პალესტინის სტატუსზე ქართული მხარის გადაწყვეტილება, საბოლოო ჯამში სწორი იყო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ განუცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე არ ფიქრობს, რომ ამით საქართველო-აშშ-ის ან საქართველო-ისრაელის ურთიერთობები დაზარალდება.
"მესმის, რომ აშშ-სა და ისრაელს თავიანთი ინტერესები გააჩნიათ და საქართველო მათთან ურთიერთობებს უნდა მოუფრთხილდეს, თუმცა ამავდროულად მესმის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება რეზოლუციის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. საქართველოს პალესტინა უკვე აღიარებული ჰყავს და დიდი ხანია, მასთან დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული. აქედან გამომდინარე, ეს რეზოლუცია არაფერს ცვლიდა პალესტინის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებაში. ამავდროულად, ეს რეზოლუცია იყო ძალიან "ლაითი" წინა რეზოლუციის ფორმებთან შედარებით, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობას გულისხმობდა. შესაბამისად, მესმის მოტივაცია, რის გამოც საქართველომ ეს გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
კაპანაძე იმედოვნებს, რომ საქართველოს მოტივაციას ისრაელიც და აშშ-ც გაგებით მოეკიდებიან.
ამავდროულად, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის აზრით, ეს ფაქტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საფრთხეს არ ქმნის.
"საქართველოს ამ აღიარებით "ჰამასი" არ უღიარებია. საქართველო პალესტინის ხელისუფლებად აბასის ხელისუფლებას აღიარებს და ის, რომ ერთ-ერთ რეგიონში არის "ჰამასის" მმართველობა, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მას პალესტინის ლეგიტიმურ მმართველად ვაღიარებთ. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ რეზოლუციის მხარდაჭერით დავეთანხმეთ ისეთი პოლიტიკური ძალის არსებობას, რომელსაც აღიარებული ჰყავს აფხაზეთი, ლოგიკური ჯაჭვი არ არის. პალესტინა აქამდეც აღიარებული გვყავდა და ეს ფაქტი აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებასთან არანაირ კავშირში არ არის. ეს ორი სრულიად განსხვავებული თემაა. ასევე, ჩვენ წლების განმავლობაში ვუჭერთ მხარს რეზოლუციებს პალესტინის შესახებ იშვიათი გამონაკლისების გარდა, რადგან მიგვაჩნია, რომ ის ჰუმანიტარული საკითხები, რომლებიც იქ არის, უნდა მოგვარდეს. ასე რომ, ჩვენი პოზიცია ძირითადად ევროკავშირისას ემთხვევა ხოლმე. რეზოლუციის მხარდაჭერა არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რაც საქართველოს წლების განმავლობაში ჰქონდა პალესტინის მიმართ. აქამდე ეს არ მოქმედებდა ორმხრივ ურთიერთობებზე საქართველოსა და ისრაელს შორის და იმედია, არც ახლა იმოქმედებს", - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
პალესტინას გაერო-ში სტატუსი მუდმივი დამკვირვებლიდან დამკვირვებელ სახელმწიფომდე გაეზარდა, რომელიც გაერო-ს წევრი არ არის. პალესტინის სტატუსის გაზრდას მხარი დაუჭირა 138-მა ქვეყანამ, მათ შორის- საქართველომ. თავი შეიკავა 41-მა სახელმწიფომ, ხოლო 9-მ ხმა წინააღმდეგ მისცა. სტატუსის მინიჭებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ისრაელი და აშშ.
სტატუსის გაზრდა პალესტინელებს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის უფლებას აძლევს, ასევე ზრდის მათი მონაწილეობის ხარისხს გაერო-ს სხვადასხვა სააგენტოებში და საერთაშორისო სასამართლოში, თუმცა ეს ავტომატურად არ ხდება.
პალესტინის ადმინისტრაციის თავმჯდომარემ მაჰმუდ აბასმა გაერო-ს სრულუფლებიან წევრობაზე განაცხადი 2011 წელს შეიტანა. თუმცა, აღნიშნულმა განცხადებამ გაეროს უშიშროების საბჭოს მხარდაჭერა ვერ მიიღო.