გია ხუხაშვილი - რაკი სისტემაში ვერ ჩამსვეს, შეიქმნა ლეგენდა, რომ ბიძინა ივანიშვილის რუხი კარდინალი ვარ

გია ხუხაშვილი - რაკი სისტემაში ვერ ჩამსვეს, შეიქმნა ლეგენდა, რომ ბიძინა ივანიშვილის რუხი კარდინალი ვარ

ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრის, ბესო სურმავას მიერ ინტერნეტით გავრცელებული ფარული ვიდეოჩანაწერებიდან ერთ-ერთი სრულად აცხადდა. ცოტა ხნის წინ "მეცხრე არხის" მენეჯმენტი შეიცვალა, არხი კობა ბექაურმა დატოვა და ახალ დირექტორად ლუბა ელიაშვილი მოგვევლინა. გთავაზობთ ამ ცვლილებებამდე რამდენიმე თვის წინანდელი დიალოგის გაშიფრულ ტექსტს შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და "ოცნებაში" უსტატუსოდ მყოფ გია ხუხაშვილს შორის:

ირაკლი ღარიბაშვილი: - შალვა გააჩერონ, ეგ ნაძირალა.

გია ხუხაშვილი: - გუშინ შალვა, თინა და მანანა იყვნენ. მოკლედ, მანანა ჩამოვიდა და მოიტანა, ეს არის დირექტივაო. რომ დადო, არა, ეგრე არ გამოვა-თქო და წავედი ზემოთ. იმ საინფორმაციოზე ვამბობ, დღეს ბიძინა რომ იყო.

ი.ღ. - თარგამაძე რომ გააშუქეს?

გ.ხ. - მარტო ეგ არ იყო, ახლა უყურე, რა ხდება მთელ სამსაათიან საინფორმაციოში. "კაროჩე", ბიძინა მოჭრეს და თარგამაძე მთავარი გმირი იყო.

ი.ღ. - "ვაფშე", ეგ არხი მაგარი დასალაგებელია!

გ.ხ. - ჰო, იმან მითხრა პირდაპირ, ქრონომეტრაჟები შეადარეო და ნახე, "ვაფშე" დაწყებიდან რას "ჩალიჩობენო".

ი.ღ. - ეგრე არ შეიძლება მუშაობა, რა!

გ.ხ. - ბიჭო, "ვაფშე" სხვა რაღაც ხდება "მეცხრე არხზე". "პროსტა" ნახე, ამას უყურე, ბიძინა რას გავს? "შე ჩემა", ოპერატორი რომ ხარ, უთხარი, "საროჩკა" გაისწოროს ეთერის ბოლომდე. ბიჭო, მაგის ტელევიზიაა, ამის დედა ვატირე, ამას სპეციალურად უკეთებენ?! 4 სიუჟეტი იყო დღეს და სამებაში, ყველაზე კარგი ტიპი თარგამაძე გამოიყვანეს.

ი.ღ. - როგორ შეიძლება, "ვაფშე" ბიჭო, რა შუაში იყო?

გ.ხ. - მერე ქუთაისიდან, აღლუმიდან გააკეთეს ჩართვა, გამოაცხადეს, ეს რა მაგარი რამე ხდებაო, აჩვენეს ვიღაც ქალი და ბავშვი: აღლუმზე მივდივარ და "პრაზდნიკი" გვაქვსო. ამის დედა ვატირე, ეს "რუსთავი 2"-ზეც არ გაუკეთებიათ. მერე, საგანელიძე "ქართულ ოცნებაში" რომ წამოვიდა, ასე გაშუქდა: "მემარჯვენეები" "მაყუთს" არ მაძლევდნენ, "ოცნებაში" მაძლევენ და იმიტომ მივდივარ ბიძინასთანო. უტრირებას ვახდენ, მაგრამ დაახლოებით ასე "შეკერეს".

