ირაკლი ღარიბაშვილი: "ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი მონაპოვარი ჩემი ოჯახია"

ირაკლი ღარიბაშვილი: "ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი მონაპოვარი ჩემი ოჯახია"

ირაკლი ღარიბაშვილთან ინტერვიუზე დათქმულ დროს მივედი. ჩემი ხანგრძლივი ჟურნალისტური საქმიანობის მიუხედავად, შუშებიან შინაგან საქმეთა სამინისტროში პირველად ვარ. "ნაციონალური მოძრაობის" ცხრაწლიანი მმართველობის განმავლობაში, დიდი მცდელობის მიუხედავად, წინამორბედ შს მინისტრთან შეხვედრა ვერ მოვახერხე.

შუშებიანი სამინისტროს გრანდიოზული დარბაზები უსიამოვნო განცდას მიჩენს, შენობა, მიუხედავად იმისა, რომ შიგ ადამიანები დადიან, ერთ დიდ სიცარიელეს მაგონებს. თუმცა, 30 წლის მინისტრის მასპინძლობის მანერა მახალისებს და იმ უსიამოვნო განცდას ცოტათი მიქარწყლებს, რაც შუშებიან შს სამინისტროში ფეხის შედგმისთანავე გამიჩნდა.

- სად დავსხდეთ? - მეკითხება ირაკლი ღარიბაშვილი, - აქ თუ აქ? სადაც კომფორტულად იგრძნობთ თავს. ყავა თუ ჩაი?

- გმადლობთ, ინტერვიუ მირჩევნია.

ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ადამიანის ცხოვრებაში, და ქვეყნის წარმატებაშიც, კარგი და მოსიყვარულე ოჯახი მთავარი ფასეულობაა, ამიტომ ირაკლი ღარიბაშვილთან ინტერვიუ ოჯახზე საუბრით დავიწყე.

- რაც ზრდასრულ ასაკში შევედი, ნამდვილ ფასეულობებზე დავიწყე ფიქრი და გავაცნობიერე ოჯახის ფასი და მისი ღირებულება, მიზნად დავისახე, რომ უპირველესად მყარ ოჯახს შევქმნიდი. ყოველთვის მინდოდა ძალიან შეკრული ოჯახი მქონოდა. ასეთ ოჯახში გავიზარდე და მადლობა ღმერთს, მეც ასეთივე შევქმენი. ქართული ოჯახი განსაკუთრებული ფენომენია და მას გაფრთხილება სჭირდება. თუ რაიმეს მივაღწიე, ეს ჩემი ოჯახის წევრების დამსახურებაცაა.

ჩემს მეუღლეს ბავშვობიდან ვიცნობ. ერთ სკოლაში ვსწავლობდით. გვყავს ორი ვაჟი - ნიკოლოზი და ანდრია. მეუღლე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია, ამჟამად დიასახლისი. სკოლა დედოფლისწყაროში დავამთავრე და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტზე (საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით) ჩავაბარე, მოგვიანებით სწავლა პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში, პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე განვაგრძე. შემდეგ თბილისში დავბრუნდი, დავქორწინდი და "ქართუ ჯგუფში" დავიწყე მუშაობა, სადაც ყოველგვარი რეკომენდაციის გარეშე მენეჯერის ასისტენტად მიმიღეს. წელიწად-ნახევრის განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე ვმუშაობდი, ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელე, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი მაშინ დაიწყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა დამირეკა და პირად თანაშემწედ ამიყვანა. თქვენ წარმოიდგინეთ, თარიღიც კი მახსოვს, - 2005 წლის 17 ოქტომბერი...

- ამბობენ, ცხოვრება ის არის, რაც გახსოვსო...

- იმასაც ამბობენ, თუ გინდა, ადამიანს ცუდი გაუკეთო, უნდა აქოო, მაგრამ არ შემიძლია ორი სიტყვა არ ვთქვა ბიძინა ივანიშვილზე, რადგან მან მთლიანად შეცვალა ჩემი მსოფლმხედველობა. მასთან ურთიერთობამ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება შემძინა. როცა შევხედე მისი ცხოვრების წესს, გავიაზრე მისი მსოფლმხედველობა და ფილოსოფია, მივხვდი, რა არის ამქვეყნად მთავარი ღირებულება.

- და რა არის?

- მისი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, მისი უბრალოება, სამშობლოსა და ადამიანების სიყვარული. გარდა იმისა, რომ მისგან შევითვისე ძალიან ბევრი პროფესიული უნარ-ჩვევა, შევისისხლხორცე ადამიანური თვისებებიც. კრიტიკა კრიტიკისათვის მიუღებელია მისთვის, მაგრამ ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის ანგარიშს უწევს.

- ახალ ხელისუფლებას ოპონენტები მიანიშნებენ, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება გაუარესდა. ამის საფუძველიც არსებობს. ბოლო დროს იმატა ძარცვა-ყაჩაღობამ, ქურდობამ. მოხდა რამდენიმე მძიმე დანაშაულიც.

- მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ "ნაციონალური მოძრაობა", ანუ ყოფილი მთავრობის წევრები, მიზანმიმართულად ცდილობენ, წარმოაჩინონ რეალობისაგან განსხვავებული სურათი, თითქოს საქართველოში კრიმინოგენული სიტუაცია გართულებულია, რომ პოლიცია ეფექტურად ვერ რეაგირებს მომხდარ დანაშაულებზე და ა.შ. ცდილობენ შექმნან ფონი, თითქოს სიტუაცია დღითი დღე უარესდება. ეს მიზანმიმართული მტრული დამოკიდებულებაა ქვეყნის ინტერესებისადმი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - ქვეყანაში სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლირებადია. დანაშაული ყოველთვის ხდებოდა და ხდება. სამწუხაროდ, ვერც ერთ საზოგადოებაში ვერ შევქმნით ისეთ მოდელს, სადაც დანაშაული აღარ მოხდება. ბუნებრივია, არსებობს ობიექტური მიზეზები, კონკრეტულად კი შეიქმნა ფონი, რომ ჩვენმა ოპონენტებმა გაგვაკრიტიკონ. მოგეხსენებათ, ხელისუფლების გადაბარება ოქტომბერში დაიწყო. 25 ოქტომბრამდე ჩვენ ვერ შევძელით სამინისტროში შემოსვლა და იმის გარკვევა, თუ რასთან გვქონდა საქმე. არც ის ვიცოდით, რამდენად ეფექტურად ართმევდნენ თავს სიტუაციას ესა თუ ის სამსახურები, კრიმინალური პოლიცია, სპეციალური ოპერატიული თუ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტები. შინაგან საქმეთა სამინსტროში ჩვენს შემოსვლამდე საკვანძო თანამდებობაზე მუშაობდნენ პოლიტიკურად უკიდურესად ანგაჟირებული პირები, რომელთაც ჩემი მოსვლისთანავე დატოვეს არა მარტო სამინისტრო, არამედ ქვეყანაც. შესაბამისად, შეიქმნა ვაკუუმი. ის სამსახურები, რომელთა ხელმძღვანელები წავიდნენ სამინისტროდან, ვეღარ მუშაობდნენ ეფექტიანად.

ხელისუფლების გადაბარებას დაძაბულობაც ახლდა თან. ადამიანებმა არ იცოდნენ, რა ბედი ელოდათ, ბევრს სამსახურის დაკარგვის შიში ჰქონდა, დემორალიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ამით ისარგებლეს ყაჩაღებმა თუ ქურდებმა და იმატა დანაშაულებმა. რამდენიმე მძიმე დანაშაული მართლაც მოხდა, რაც უკვე გახსნილია. ჩვენ სრულად დავაკომპლექტეთ პოლიციის შემადგენლობა. თანამშრომლების ძირითადმა ბირთვმა ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძო მუშაობა. მინდა თითოეულ მათგანს გადავუხადო დიდი მადლობა, რადგან ძალიან მალე მოახერხეს ახალ რეალობასთან შეგუება. ცვლილებები შეეხო მხოლოდ საკვანძო თანამდებობებს. მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია. როგორც მინისტრს, არავითარი საფუძველი არა მაქვს ვთქვა, რომ კრიმინალური სიტუაცია დაძაბულია და ამ მხრივ საშიშროება არსებობს. ნარკოტიკების ამოღებისთვის ეფექტურად მუშაობს შესაბამისი უწყება, ბევრი ფაქტი იქნა გამოვლენილი და აღკვეთილი. მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო, - ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა.

- და მაინც, ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ამნისტია იგეგმება. ეს არ არის დანაშაულის შესაძლო მატების წინა პირობა?

- დღემდე მიმდინარეობს კონსულტაციები იმ ჯგუფთან, რომელმაც შეიმუშავა კანონპროექტი ამნისტიის შესახებ. ჩვენი მოსაზრებები გადავუგზავნეთ პარლამენტს და ვთხოვეთ, მაქსიმალურად გაითვალისწინოს ჩვენი რეკომენდაციები.

- თქვენი პოლიტიკური ოპონენტები აცხადებენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან.

- მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ პირველი, ვინც ფულის გამოძალვის ბრალდებით დავაკავეთ, "ქართული ოცნების" აქტიური წევრი, ერთ-ერთი რაიონული ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი, ვინმე ბერუაშვილი იყო. რას ეძახიან ჩვენი ოპონენტები პოლიტიკურ დევნას? როცა ადამიანს ჩადენილი აქვს უმძიმესი დანაშაული, ეს პოლიტიკური დევნაა?

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"