შპს "თბილსერვის ჯგუფში" გამოძიება ხელმძღვანელ პირთა მიერ ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და საბიუჯეტო სახსრების მითვისების ფაქტებზე მიმდინარეობს.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც პროცესის მიმდინარეობისა და გამოძიების დაწყების მიზეზებზეა საუბარი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმესთან დაკავშირებით 2012 წლის 27 ნოემბერს ორგანიზაციის ოფისიდან მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოღებულ იქნა დოკუმენტები, ასევე, მათ კუთვნილ სამ სასაწყობო ფართში მიმდინარეობს მატერიალური მარაგების ინვენტარიზაცია ისე, რომ ორგანიზაციის არც ერთი ობიექტი დალუქული არ არის და შპს "თბილსერვის ჯგუფის" წარმომადგენლებს თავისუფლად მუშაობის საშუალება აქვთ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს II სამმართველოში შპს "თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელების მიერ ყალბი საანგარიშგებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 2009 წლის 13 ივნისს დაიწყო (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით).
შპს "თბილსერვის ჯგუფი" 2006 წლის 18 დეკემბერს რეგისტრირებულია იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი # 67 და მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს დასუფთავებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დამფუძნებელი ქალაქ თბილისის მერიაა, დირექტორად 2010 წლის 22 ნოემბრამდე დაფიქსირებული იყო გიორგი ხუჭუა, ხოლო აღნიშნული თარიღიდან დღემდე - თორნიკე შიოლაშვილი.
შპს "თბილსერვის ჯგუფის" საბუღალტრო დოკუმენტაცია ამოღებულია მოსამართლის 2009 წლის 13 ივნისის ბრძანების საფუძველზე იურიდიული მისამართიდან, ხოლო გამომძიებლების მიერ 2009 წლის 15 ივნისს გამოტანილი დადგენილებების (გადაუდებელი აუცილებლობის გამო ამოღების ჩატარების შესახებ) საფუძველზე აღნიშნული ორგანიზაციის ფაქტობრივი ოფისებიდან.
2009 წლის 15 ივნისს გამომძიებლების დადგენილების საფუძველზე შპს "თბილსერვის ჯგუფში" დაინიშნა მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია, თუმცა 2 დღეში ინვენტარიზაცია შეწყდა და, შესაბამისად, არ შედგენილა ინვენტარიზაციის აქტი. ამოღებული დოკუმენტაცია ხელწერილის საფუძველზე დაუბრუნდა შპს "თბილსერვის ჯგუფის" წარმომადგენლებს.