ი.ღ. - ეგ ტელევიზია არის კატასტროფა, მისახედია რა, "ვაფშე"!

გ.ხ. - ეკამ თქვა, ხო ჩემია ეგ ტელევიზია და მიმიშვითო. და ის რო წავიდა, ჯერ არ მისულა იქამდე, რა.

ი.ღ. - ვინა, ვინა?

გ.ხ. - ლუბა, ლუბას ვუშვებთ მანდ, ხომ იცი.

ი.ღ. - მიხედავს?

გ.ხ. - ლუბა მიანგრევს! ვერ მიხედავს, მაგრამ "რამსებს აურევს". ლუბას ეგ შეუძლია, ტანკივით არის, გადაუვლის! ლუბა იქ უნდა იყოს "ოდეერად" რა, ყელში უნდა წვდეს...

ი.ღ. - მანდ უნდა ჩაერიო პირდაპირ, ქირურგიული ჩარევაა საჭირო, რა!

გ.ხ. - ჩემსა და ბექაურს შორის კონფლიქტი როდის მოხდა, იცი? პირველი ეთერი რომ წავიდა, ყველა ხომ ველოდებით ნიუსს, პირველი ორი სიუჟეტი ვნახე - "ქართული ოცნება" და "ქრისტიან-დემოკრატები". პირველივე ორში ეს დავინახე. მოვიყვანე ტრიპოლსკიც და ბექაურიც და ვუთხარი, რაღაცა ხდება, ეს რა არის-მეთქი. ბექაური რატოა "ტექნიკური", იცი? ყველაფერი უკან დამიტრიალა და ტრიპოლსკი შტერი რომაა, კი იცი, ჰოდა, ბიძინას უთხრა, გიას "ლიჩნი" აქვს ბექაურთანო.

ი.ღ. - მეც "ლიჩნი" მაქვს? ყველას ლიჩნი გვაქვს?

გ.ხ - დღეს ბიძინამ მითხრა - მონიტორინგი ჩაატარე სასწრაფოდ, რა არის, ჩემს გარდა არავინ უყურებს ამ ტელევიზიასო? ვუთხარი, პირველივე გადაცემის მერე გითხარით, გადაიყვანეთ, "ლიჩნიში" და ჩავიქნიე ხელი-მეთქი. ჯანგირაშვილი მეუბნება ხოლმე მაგრად, მაგარი დიაგნოზი დაუსვა - ბექაური რაშია მაგარი, ახსნა იცის მაგრად, 100 მიზეზს მოგიყვანს, რატომ ვერ აკეთებს კარგ ტელევიზიასო.

ი.ღ. - აუ, როგორ ამოვისუნთქე, რომ ყველა ერთად ვართ, რა. გაგიჟებული ვარ!

გ.ხ. - ვიღაცა "ოდეერი" უნდა დაასვა რა!

"ოდეერი" "მეცხრე არხზე" მართლაც გამოჩნდა, თუმცა ტელევიზია ერთადერთი არ არის, სადაც საკადრო ჩარევაში გია ხუხაშვილია "ეჭვმიტანილი". "ვერსიასთან" ინტერვიუში ლაშა ამირეჯიბი ხუხაშვილს პროკურატურის კადრების დანიშვნას მიაწერდა, ცოტა ხანში, ღარიბაშვილმა ხუხაშვილის მეგობარი ლაშა ნაცვლიშვილი მთავარი პროკურორის თანაშემწედ მართლაც გაუშვა. ხუხაშვილამდე მიდის ე.წ. დანიშვნების კვალი რკინიგზაზეც, სადაც სამეთვალყურეო საბჭოს წევრად ისევ ხუხაშვილის ახლობელი, კოკა გუნცაძე მოგვევლინა, ხოლო გუნცაძის მეგობარი ლევან ჩიკვაიძე კი საქართველოს ფოსტას ჩაუდგა სათავეში. მოკლედ, სამეგობროდან ყველა სადღაც "მოჯდა", გია ხუხაშვილი კი დღემდე უსტატუსოდ რჩება და ისიც გაურკვეველია, სად - "ქართული ოცნების" გარეთ, თუ - შიგნით. "ვერსიამ" ინტერვიუ ივანიშვილის მთავრობის "რუხ კარდინალად" მონათლულ გია ხუხაშვილთან ჩაწერა, რომელმაც ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა გადაწყვიტა:

