საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრ ხათუნა გაგნიძეს მსჯავრდებული გია ალავიძე წერილით მიმართავს

საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრ ხათუნა გაგნიძეს მსჯავრდებული გია ალავიძე წერილით მიმართავს

საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრს, საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" თანამშრომელს, ხათუნა გაგნიძეს სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული გია ალავიძე წერილით მიმართავს.

პატიმარი თავს უკანონო მსჯავრდებულებად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ადვოკატი არ ჰყავს, რის გამოც საქმის გარემოებას მონიტორინგის ჯგუფის წევრს უხსნის.

"2009 წლის 12 აგვისტოს შსს-ის კონსტიტუციური დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დამაკავეს, თითქოსდა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების გამო, რაც არ დადგინდა. სამართლებრივად რომ არ ჩავუღრმავდეთ უკანონო ქმედებებს, მოკლედ მოგახსენებთ, რომ 2010 წელს საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილით უკანონოდ მომისაჯა თავისუფლების 20 წლით აღკვეთა", - ნათქვამია გია ალავიძის წერილში.

ამასთან, პატიმარი მისი დაკავების ფაქტობრივ გარემოებაზეც საუბრობს და აღნიშნულის რეალურ მიზეზად 2009 წლის გაზაფხულის აქციებში მონაწილეობას უკავშირებს.

"2009 წლის აპრილი-მაისის პერიოდში მონაწილეობას ვიღებდი საპროტესტო აქციებში, ხოლო 2009 წლის 25 მაისს ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერით, გადაცემა "პროფესია ჟურნალისტში" გავიდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებული პირების, ყოფილი მაღალჩინოსნების - შსს კუდის დეპარტამენტის თანამშრომლების გ.ალანიას, ა. აფციაურის, ა.ღაჭავას, მ.ბიბილურის კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ სასჯელის მოხდის პერიოდში, სადაც აღნიშნული კადრები მოვიპოვე და გადავეცი ჟურნალისტ ნათია მიქიაშვილს. აღნიშნულ გადაცემაში მივიღე რესპონდენტად მონაწილეობა. გადაცემის გასვლამდე ერთი დღით ადრე, 24 მაისს ტელეკომპანიის ეზოში, ფოთის ქუჩაზე მოხდა აფეთქების ფაქტი, რომელზეც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. აღძრული საქმის ირგვლივ მივმართავდი, როგორც წინა მთავარ პროკურორს, ისე ახალ მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს, რომ დავკითხულიყავი. ასევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის დადგენილებით მივმართე პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს და მასთან არსებულ კომისიას, რომ განესაზღვრათ შესაბამისი პოლიტიკური სტატუსი, ან შეესწავლა ჩემი განცხადება, თუმცა არანაირი რეაგირება ამას არ მოჰყოლია. აღნიშნული კომისიის მიერ საქმეების შესწავლის ვადა იწურება 3 დეკემბერს", - ნათქვამია წერილში.

პატიმარი გია ალავიძე მონიტორინგის ჯგუფის წევრს მასთან შეხვედრას თხოვს და წერს, რომ სურს, ხათუნა გაგნიძე მის სოციალურ პირობებს გაეცნოს.

ამასთან, მსჯავრდებულის ინფორმაციით, მის საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გასაჩივრებული ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლების დარღვევა), სადაც ევროპულმა სასამართლომ საქმეს მიანიჭა N45652/11 - გია ალავიძე საქართველოს წინააღმდეგ.

მონიტორინგის ჯგუფის წევრი ხათუნა გაგნიძე პატიმარ გია ალავიძეს უახლოეს ხანში შეხვდება.

პატიმრის წერილი "ინტერპრესნიუსის" რედაქციამ ფოსტით მიიღო და დადასტურებულია N9 დაწესებულების დირექტორის მიერ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