"სიმართლის საზღვარგარეთ გატანას ყოველდღიური და დამღლელი შრომა სჭირდება"

"სიმართლის საზღვარგარეთ გატანას ყოველდღიური და დამღლელი შრომა სჭირდება"

საქართველოში ჩამოსულ უცხოელს მცხეთის ჯვართან თუ ალავერდთან ერთად, აუცილებლად ათვალიერებინებდნენ პოლიციის გამჭვირვალე შენობას იმის დასადასტურებლად, რა უპრეცედენტო შედეგებს მიაღწია საქართველომ სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმების კუთხით. აღფრთოვანებულმა რუსმა ჟურნალისტებმა საქართველოს შსს-ს "კეთილ საქმეთა სამინისტრო", ვანო მერაბიშვილს კი "დიდი რეფორმატორი" შეარქვეს. თუმცა დღეს ისინიც კი, რომლებმაც 1-ელ ოქტომბერს ხმა გულწრფელად მისცეს "ნაციონალურ მოძრაობას", კითხულობენ, ბოლოს და ბოლოს, რას ხელმძღვანელობდა მერაბიშვილი - რეფორმირებულ პოლიციას თუ დანაშაულებრივ სტრუქტურას. ახალი ხელისუფლების მიერ გახმაურებული საქმეების გამოძიების დაწყებამ ერთგვარი კატალიზატორის როლი შეასრულა იმის გასარკვევად, თუ რა ხდებოდა გამჭვირვალე შუშებს მიღმა. მაგალითად, საზოგადოების ნაწილმა შეიტყო, რომ დათა ახალაია, ოლეგ მელნიკოვი თუ სოსო თოფურიძე, შსს-ს მაღალჩინოსნებსაც კი აწამებდნენ კაბინეტებში. ბუტა რობაქიძის საქმეზე"საზოგადოებამ უკვე პროკურატურისგან მოისმინა მანამდე პრესაში ათასჯერ დაწერილი, - როგორ მოახდინა საქმის ფალსიფიკაცია საპატრულო პოლიციის ყოფილმა შეფმა ზურაბ მიქაძემ, თუმცა მძიმე ბრალდებით დაკავებულ მიქაძეს ბოლო დროს გადმობირებულმა სასამართლომ 16.000ლარიანი გირაო შეუფარდა, რასაც რობაქიძის ოჯახის წევრების აღშფოთება მოჰყვა. ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძის აზრით, ერთადერთი გზა, რომ ზემოხსენებული აღარ განმეორდეს, დაუსჯელობის სინდრომის აღმოფხვრაა.

- სამართლიანობა მოითხოვს, გახმაურებული საქმეები ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს. მაგალითად, არ შეიძლებოდა გირგვლიანის საქმის გამოუძიებლობა. ერთხელ და სამუდამოდ, თუნდაც სამაგალითოდ, ხაზი უნდა გადავუსვათ ძალადობას პოლიტიკურ თუ სოციალურ ცხოვრებაში. უნდა დაისაჯონ ბოროტმოქმედების ჩამდენებიც და დამკვეთებიც. ყველაზე დიდი საშინელება დაუსჯელობის სინდრომია და სწორედ ამან მიგვიყვანა აქამდე. გირგვლიანის საქმეში არის ყველა წინა პირობა, რომ დანაშაული გაიხსნას. ასევე იყო რობაქიძის საქმეშიც. ძალზე მნიშვნელოვანია, გამოიძიონ კახეთში 9 თვის ბარბარე რაფალიანცის დაღუპვის საქმე. არსებობს ეჭვი, რომ ეს ტრაგედია პოლიტიკას უკავშირდება. რაც შეეხება იმას, დადგება თუ არა ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი, ჩემი აზრით, უფრო მორალურ პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი, ვიდრე სამართლებრივზე. მაგალითად, როგორც ვიცი, დათა ახალაია მერაბიშვილს მხოლოდ ფორმალურად ემორჩილებოდა. თუმცა ვნახოთ, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს.

- მერაბიშვილის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, შესაძლოა, მაინც დადგეს. კერძოდ, შსს-ს ცნობით, პრეზიდენტის თანმხლები დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი მერაბიშვილი ერევანში წასვლას ყალბი პასპორტით ცდილობდა. მესაზღვრეებმა იმ მოტივით, რომ პრეზიდენტის ვიზიტი არ შეფერხებულიყო, მერაბიშვილს ნამდვილი პასპორტის წარდგენის საშუალება მისცეს. მოკლედ, უცნაური ამბავია.

- მართლაც უცნაურია. ჯერ ერთი, არა მგონია, რომელიმე ქართველი მესაზღვრე მერაბიშვილს სახეზე ვერ ცნობდეს, მეორეც, თუ ყოფილ პრემიერს ნამდვილი პასპორტი ჰქონდა, რაღაზე წარადგინა ყალბი ან ყალბი რაში სჭირდებოდა? თუ არ ვცდები, მას საქართველოს დატოვება აკრძალული არ აქვს.

- როგორ ფიქრობთ, ორი პასპორტის კომბინაცია მერაბიშვილმა სპეციალურად ხომ არ გაითამაშა? თუ მას პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში ამ ბრალდებით დააკავებდნენ, დიდი სკანდალი ატყდებოდა. გარდა ამისა, მერაბიშვილს მიეცა საფუძველი, რომ ახალი ხელისუფლება აბსურდულ ბრალდებაში დაედანაშაულებინა.

