"რაც ეშტონმა და რასმუსენმა თქვეს, მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ უპირველესად ჩვენი მოსახლეობის წინაშე ვართ პასუხისმგებელნი"

"რაც ეშტონმა და რასმუსენმა თქვეს, მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ უპირველესად ჩვენი მოსახლეობის წინაშე ვართ პასუხისმგებელნი"

ფრანგული პრესა აჭრელებულია ჩვენ მიერ არჩეული ხელისუფლების მწვავე კრიტიკით. ალბათ დროა, ამას მიეხედოს. "ნაცები" ამ საქმეს გულმოდგინედ ეკიდებიან. ახლახან ახალი ლობისტური ფირმა შექმნეს თუ დაიქირავეს. ამაზე, ცხადია, ჩვენს საელჩოს რეაქცია არ აქვს და არც ოფიციალურ თბილისს ატყობინებს შესაბამის ინფორმაციას. შეიძლება ვინმე ფიქრობს, რომ ეს უმნიშვნელოა, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის და ახალი მთავრობის დემოკრატიულობას ეჭვქვეშ აყენებს. იგივე ხდება ყველგან. სააკაშვილს ემსახურებიან ელჩები და ახალი თუ ძველი ლობისტები, ახალ ხელისუფლებას კი არავინ იცავს. უცხოურ პრესას ყურადღებას არ ვაქცევთ, ვითომც არ არსებობდეს, როცა "ნაცები" მთელ ენერგიას ამ მიმართულებით ხარჯავენ. რატომ არავინ უხსნის ივანიშვილს, რომ ძველი ელჩები სასწრაფოდ არიან მოსაშორებელი და უცხოეთში მისი პიროვნება და პოლიტიკაა წარმოსაჩენი? ეს უცოდინარობაა თუ დივერსია? - ეს კითხვა დასვა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა თავის გვერდზე "ფეისბუკში", გარდა ფრანგული პრესისა, კრიტიკული სტატიები ქვეყნდება სხვა უცხოურ გამოცემაში. მაგალითად, "ნიუ-იორკ თაიმსში" გამოქვეყნდა სტატია სათაურით: "სამართლიანობა და შურისძიება", რომელსაც ხელს აწერენ აშშ-ის ყოფილი ელჩები საქართველოში: უილიამ კორტნი და კენეტ იალოვიცი, აგრეთვე, ევროკავშირის ყოფილი ელჩი დენის კორბოი. სტატიაში ვკითხულობთ: "საქართველოში დემოკრატიული მონაპოვარი საფრთხის ქვეშ დააყენა მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მაღალჩინოსანთა დაპატიმრების ტალღამ."

გვესაუბრება ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე:

- თავიდანვე გავმიჯნოთ ერთმანეთისგან შემდეგი ორი საკითხი - ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი ინტეგრაცია და კანონის უზენაესობა და სამართლიანობა, რომლის განხორციელებასაც დავპირდით ჩვენს ამომრჩეველს ხელისუფლებაში მოსვლამდე და რომლის აღსრულებასაც ნელ-ნელა ვიწყებთ. არ მინდა, ვინმეს ადვოკატი ან ბრალმდებელი ვიყო, მაგრამ ის, რომ კანონის უზენაესობა არის მნიშვნელოვანი და საზოგადოებამ არაერთ უმნიშვნელოვანეს კითხვაზე უნდა მიიღოს პასუხი, ვფიქრობ, არავის აეჭვებს. ნამდვილად არ მსიამოვნებს, ვიღაცას ბორკილით რომ ვხედავ, მაგრამ სახელმწიფოებრივი მიდგომა ისეთ საკითხებთან, როგორიც ბაჩო ახალაიასა და სხვათა დაპატიმრება იყო, ამას მოითხოვს. რა დანაშაული ჩაიდინეს მათ სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე, ეს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ, მათ დანაშაულზე მე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ჩვენ რომ ეს საქმეები არ გამოვიძიოთ, ეს, უპირველესად, ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის იქნება ცუდი. დამნაშავე უნდა დაისაჯოს, არავის უნდა გაუჩნდეს იმის განცდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებივით მოიქცევა, დააშავებს, მაგრამ დანაშაული შერჩება. ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავება ჩვენი საშინაო დავალებაა, ეს არ არის იოლი გზა, ბევრი რამ გვაქვს მოსაგვარებელი, სავიზო თუ სავაჭრო ურთიერთობები, რომელზეც მიზანმიმართულად უნდა ვიმუშაოთ. გვაქვს ასევე ვალდებულებები, რომელთა შესრულებაზეც უნდა ვიზრუნოთ.