- ამ ჩანაწერებში რეალურია ის, რომ "მეცხრე არხის" სიუჟეტების და არა მხოლოდ მათ მიმართ, უარყოფითი დამოკიდებულება მქონდა. მთელი ჩანაწერი რომ გაეშვათ, შემრცხვებოდა, იმდენად მძიმე შეფასებები მქონდა. ეს ჩემი პიროვნული უფლებაა, რაღაც მომეწონოს ან არ მომეწონოს. სხვა საკითხია, ჩარევის მცდელობა მქონოდა თუ არა.

- მაგაშია საქმე: თქვენ ლუბა ელიაშვილის "ოდეერად" შეგზავნაზე საუბრობთ "მეცხრე არხზე" და დღეს ელიაშვილი ახალი დირექტორია.

- პირველი: ვადასტურებ ჩემს უარყოფით დამოკიდებულებას არხის მენეჯმენტისა და სარედაქციო პოლიტიკის მიმართ, რაც, რა თქმა უნდა, არ მომეწონებოდა, რადგან იმ პოლიტიკური ძალის საზიანო რეპორტაჟები კეთდებოდა, რომელთანაც ვიყავი. რაც შეეხება ლუბა ელიაშვილს, ეს ის ადგილია, სადაც ჩემი მოსაზრებები დამახინჯდა. ვადასტურებ, რომ ჩემი ხმაა, ვადასტურებ უარყოფით დამოკიდებულებას, მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ რაღაცაში ვერევი და ლუბა ელიაშვილი "ოდეერად" უნდა შეიგზავნოს, მონტაჟია, კონტექსტებია შეცვლილი და ისეა გაშვებული. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მე და თქვენ ახლა ვარჩევთ უკანონოდ მოპოვებულ ჩანაწერს, ბინძურად დამონტაჟებულ პრივატულ საუბარს ორ ადამიანს შორის და ეს ამ ქვეყნის ტრაგედიაა, რომ ამის კომენტირება მიწევს. ხალხი ცდილობს, თავდაცვის რეჟიმში ჩამაყენოს, მაგრამ პირდაპირ გეტყვით - მე არ ვაპირებ თავის მართლებას - არაფერში ჩავრეულვარ, არც არავინ დამინიშნავს!

- მაშინ ზოგადად, "ოცნების" საკადრო პოლიტიკაზე გკითხავთ, როგორც არხზე, ისე - მთავრობაში.

- სამწუხაროდ, იდეალური საკადრო პოლიტიკა, ზოგადად, არ არსებობს. ვერ ვიტყვი, რომ ახლანდელი საკადრო პოლიტიკით აღფრთოვანებული ვარ. სახელებსა და გვარებზე არ მინდა საუბარი.

- მაშინ, ეკონომიკურ გუნდზე რას ფიქრობთ?

- ნოდარ ხადურს პროფესიონალიზმს ვერ დავუწუნებთ, კვირიკაშვილიც ძალიან მომწონს და ეკონომიკურ გუნდში, ზუსტადაც რომ, ყველაფერი რიგზეა. მე აქ პრობლემას ვერ ვხედავ.

- სად ხედავთ პრობლემას?

- ჯერჯერობით, სისუსტეს ვხედავ იმაში, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა სისტემის სრულფასოვნად ამუშავება. ეს სისტემური პრობლემაა, რაც იმედი მაქვს, ახლო პერიოდში გადაილახება. ახალ მთავრობას უჭირს თავისი პოლიტიკის ახსნა, მათ შორის, სამართლებრივის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.

- საკადრო პოლიტიკა ის სფეროა, სადაც ხშირად, სწორედ თქვენი გვარი ფიგურირებს - კადრებს ნიშნავს და "ყრისო".

- და მეუბნებით, რომ ამაზე კომენტარი უნდა გავაკეთო? იმდენად არასერიოზულია, სიმართლე გითხრათ, თავს ვიკავებ ხოლმე ამისგან. ახლა მიდის საუბარი პროკურატურაზე.

- დავაკონკრეტებ - ლაშა ნაცვლიშვილი თქვენ გადააყვანინეთ არჩილ კბილაშვილის მოადგილედ შს სამინისტროდან, იმ მოტივით, რომ კბილაშვილი სუსტია და გაძლიერება სჭირდება?

- ლაშა ნაცვლიშვილი ჩემი მეგობარია. ჯერ, თურმე, მისგან ფული ამიღია, რათა საპარლამენტო სიაში მოხვედრილიყო. ლამის ნახევარი პროკურატურა მე დამინიშნავს და ვიღაც პოლიციელები მიმყავდა პოლიციაში. სულ ორ კაცს ვიცნობ პროკურატურაში - ეს არის ლაშა ნაცვლიშვილი და არჩილ კბილაშვილი, დანარჩენების სახელები და გვარები არც ვიცი. ვადასტურებ, რომ ლაშა ჩემი მეგობარია, მაგრამ მის დანიშვნაში რა როლი უნდა მქონდეს, როცა ხელისუფლებაში ის ჩემზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. პირიქით რომ იყოს, კიდევ მესმის, მაგრამ ვერ გამიგია, ნაცვლიშვილს რაში სჭირდებოდა ჩემი დახმარება? ვინც შიდასამზარეულო იცის, მაშინვე მიხვდება, რომ ეს აბსურდია! ფაქტია, დღეს რამდენიმე ადამიანი ჩემს "დემონიზაციას" ცდილობს, რაც ღრმად არასერიოზულია. არ ვიცი, რა მოტივები აქვს ამ ხალხს. ყველაფერი უკვე აბსურდამდე მივიდა, ამიტომ მათთვის პასუხების გაცემა ღირსეულ საქმედ არ მიმაჩნია. მოგეხსენებათ, ყველას აწუხებენ და დახმარებისთვის მიმართავენ, მაგრამ ჩემი პრინციპული პოზიცია ამ საკითხებში არჩევაა. როცა ვიღაცას რეკომენდაციას უწევ, შესაბამისად, მასზე ვალდებულებას იღებ. ჩემს მეუღლეს, რომელსაც, ასევე, ძალიან ხშირად მიმართავენ დახმარებისთვის, ჩემგან აკრძალული აქვს და ვერც ბედავს, რომ ვინმეზე რამე მითხრას. ვინც მიცნობს ყველამ იცის, რომ მინდა, დავიტოვო კრიტიკის ფართო დიაპაზონი - ზუსტად ამის გამო მაქვს ფუფუნება, ნებისმიერზე ხმამაღლა და კრიტიკულად ვილაპარაკო, რადგან ვალდებულება არავისთან მაკავშირებს.

- ე.ი. ეკონომიკურ გუნდში თქვენი კანდიდატურები, ჩოგოვაძე და მანაგაძე არ ყოფილან და არც ნოდარ ჯავახიშვილთან გაქვთ დაპირისპირება?

- ჩოგოვაძე და მანაგაძე ვინ არიან? თუ ასეთი მაგარი ბიჭი ვარ, რატომ არ არიან მთავრობაში? ან ვინ არის ჩემი დანიშნული? მოკლედ, რამდენიმე ადამიანი ამაზე წერს და საუბრობს და პირდაპირ ვამბობ, ეს 100%-იანი, სტერილური სიცრუეა. რაც შეეხება ჩემი და ნოდარ ჯავახიშვილის ურთიერთობას - ნოდარი კახელი კაცია, პირდაპირი. მიყვარს ნოდარი, ახლოს ვართ და პატივს ვცემთ ერთმანეთს და შეგიძლიათ, ეს მასთან გადაამოწმოთ.

