საქართველოს პატრიარქის "მზიანი ღამე" - ღირსშესანიშნავი ეპიზოდები უნიკალური ფოტოებით

საქართველოს პატრიარქის "მზიანი ღამე" - ღირსშესანიშნავი ეპიზოდები უნიკალური ფოტოებით

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრების 35-ე და დაბადების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი 300-გვერდიანი ალბომის - "ილია II" პრეზენტაცია მოეწყო. ალბომი გაფორმებულია ილია ზემკოს, ზაზა მამულაშვილის, დავით კუკულაძისა და ცნობილი რუსი ფოტოხელოვანის, იური როსტის ფერადი და შავ-თეთრი ფოტოსურათებით. მისი ერთ-ერთი გამორჩეულად "ემოციური ნაწილი" კი თავად პატრიარქის ფერწერული ნამუშევრები და ხატწერა გახლავთ. უწმინდესი და უნეტარესი გაუხარებია ალბომის გამოცემას და მოსწონებია კიდეც.

ზაზა აბზიანიძე, მწერალი, პროფესორი, ალბომის რედაქტორი:

- პატრიარქმა თავის ცხოვრებას აღსაყდრებიდან მოყოლებული, მზიანი ღამე უწოდა. სწორედ ამ "მზიანი ღამის" - პატრიარქის ბიოგრაფიის ყველაზე ღირსშესანიშნავი ეპიზოდები არის ჩვენს ალბომში. მკითხველი იხილავს უნიკალურ ფოტომასალას, რომელიც სპეციალურად ამ გამოცემისათვის იყო შეძენილი და პირველად ქვეყნდება. ალბომში წაიკითხავთ პატრიარქის პირადი ბიოგრაფის, ქართული უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ სერგო ვარდოსანიძის მონოგრაფიის ფრაგმენტებს, რომელშიც ლაკონიურად აისახა ქართული ეკლესიის უახლესი ისტორიაც და ჩვენი პატრიარქის ცხოვრების გზაც. ამ მდიდარ ფოტომატიანეს ახლავს უწმინდესისა და უნეტარესის იშვიათად საინტერესო მოგონებები, რომელიც საგულდაგულოდ უნდა ჩაიკითხო და დაიმახსოვრო, რომ შემდეგ შენთვის ძალიან მძიმე წუთებში, როდესაც გზის გასაყარზე დადგები, ისევე, როგორც ახლა ჩვენი ქვეყანაა, მიუბრუნდე მის გამონათქვამებს და მის დაკვირვებას თავის ცხოვრებასა და საზოგადოდ - ცხოვრებაზეც. აუცილებლად მინდა, მკითხველს წარვუდგინო ამ წიგნის შემდგენელი და დიზაინერი, მხატვარი თეა ინწკირველი. თვითონ კი ყოველთვის ჩრდილში ამჯობინებს ყოფნას, მაგრამ თითქოს მართლაც მისი მხატვრული ნიჭის, გემოვნების, თუნდაც ორი - სამხატვრო და სასულიერო აკადემიების დამთავრების ერთობლიობა იყო საჭირო, რომ ასეთი ალბომი შექმნილიყო. მისი მარჯვენა ხელი იყო არქიტექტორი, დიზაინერი და ახლა უკვე პოპულარული მსახიობი თორნიკე გოგრიჭიანი, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ფოტოხელოვან ილია ზემკოს უნიკალური არქივის შეძენასა და დახარისხებაში.

თეა ინწკირველი, მხატვარი, დიზაინერი:

- განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა ბოლო 35-წლიანი პერიოდის პირველი ორი ათწლეულის ფოტომასალა. გავოცდით, როცა შევიტყვეთ, რომ თურმე ჩვენს პატრიარქს არა მარტო ლიტერატურული ბიოგრაფი ჰყავს ბატონი სერგოს სახით, არამედ ჰყავს ფოტობიოგრაფიც - ბატონი ილია ზემკო და დიდი მადლობა სწორედ მას ამ უნიკალური არქივისთვის. ბატონი ილია, როგორც ჩანს, ყველგან დაჰყვებოდა პატრიარქს და თითოეულ კადრს აფიქსირებდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ალბომი მხოლოდ ბიოგრაფიული კი არ ყოფილიყო, პარალელურად, ქართული ეკლესიის ცხოვრებაც გვეჩვენებინა - გარე ძალებისგან შევიწროებულმა ეკლესიამ როგორ იცვალა სახე და მოვიდა დღემდე, როგორ გამოვიდა სამზეოს. დევნილი და შევიწროებული ეკლესიის ცხოვრების ჩვენება ძალიან საინტერესოდ და სასწავლებლად მიმაჩნია მომავალი თაობებისთვის. რას განიცდიდნენ იმხანად ეკლესიის მსახურნი, როგორ სუნთქავდა და ცოცხლობდა რწმენა ქართველ ხალხში, როგორია თუნდაც მტკვარსა და არაგვზე ნათლისღების ან მეტეხის ტაძრის გახსნის ჩუმად გადაღებული კადრები... ფოტოებს საგანგებოდ არ დავურთეთ წარწერები და ალბომის ბოლოს გადავიტანეთ. ამით გვინდოდა, მნახველისთვის გამოსახულებას მოეხდინა შთაბეჭდილება, რადგან სწორედ ასე მიუახლოვდებოდა იმ ეპოქას, ვითარებას. უნდა "წაეკითხათ" ფოტო და არა - საარქივო წარწერა. მოცემულობას - რა, სად და როდის, დაინტერესებული ადამიანი ალბომის ბოლო გვერდებზეც ნახავს.

სერგო ვარდოსანიძე, "ქართული უნივერსიტეტის" რექტორი, პროფესორი:

- მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბრძანდება ის პიროვნება, რომელმაც სიცოცხლეშივე, რაც ძალიან რთულია საქართველოში, მოიპოვა საყოველთაო აღიარება, სიყვარული და პატივისცემა. ეს ალბომი უნიკალურია თავისი ფოტომასალით. მისმა ავტორებმა წლების წინ შიშისა და აკრძალვის პირობებში მოიპოვეს ამ ფოტოების გადაღების უფლება. ტექსტში გამოყენებულია თქვენი მონა მორჩილის მასალა მონოგრაფიიდან - "უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II". ამ ყველაფერს კი თავი დაადგა ერთმა უპრეტენზიო შემოქმედებითმა კოლექტივმა - გამომცემლობა "საოჯახო ბიბლიოთეკამ". მალე გამოვა სრულყოფილი მონოგრაფია მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის შესახებ და აგრეთვე - ქართველი მღვდელმთავრების ისტორია. ყველა ინტელექტუალური ქართველი ვალდებულია, თავისი წილი პასუხისმგებლობა, შრომა ჩადოს, რათა მთელ მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ ჩვენი პატრიარქი არის პიროვნება, რომელმაც საქართველოს ეკლესიის ისტორიაში მართლაც შეუძლებელი შეძლო. ერთ-ერთ საშობაო ეპისტოლეში პატრიარქი ბრძანებს: "სულიერება ცალკეულ მადლმოსილ პიროვნებათა წყალობით გადაეცემა ერს. ამ დროს ეს პიროვნებები, რომელთაც ერი თავისი წიაღიდან ამოიყვანს, თვითონ სანთელივით იწვიან და უნათებენ გზას ბნელეთიდან სინათლისაკენ ხალხს". მისი უწმინდესობა და უნეტარესობა 50 წელიწადია, როგორც მღვდელმთავარი და 35 წელიწადია, როგორც პატრიარქი, სანთელივით იწვის ქართველი ერის ინტერესებისათვის.

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"