- მერე ასეთი კრიტიკული განწყობა ამ ურთიერთობას ხელს არ შეუშლის? გაგახსენებთ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ქეთრინ ეშტონის განცხადებას, რომ არ უნდა იყოს ანგარიშსწორება პოლიტიკური ნიშნით.

- ქალბატონ ეშტონამდე, გაცილებით კრიტიკული განცხადებები მოვისმინეთ ნატოს გენერალური მდივნისგან. ვაღიარებ, ეს არ იყო სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ მათი აზრის გაზიარებას. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე ვიქტორ დოლიძე იქნებოდა, ირაკლი სესიაშვილი თუ ვინმე სხვა, მაინც გაძნელდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" ძალისხმევასთან დაპირისპირება. სააკაშვილის ხელისუფლება წლების განმავლობაში და ახლაც დიდძალ თანხებს ხარჯავდა და ხარჯავს საკუთარი ინტერესების სანაცვლოდ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იმიჯის შესალახავად. ამისთვის კვლავაც არაერთი ლობისტური კომპანია მუშაობს.

- გამოდის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამაც უნდა იღონოს რამე დასავლელი პარტნიორებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად.

- გეთანხმებით, გაათმაგებული ძალის­ხმევით უნდა ვიმუშაოთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილმა ბრიუსელში ვიზიტისას ყველა კითხვას ამომწურავად გასცა პასუხი. შეუძლებელია ბაჩო ახალაიას პოლიტიკურ დევნაზე ვინმე ლაპარაკობდეს, თუმცა საბოლოო სიტყვას სასამართლო იტყვის. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკი სასაცილოა, მით უფრო, როდესაც ხედავ, რომ პარლამენტში სხედან: ლევან ბეჟაშვილი, გივი თარგამაძე, გოკა კოტეს ძე გაბაშვილი და ა.შ. ჩვენ ავიღეთ სამართლიანობის აღდგენის ვალდებულება და ასეც იქნება.

- დღეს არაერთი ადამიანი ამა თუ იმ ბრალდებას უყენებს წინა ხელისუფლების უმაღლეს პირებს, მათ შორის პრეზიდენტსაც, ისარგებლებს რამე გარანტიით მიხეილ სააკაშვილი?

- როგორ შეიძლება გარანტია ჰქონდეს იმას, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი? სააკაშვილს წლების განმავლობაში უზურპირებული ჰქონდა ძალაუფლება და ადამიანებისთვის განაჩენი ლამის საპარლამენტო ტრიბუნიდან გამოჰქონდა. დღეს ამას დამოუკიდებელი სასამართლო აღასრულებს. მივცეთ დრო სამართალდამცველ ორგანოებს, გაერკვნენ ყველაფერში, ყველაფერს ერთბაშად ვერ გამოიძიებენ. აბა, დაელაპარაკოს ვინმე გირგვლიანის მამას, ვაზაგაშვილის, რობაქიძისა თუ სერგო თეთრაძის ოჯახებს, აბა, იმათ ჰკითხეთ, სამართლიანობა უნდა აღდგეს თუ არა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რაც ეშტონმა და რასმუსენმა თქვეს, მაგრამ ჩვენ, უპირველესად, ჩვენი მოსახლეობის წინაშე ვართ პასუხისმგებელნი.

- ბიძინა ივანიშვილის აშშ-ში ვიზიტი უკვე მეორედ გადაიდო, ჯერ ამერიკაში წასვლას ევროპა არჩია, მერე კი თქვა, რომ საქართველოში აქვს საქმეები დასალაგებელი... ამგვარი დამოკიდებულება ქვეყნის ინტერესს ხომ არ დააზიანებს?

- არავითარ შემთხვევაში. ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი ბრიუსელში ნადვილად უმნიშვნელოვანესი იყო და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები. ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში მიდის საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, რომელიც ჰილარი კლინტონს შეხვდება და ივანიშვილის მომავალი ვიზიტის მოსამზადებელი სამუშაოც დაიწყება. ნებისმიერი უმაღლესი დონის ვიზიტს სერიოზული მომზადება სჭირდება. რაც შეეხება ვიზიტის გადადებას, არაფერი არ გადადებულა, რადგან ვიზიტის დრო არც ყოფილა დანიშნული. ბიძინა ივანიშვილი ამერიკაში, სავარაუდოდ, თებერვლის პირველ ნახევარში გაემგზავრება.­

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა