თედო ჯაფარიძე - გაერო-ში პალესტინის სტატუსის ცნობის გაზვიადება არ შეიძლება

თედო ჯაფარიძე - გაერო-ში პალესტინის სტატუსის ცნობის გაზვიადება არ შეიძლება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გაერო-ში პალესტინის სტატუსზე ქართული მხარის გადაწყვეტილების დრამატიზებას გადაჭარბებულად მიიჩნევს.

როგორც თედო ჯაფარიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ეს არის რუტინული დიპლომატიური პროცედურა და მისი გაზვიადება არ შეიძლება.

"ჩემი აზრით, ქართულმა მხარემ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და ამას სტრატეგიულ თუ დიპლომატიურ-პოლიტიკურ ურთიერთობებთან პირდაპირი შეხება არ აქვს. შესაძლოა, ვინმე გაღიზიანდეს, მაგრამ ეს არავითარ სტრატეგიულ გავლენას საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ იმიჯსა და პერსპექტივაზე არ მოახდენს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს, რადგან გაერო-ში საქართველოს მისიის ცნობით, ის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო.

როგორც ჯაფარიძემ განმარტა, ეს შეიძლება ჩაითვალოს ტაქტიკურ ნაბიჯად, რომელიც აშშ-სა და ისრაელთან მოლაპარაკების შედეგად გადაიდგა.

"ისრაელს აქვს თავისი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტები და მისგან იქნება მწვავე რეაქცია, თუმცა დიპლომატიური არხებით ეს აუცილებელიც არის. სიტუაცია დალაგდება და ამის პედალირება აუცილებელი არ არის. თუ ვინმეს სურს, რომ ეს საჯარო დისკუსიის საგნად აქციოს და ამ მხრივ ჩვენი ოპოზიცია იყოჩაღებს, რათა ეს საკითხი საქართველო-ისრაელის ურთიერთობების გაფუჭების მიზეზად წარმოაჩინოს, მათ ებრაელი ბიზნესმენების საქმეს შევახსენებ", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, კონკრეტულად ვინ მისცა ხმა საქართველოს სახელით ამ რეზოლუციას გაერო-ში, მისთვის უცნობია.

"ჩვენს კომიტეტს წინასწარ ამ ფაქტზე ინფორმაცია არ ჰქონდა და კარგი იქნებოდა ამის წინასწარ განხილვა, თუმცა დიპლომატიაში ხშირია, როდესაც დიპლომატებს ამის დრო არ აქვთ. გადაწყვეტილებაზე ინფორმაცია გვაქვს, თუმცა დეტალებზე - ხმა ლომაიამ მისცა თუ მისმა მოადგილემ, ინფორმაცია არ გვაქვს. თუმცა ეს თემაც საინტერესოა. როდემდე უნდა გვყავდეს ელჩები, რომელთა გამო შეიძლება დიპლომატიურ კაზუსებს ან გაუგებრობებს ჰქონდეს ადგილი. მათი უმეტესობა წარმოადგენს წინა ხელისუფლების ინტერესებს, რაც დღევანდელი მთავრობის პოზიციას არ ემთხვევა. ეს შეიძლება იყო საჩოთირო გადაწყვეტილება, მაგრამ ალბათ ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია არსებული კონიუნქტურა", - განაცხადა ჯაფარიძემ.

პალესტინას, რომელიც გაერო-ს წევრი არ არის, გაერო-ში სტატუსი მუდმივი დამკვირვებლიდან დამკვირვებელ სახელმწიფომდე გაეზარდა. პალესტინის სტატუსის გაზრდას მხარი დაუჭირა 138-მა ქვეყანამ, მათ შორის- საქართველომ. თავი შეიკავა 41-მა სახელმწიფომ, ხოლო 9-მ ხმა წინააღმდეგ მისცა. სტატუსის მინიჭებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ისრაელი და აშშ.

სტატუსის გაზრდა პალესტინელებს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის უფლებას აძლევს, ასევე ზრდის მათი მონაწილეობის ხარისხს გაერო-ს სხვადასხვა სააგენტოებში და საერთაშორისო სასამართლოში, თუმცა ეს ავტომატურად არ ხდება.

პალესტინის ადმინისტრაციის თავმჯდომარემ მაჰმუდ აბასმა გაერო-ს სრულუფლებიან წევრობაზე განაცხადი 2011 წელს შეიტანა. თუმცა აღნიშნულმა განცხადებამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მხარდაჭერა ვერ მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა