არჩილ კბილაშვილი - თუ ჟვანიას საქმეზე ოქრუაშვილის განცხადებას სამართლებრივი ღირებულება ექნება, მას პროკურატურა დაკითხავს

არჩილ კბილაშვილი - თუ ჟვანიას საქმეზე ოქრუაშვილის განცხადებას სამართლებრივი ღირებულება ექნება, მას პროკურატურა დაკითხავს

თუ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას სამართლებრივი ღირებულება ექნება, მას პროკურატურა აუცილებლად დაკითხავს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიების პროცესში დაიკითხება ყველა პირი, ვისაც კი შეიძლება რაიმე ფაქტობრივი მონაცემი გააჩნდეს.

"მე არ წამიკითხავს და არ მომისმენია ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, მაგრამ თუ მის ნათქვამს საქმისთვის სამართლებრივი ღირებულება ექნება, მას პროკურორი ამ საკითხზე აუცილებლად დაკითხავს და შესაბამისი მოქმედება ჩატარდება. სწორედ პროკურორი და გამოძიება შეაფასებს იმას, თუ რამდენად აქვს ამ განცხადებას სამართლებრივი ღირებულება. რაც ზედაპირზე ჩანს, ეს არა სამართლებრივი კატეგორიის განცხადება, არამედ ფსიქოემოციური დამოკიდებულების ამსახველია, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მისი მნიშვნელობა მართლაც იყოს სამართლებრივი. არ ვიცი, ამას შეაფასებენ ისინი, ვისაც ეს ეხება", - განაცხადა კბილაშვილმა.

ადვოკატ ირმა ჭკადუას ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვან დეტალს ამხელს.

როგორც ჭკადუამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ეპიზოდი, რომელიც შესაძლოა საქმის გამოძიებისას მნიშვნელოვან ჩვენებად იქცეს, ოქრუაშვილმა მასთან შეხვედრის დროს გაიხსენა.

"რამდენიმე დღის წინ მე და ლალი მორიშკინამ ციხეში ირაკლი ოქრუაშვილი მოვინახულეთ. მასთან ბევრ საკითხზე ვისაუბრე, მაგრამ განსაკუთრებით ჟვანიას გარდაცვალების საქმე მაინტერესებდა. ოქრუაშვილმა კონკრეტიზაციისგან თავი შეიკავა, მაგრამ ერთი ეპიზოდი გაიხსენა და მითხრა: "ჟვანიას გარდაცვალების ამბავი რომ გავიგე მიხეილ სააკაშვილთან მივედი, თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული, მეგონა ნერვიულობდა და ხმა არ ამომიღია, მაგრამ უცებ თავი ასწია და მითხრა: ეს რა ჭირი მოვიშორეთო". ოქრუაშვილის თქმით, ეს მისთვის შოკი იყო", - აცხადებს ირმა ჭკადუა.

ადვოკატის განმარტებით, ოქრუაშვილის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია, რომლითაც ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე მომუშავე გამომძიებლები უნდა დაინტერესდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