკირი
(გამოდის ორშაბათობით)