- კიდევ ერთი თემაა, სადაც ასევე თქვენი გვარი ლოგიკურად ფიგურირებს, რადგან შევარდნაძის დროს შპს "საქართველოს რკინიგზაში" ერთ-ერთი მაღალი თანამდებობა გეკავათ. ახლა რკინიგზის თანამშრომელთა ნახევარი და კოკა გუნცაძე თქვენ დაგინიშნავთ რკინიგზაზე, ხოლო ლევან ჩიკვაიძე - ფოსტაში. მათ ხომ მაინც კარგად იცნობთ, არა?

- რა ვქნა, რომელ წყალში გადავვარდე, მითხარით და გადავხტები! ლევან ჩიკვაიძე ფოსტაში რომ იყო, ახლა, ამ წუთას თქვენგან გავიგე. რა ვქნა, აბა, მითხარით. დრო არ მაქვს, ყველაფერი წავიკითხო, მაგრამ როგორც მაწვდიან ინფორმაციას, სულ 3-4 ადამიანია, რომელიც ჩემს ვირტუალურ გავლენებზე გამუდმებით საუბრობს.

- ვინ არის ის 3-4 ადამიანი?

- იცით, რამდენი საქმე მაქვს, რომ ამის ძიებით ვიყო დაკავებული? რა საკადრო პოლიტიკა, რა ლევან ჩიკვაიძე, კაცი სულ ორჯერ მყავს ნანახი. კოკა გუნცაძე ჩემი ახლობელია, მაგრამ რკინიგზაზე მე არ დამინიშნავს, თან სამეთვალყურეო საბჭოშია, რომელიც 10-კაციანია და იქ დანიშვნა არავის სჭირდება, რად უნდოდა კოკა გუნცაძეს ჩემი რეკომენდაცია, რომ ამხელა საბჭოში შესულიყო?

- დანიშვნებზე ამ ხმებს თქვენი განცხადებაც იწვევს, როცა თქვით, რომ ქვეყანაში კარგი კადრების მოძიება შეუძლებელია.

- შესაძლოა, მაგრამ ამას ახლაც გავიმეორებ - სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ ქვეყანაში შექმნა ცუდი მდგომარეობა და პროფესიონალი, წესიერი ხალხი ხორცის მანქანაში გაატარა - ზოგს ღირსება აყარა, ზოგი დანაშაულში ჩააბა, მაგალითად, ის პატარა ბიჭი კუდში, რასაც პოლიტიკურ პედოფილიას ვეძახი, რადგან იგი პოლიტიკურად გააუპატიურეს, ზოგი გააგდო ასე შეიქმნა საკადრო შიმშილი ქვეყანაში!

- მაშინ, როცა ვერ გხედავთ ხელისუფლებაში, როცა წამოხვედით "ოცნებიდან", რატომ რჩება ინტერესი, ყველგან თქვენი გვარი ფიგურირებდეს?

- მაგაზე მეც ვფიქრობდი. ყველამ იცის, რომ პოლიტიკურ პროცესში ვიყავი, თან არცთუ უკანა პლანზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა ვიყავი ამ პოლიტიკურ ციკლში და მისი დასრულებისთანავე, გავაკეთე განცხადება, რომ პროცესიდან გავდივარ. თუმცა პირადი ურთიერთობა მაკავშირებს, ჩემდა საბედნიეროდ, ბიძინა ივანიშვილთან, მაგრამ იმას არასოდეს ვიკადრებ, ეს ურთიერთობები გამოვიყენო. როცა ვხვდებით, სულ სხვა თემებზე ვსაუბრობთ, ხოლო ეს ბოლო ერთი თვეა, სულ რაღაც ერთხელ ვნახე. შესაბამისად, როცა სისტემაში ვერ მსვამენ, ამ დროს იქმნება ლეგენდები - დავუშვათ ის, რომ მე ვარ რუხი კარდინალი. რაღაცის მინისტრი რომ გავმხდარიყავი, დამიჯერეთ, მსგავსს არაფერს იტყოდნენ. ჰოდა, რაკი არსად დავინიშნე, ვიღაც ფიქრობს, რომ ე.ი. უფრო მეტი მინდოდა და რა შეიძლება იყოს უფრო მეტი - რუხი კარდინალობა! ბანალური ლოგიკით, ეს ხალხი ამ დასკვნამდე მივიდა. ზოგი ყავაზე მკითხაობს და ესაა, რა. ახლა იმასაც ამბობენ, რომ ლამის კეზერაშვილის ბიზნესიც მე გადმომიფორმებია და რა უბედურებები აღარ დამიტრიალებია.

- "უფრო მეტი" თუ არ გინდოდათ, მაშინ რა გინდოდათ?

- ვერავის წარმოუდგენია, რომ გია ხუხაშვილისთვის თავისუფლება უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე კაბინეტში ჯდომა.

- იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც თქვენს ირგვლივ ხდება, მიგაჩნიათ, რომ ახლა თავისუფალი ხართ?

- მე როგორ დავდივარ და რა მაცვია, გინახავთ? ჩემი კედები ხომ შეგინიშნავთ? ჰალსტუხი თითქმის არ მკეთებია, კოსტუმი არ მცმია.

- ეგ თავისუფლების ხარისხს განსაზღვრავს?

- არა, ეს არის ვიზუალური გამოვლინებაა იმისა, რა ცხოვრებით ვცხოვრობ. არ მიყვარს კაბინეტში ჯდომა, პაპკებით სიარული, თათბირებზე ყოფნა. არ ვარ პატარა ბიჭი, რომ საკუთარი მნიშვნელობის ხაზგასასმელად კაბინეტში ჯდომისა და მუშტის ბრახუნის ამბიცია მქონდეს. როცა მინდა, გავიღვიძებ და დავიძინებ, მივალ ოფისში და წამოვალ - ანუ თავისუფალი ცხოვრება მინდა, ესაა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. წინ აქტიური ათი წელი მაქვს, ვიდრე კიდევ შემიძლია აგური დავდო ქვეყნის ინსტიტუციური მოწყობის საქმეში, პათეტიკაში თუ არ ჩამომართმევთ. დღეს, ამ ასაკში კაბინეტებზე ფიქრი რომ დავიწყო, ძალიან სასაცილო იქნება. საერთოდ არ მესმის ბრძოლა იმისთვის, რომ სისტემის ჭანჭიკი გახდე. ამით ვინმეს კი არ ვაკნინებ, უბრალოდ, მე ვარ სხვანაირი, თორემ ყველას არჩევანს პატივს ვცემ. სისტემის თამაშით ვერ ვთამაშობ, ვიხუთები შიგნით, ამიტომ რატომ ავიტკიო აუტკივარი თავი?

- მეტი არც არაფერია რუხი კარდინალობა - თქვენ ამის ძალიან ბევრი მახასიათებელი გაქვთ.

- ეს არაფერში მაწყობს, ამაზე უბრალოდ მეცინება. როცა ადამიანს აქვს პირადი ურთიერთობები, შენობით ელაპარაკება ყველა ხელისუფალს, მაგრამ რატომღაც არ აქვს სტატუსი, ლოგიკურად, მიდიან იმ აზრამდე, რომ ეს ადამიანი ფარულ გავლენებს ფლობს. ყველას აქვს უფლება, ასეთი ლეგენდები შექმნას, მაგრამ საზოგადოება აქაც არ უნდა გადავიდეს ზედმეტებში. თუმცა, როცა ამაზე საუბარს ის ადამიანები იწყებენ საჯაროდ, ვისაც თავისი თავი რაღაცად მიაჩნია, ესაა გულდასაწყვეტი.