- არ გამოვრიცხავ. შესაძლოა, ეს მერაბიშვილის მხრიდან მართლაც გამოწვევა იყო. ვიმეორებ, თუ ჰქონდა ნამდვილი პასპორტი, რომლის საშუალებითაც თავისუფლად დატოვებდა ქვეყანას, რაღაზე ჰქონდა ყალბი? თუმცა ამ დროისთვის დასკვნის გაკეთება გამიჭირდება. იმედია, უახლოეს მომავალში ყველაფერს პასუხი გაეცემა.

- სხვა გახმაურებულ საქმეებთან ერთად, მიმდინარეობს ზურაბ ჟვანიას ბურუსით მოცული გარდაცვალების გამოძიებაც. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მთავარი მოწმე ირაკლი ოქრუაშვილი იქნება. სხვათა შორის, ოქრუაშვილმა ადვოკატ ირმა ჭკადუას საინტერესო რამ უთხრა, - მიხეილ სააკაშვილს ჟვანიას სიკვდილის შეტყობის შემდეგ უთქვამს, - ეს რა ჭირი მოვიშორეთო.

- არა მგონია, ამ განცხადებას იურიდიული ძალა ჰქონდეს. ასეთ განცხადებებს სერიოზულად ვერ აღვიქვამ, სანამ პროკურატურა ოფიციალურ ინფორმაციას არ გამოაქვეყნებს. ვფიქრობ, იურიდიულად ჟვანიას საქმის ბოლომდე მიყვანა გაჭირდება. თუმცა ამ საქმის გამოძიებაში თავის დროზე ქართულ მხარეს აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო ეხმარებოდა. ბიუროს ამ თანამშრომლებთან დაკავშირება არ იქნება ძნელი და არ გამოვრიცხავ, მათ საქართველოს პროკურატურას საინტერესო ინფორმაცია მიაწოდონ.

- საქართველოს ახალი ხელისუფლების ქმედებებს დასავლეთის პრესაში არცთუ ისე კარგი გამოხმაურება მოჰყვა. რა ხდება - "ნაციონალების" ლობისტური მანქანა მთელი სიმძლავრით ამუშავდა თუ დასავლური მედია მართლაც ვერ გაერკვა, რატომ აპატიმრებენ თანამდებობის პირებს იმ ქვეყანაში, რომელიც რეგიონში დემოკრატიის ციტადელად მიაჩნდათ?

- ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ კრიტიკული შეცდომა დაუშვა, როდესაც არჩევნების შემდეგ უარი თქვა ლობისტურ კომპანიებზე.

გარდა ამისა, ახალ ხელისუფლებას საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ინტერესთა კონფლიქტი აქვს. ამ საკითხის გავრცობისგან თავს შევიკავებ, მაგრამ გამგები გაიგებს. რასაკვირველია, საქართველოში არანაირ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ აქვს და ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც მოსთხოვა ქართველმა საზოგადოებამ - დანაშაულის ჩამდენთა გასამართლება. სხვათა შორის, ახალმა მთავრობამ ადეკვატურად შეაფასა სიტუაცია და ამას ადასტურებს კანცელარიაში უცხოეთთან ურთიერთობების განყოფილების შექმნა. ასე რომ, ჩემი აზრით, თვე-თვე-ნახევარში კრიტიკასთან დაკავშირებით მდგომარეობა გამოსწორდება. მით უმეტეს, რომ 25 დეკემბრიდან იწყება დაკავებულთა სასამართლო პროცესები, რომლის დროსაც წარმოდგენილი იქნება არსებითი მტკიცებულებები.

- ამ ფონზე, რამდენად გამართლებულია ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელმაც ამ ეტაპზე აშშ-ში ვიზიტი გადადო და თავის მაგივრად ვაშინგტონში საგარეო საქმეთა მინისტრი გაგზავნა?

- სულაც არ მეჩვენება შეცდომად და ეს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო. ბიძინა ივანიშვილს სურს, ვაშინგტონში ბარაქ ობამასთან შეხვედრისას ხელშესახები შედეგი ჰქონდეს.

- დაკავებების თემაზე განცხადებები გასულ კვირას დასავლელმა დიპლომატებმა კვლავ გააკეთეს. ამაზე ლაპარაკობდნენ საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ერიკ რუბინი და ევროკომისარი ქეთრინ ეშტონი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ სავარაუდო დამნაშავეების საქმეების გამოძიება კანონიერად მოხდება. მოკლედ, განცხადებები კეთდება, თუმცა რჩება შთაბეჭდილება, რომ ტონი შერბილებულია.

- ტონი მართლაც შერბილებულია და ამაში წვლილი ამერიკაში მაია ფანჯიკიძის ვიზიტსაც მიუძღვის. თუმცა, როგორც ნათქვამია, ადამიანებო, იყავით ფხიზლად! სიმართლის საზღვარგარეთ გატანას ყოველდღიური და დამღლელი შრომა სჭირდება. იმედია, პროფესიონალებით დაკომპლექტდება კანცელარიის უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილება და შეიქმნება ისეთივე სტრუქტურა, როგორიც შევარდნაძის დროს გელა ჩარკვიანმა შექმნა.

- საქართველოში ჯორჯ სოროსის ნახევრად გასაიდუმლოებული ვიზიტი შედგა. ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების თაობაზე ისაუბრეს, ასევე დაიგეგმა მსოფლიოში წამყვანი ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა დავოსში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმზე, რომელსაც საქართველოდან ივანიშვილი დაესწრება.

- ჯორჯ სოროსი ასე უბრალოდ საქართველოში არ ჩამოვიდოდა. ჯორჯ სოროსი არის "რვაფეხას ერთ-ერთი ფეხი", რითიც აშშ თავის საგარეო პოლიტიკას ახორციელებს. სოროსის ვიზიტი ძალიან კარგი ნიშანია.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა