ეკა ბერიძის ვაჟს განზრახ მკვლელობის მცდელობა მსუბუქი მუხლით შეუცვალეს

ეკა ბერიძის ვაჟს განზრახ მკვლელობის მცდელობა მსუბუქი მუხლით შეუცვალეს

ჟურნალისტ ეკა ბერიძის ვაჟი, ბექა ჯიბლაძე 2012 წლის აგვისტოდან განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით იძებნებოდა. მოულოდნელად, სოციალურ ქსელებში თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ დასმულ რიტორიკულ შეკითხვას, - "რატომ არ დააკავეს საზღვრის გადმოკვეთისთანავე ცნობილი ჟურნალისტის ვაჟიშვილი? ქვეყანაში შერჩევითი სამართალია?" - დიდი განხილვა მოჰყვა. როგორც გაირკვა, ქვეყნიდან გაქცეული ბექა ჯიბლაძე ცოტა ხნის წინ, საქართველოში მართლა დაბრუნდა.

ძალოვნებმა მის წინააღმდეგ საქმე თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი დანაშაულის შემდეგ აღძრეს და ბრალი ორი მუხლით წაუყენეს - განზრახ მკვლელობის მცდელობა და ჯგუფური ხულიგნობა. ჯიბლაძე ბარის თანამშრომლის, 24 წლის ბონდო ბაღაკაშვილის დაჭრაში ამხილეს. გამოძიების მტკიცებით, ინციდენტი შეზარხოშებულ ახალგაზრდებსა და რესტორნის თანამშრომლებს შორის მოხდა. მთვრალები იგინებოდნენ, სიტუაციის განმუხტვა თავად რესტორნის მენეჯერმა სცადა. მას ბიჭებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ემუქრებოდნენ და საქმე შეხლა-შემოხლამდე რომ მივიდა, რესტორნის მეორე თანამშრომელმა მოჩხუბრების გაშველება სცადა. სწორედ ამ დროს იგი დაჭრეს. დაზარალებული ამბობდა, რომ მას ჭრილობა ბასრი საგნით მიაყენეს და დანაშაულში ბექას ამხელდა.

საქმის აღძვრისთანავე ბექამ საქართველო დატოვა და მიიმალა. პროკურატურამ მისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. ძებნილ ბექა ჯიბლაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს და ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიაში შეიყვანეს.

ქვეყანაში განვითარებულმა ცვლილებებმა ბექა ჯიბლაძის წისქვილზე დაასხა წყალი. პროკურატურა ძებნილისა და მისი მეგობრის მიმართ ლოიალური გახდა. თავის დროზე საქმე მარტო ჯიბლაძის წინააღმდეგ არ აღძრულა, მასთან ერთად თარხან გასვიანიც დაადანაშაულეს, თუმცა მას შედარებით მსუბუქი ბრალდება - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფური ხულიგნობა ჰქონდა წარდგენილი.

16 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ესებუამ ბექა ჯიბლაძისა და თარხან გასვიანის საქმე განიხილა. პროკურატურამ სასამართლო სხდომაზე ჯიბლაძისთვის წაყენებული ბრალის შეცვლა მოითხოვა და განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებით შეიცვალა. ძალაში დარჩა მეორე მუხლი, - ხულიგნობა. გასვიანსაც ბრალი ხულიგნობაში წაუყენეს. ვარდების რევოლუციის შემდეგ, მსგავსი ფაქტები მართლაც იშვიათია. ალბათ ძნელი მოსაძებნია შემთხვევა, როცა პროკურატურამ პირს ბრალი შეუმსუბუქა. ბექა ჯიბლაძის ინტერესს ადვოკატი მზევინარ ანსიანი იცავს. როგორც შევიტყვეთ, სასამართლო პროცესს თავად ძებნილი ჯიბლაძე არ დასწრებია. ადვოკატმა მისთვის პატიმრობის პირადი თავდებობით შეცვლა მოითხოვა. ჟურნალისტის ვაჟის პირადი თავდებობა დათო ტურაშვილმა, ალეკო ელისაშვილმა და გოგა ხაინდრავამ იტვირთეს. ისინი სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ. უპრეცედენტოა სასამართლოს გადაწყვეტილებაც. იმის მიუხედავად, რომ ბრალდებული პროცესზე არ იყო და მეტიც - ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა, სასამართლომ მათი მოთხოვნა გაიზიარა და ბექა ჯიბლაძეს პატიმრობა პირადი თავდებობით შეუცვალა. ხოლო მის მეგობარს, თარხან გასვიანს 2.000-ლარიანი გირაო შეეფარდა. როგორც ჩანს, ბრალდებულის ოჯახი ბოლომდე არ ენდობოდა სასამართლოს, მოვლენებს წინ არ გაუსწრეს. ბრალდებული უფრო ადრე რომ ჩამოსულიყო, როგორც ირაკლი ოქრუაშვილს დაადეს ხელბორკილები აეროპორტში, მასაც ანალოგიურად დააკავებდნენ. ჩვენ შევეცადეთ, უფრო მეტი ინფორმაცია მოგვეპოვებინა ამ ფაქტის ირგვლივ თავად ეკა ბერიძისგან, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ამ საკითხზე ჟურნალისტის პოზიცია ცნობილია. მას მიაჩნია, რომ მაშინდელმა პროკურატურამ მის ვაჟს მუხლი სპეციალურად დაუმძიმა და მსუბუქ დაზიანებას განზრახ მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაცია მიანიჭა. ბრალდებულის მხარის მტკიცებით, დაზარალებულს საავადმყოფოში ერთი დღეც არ გაუტარებია და ექსპერტიზის დასკვნაშიც გარკვევით წერია, რომ დაზარალებულს მსუბუქი დაზიანება ჰქონდა მიყენებული.

დეტალებზე განმარტება ბრალდებულ ბექა ჯიბლაძის ადვოკატს, მზევინარ ანსიანს ვთხოვეთ.

- მზევინარ, რა გახდა ამ საქმეში კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი?

- გამოძიება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას დაეყრდნო და სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მოხდა კვალიფიკაციის შეცვლა. დასკვნაში გარკვევით წერია, რომ ბადრი ბაღაკაშვილს მიყენებული აქვს მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. შესაბამისად დგინდება, რომ ბექა ჯიბლაძეს არ ჰქონია განზრახ მკვლელობის მცდელობა. აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას ახალი ხელისუფლების პირობებში მივაღწიეთ, მაგრამ არა იქიდან გამომდინარე, რომ ახალი ხელისუფლებაა. უბრალოდ, ამ დროში მივიღეთ ექსპერტიზის დასკვნა.

- როგორც წესი, ძალიან იშვიათად ცვლის პროკურატურა ბრალს, ამას რა გზით მიაღწიეთ?

- ჯიბლაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლამ აჟიოტაჟი გამოიწვია, მაგრამ როცა საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობით აღძრეს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ზუსტად მაშინ იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება იქიდან გამომდინარე, რომ ის ეკა ბერიძის შვილია. პროკურატურამ მაშინ გადაწყვიტა იგი მძიმედ დაესაჯა. ეს ინციდენტი აგვისტოში მოხდა. ჩვეულებრივი ინციდენტი იყო, ახალგაზრდები რესტორანში იმყოფებოდნენ და მოხდა ჩხუბი, მაგრამ ვინაიდან ბექა ეკას შვილია, მისი მკაცრად დასჯა გადაწყდა. სრულიად სამართლიანი გადაწყვეტილებაა ბრალის შეცვლა.

- რაც შეეხება ხულიგნობას, ამ ნაწილში ბრალი უცვლელი დარჩა?

- ხულიგნობაში, ანუ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ადანაშაულებენ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ. ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა. ის მარტო არ არის, მასთან ერთად ბრალი აქვს წარდგენილი გასვიანსაც, ამიტომ ჯგუფური ხულიგნობა გამოდის.

- სასამართლო პროცესებს დაესწრება ბექა ჯიბლაძე?

- ამის სურვილი თავად გამოთქვა და ამიტომ ჩამოვიდა საქართველოში. პროცესებზე გამოცხადდება.

- როგორც შევიტყვეთ, ის გოგა ხაინდრავას, ალეკო ელისაშვილისა და დათო ტურაშვილის პირადი თავდებობით გაათავისუფლეს.

- ისინი პროცესს ესწრებოდნენ. როგორც ჩვენ, ასევე მათ, სასამართლომ განუმარტა, რომ ისინი პასუხს აგებენ იმ შემთხვევაში, თუ ჯიბლაძე არ ითანამშრომლებს სასამართლოსთან. მათ სრულიად გაცნობიერებული აქვთ ეს პასუხისმგებლობა. განაცხადეს, რომ ისინი უზრუნველყოფენ ჯიბლაძის გამოცხადებას სამართალდამცავ ორგანოებში. არ იყო იმის საშიშროება, რომ იგი გამოძიებას დაემალება. აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა. პატიმრობის შეცვლის მოთხოვნას მხარი პროკურატურამაც დაუჭირა.

- დამეთანხმეთ, მართლა იშვიათია, როცა ადამიანი ინტერპოლის მიერ იძებნება, ის საქართველოში არ არის და სამი ადამიანის პირადი თავდებობის ქვეშ უცვლიან პატიმრობას. ამას როგორ ხსნით?

- ესეც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარეა. სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდება აქვს წარდგენილი და არა ის, რასაც ადრე ედავებოდნენ. საერთოდ არ იცნობდა დაზარალებულს და გაუგებარია, რატომ უნდა ჰქონოდა მისი მკვლელობის განზრახვა.

- თავად დაზარალებულის პოზიცია თქვენთვის ცნობილია?

- მგონი ის არ აპროტესტებს. სასამართლო პროცესზე დაზარალებული დაიკითხება და გავიგებთ მის პოზიციას.

- ძებნილი ბექა ჯიბლაძე თავს რომელ ქვეყანას აფარებდა?

- ბექა ჯიბლაძე ბელორუსიაში იყო და სხვათა შორის, იქაურ ციხეში 2 თვე გაატარა. მისი დაკავების მიზეზი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რაიმე სერიოზული რომ ყოფილიყო, იქიდან არ გამოუშვებდნენ. იგი დაესწრება სასამართლო პროცესებს და თუ არ გამოცხადდება, მისი თავდები პირები აუცილებლად აგებენ პასუხს. მერწმუნეთ, ამის საშიშროება არ გვაქვს.

აღნიშნული საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 დეკემბერს გაიმართება. საქმის დეტალები სასამართლოზე გამოჩნდება და ისიც გაირკვევა, თავად რა პოზიცია აქვს დაზარალებულს.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