- გესმით, რომ ამ ინტერვიუს მერეც გაუგებარი დარჩება თქვენი როლი, თუ ზუსტად არ განსაზღვრავთ, რა იყო თქვენი სტატუსი "ოცნებაში" და რა არის დღეს - სტატუსის განსაზღვრა კი ყოველთვის შესაძლებელია!

- ვცადოთ - მაშინ პროცესში ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული, არ ვყოფილვარ პარტიის წევრი და შეიძლება ითქვას, ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი ვიყავი, რომელიც გადაწყვეტილებების მიღების ერთ-ერთი და არა ერთადერთი მონაწილე იყო. დღეს ჩემი სტატუსი "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში არის ნული!

- ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში?

- მასთან მიმართებაში არის მეგობრობა და მეტი არაფერი.

- და არა პირადი მრჩეველი, რომელიც მეგობრობას ზეწოლისთვის იყენებს?

- ბიძინა ივანიშვილს რომ იცნობდეთ, ამ კითხვას არ დასვამდით. ასეთი რამ არ არსებობს ბუნებაში, შეუძლებელია, ვინმემ ივანიშვილს გადაწყვეტილება მიაღებინოს. ქრონოლოგიას გაგახსენებთ - როცა შარშან ივანიშვილთან მივედი, მაშინვე ვთქვი, რომ შევდივარ პოლიტიკურ პროცესში, მაგრამ როგორც კი პოლიტიკური ციკლი დამთავრდება, ჩემს საქმიანობას ვუბრუნდები-მეთქი.

- თუმცა, იმასაც ამბობდით, შეიძლება, ჩემი პარტია გავაკეთოო.

- ეს მაშინ, როცა შევდიოდი. ხან ერთი პარტია დავიძახე, ხან - მეორე. ამის მერე შევედი ბიძინა ივანიშვილთან. მერე შევასრულე ჩემი სიტყვა და წამოვედი "ოცნებიდან" - არ მითამაშია, ეს ჩემი შინაგანი მრწამსი იყო. პოლიტიკურ პარტიებთან, ჩემი თავისუფალი სტატუსიდან გამომდინარე, მწვავე შიდადისკუსია მქონია, რაც ბევრს არ მოსწონდა. მე რომ "ოცნებიდან" წამოვედი, იქვე ყველას ბოდიში მოვუხადე, ვისაც ვაწყენინე.

- აი, ეგ იყო პათეტიკა, თუ იყო.

- შეიძლება, თქვენთვის პათეტიკა იყო, მაგრამ ეს იყო ჩემი ცხოვრება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შურისძიების სურვილი არ დარჩენიათ, იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკოსები, საერთოდ, უცნაური ხალხია, გრძელვადიანი წყენა იციან ხოლმე.

- მთელი ეს მითები, როგორც უწოდებთ, მოგწონთ, გაბრაზებთ თუ სულერთია?

- გული მწყდება, მაგრამ მეორე მხრივ, მესმის ამ ყველაფრის ანატომია. ძალიან დიდი ხნის გამოცდილება მაქვს ამ სივრცეში ყოფნისა, მაგრამ მეც ადამიანი ვარ და გული მტკივა.

- მერე, ამდენ ხანს იმუნიტეტი ვერ გამოიმუშავეთ?

- ამაზე არ ვნერვიულობ და თითებს არ ვიკვნეტ, უბრალოდ, ადამიანურად ვწუხვარ, მაგრამ ესაა რეალური სამყარო და ამ ყველაფრის ახსნა მიწევს, რადგან საჯარო ფიგურა ვარ და თმენის ვალდებულება გამაჩნია.

ნინო კომახიძე

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა