საბავშვო ბაღებში გადასახადი დარჩება

საბავშვო ბაღებში გადასახადი დარჩება

არჩევნებამდე, გარკვეული ხნის განმავლობაში გააქტიურებული თემა, საბავშვო ბაღებში გადასახადის მოხსნაზე, კვლავ მიყუჩდა. მიუხედავად უკმაყოფილო მშობლების ჩივილისა, ბაღებში გადასახადების გაუქმება არ იგეგმება.

თბილისის მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, გადასახადი 30-დან 80-ლარამდეა. მეორე წელია, თბილისში არსებულ საბავშვო ბაღებს არაკომერციული, არასამეწარმეო იურიდიული პირი - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო უწევს კურირებას. გადასახადი თითოეული ბაღის შემთხვევაში ინდივიდუალურია. ანუ, გარეუბნებში შედარებით დაბალია, ხოლო ცენტრალურ უბნებში - მაღალი.

მერიისავე გადაწყვეტილებით, მშობელი, საბავშვო ბაღის ასაკის მეორე შვილის სწავლებაში, პირველი შვილის სწავლის ღირებულების 50%-ს იხდის, ხოლო მესამე ბავშვის სწავლება უფასოა.

28 წლის დიასახლისს, სოფო ფიცხელაურს გლდანის 31 ბაგა-ბაღში, 3 ბავშვი დაჰყავს. ჯამში 60 ლარს იხდის და ამბობს, რომ ეს გადასახადი მისთვის არცთუ ცოტაა.

"საბავშვო ბაღში 3 შვილი დამყავს. ჩვენთან გადასახადი 40 ლარია. ანუ, მეორე ბავშვზე 20 ლარს ვიხდი, ხოლო მესამეზე უფასოა. მართალია, ეს გადასახადი სხვა ბაღების გადასახადებთან შედარებით დაბალია, მაგრამ მისი გადახდა მაინც ძალიან გვიჭირს. ყოველთვე 60 ლარის გადახდა არცთუ იოლია.

გარდა მაგისა, ერთი დღითაც რომ დააგვიანოთ გადასახადი, ბავშვებს რიცხავენ. დირექციას რომც არ უნდოდეს, სააგენტოდან მოდის ბრძანება. მერე, უკან ჩარიცხვა კი ძალიან ძნელია, რადგან მის ადგილას, მაშინვე სხვას იღებენ.

ბავშვის ბაღში ჩარიცხვა იმდენად ძნელია, რომ ჩემმა ნათესავებმა, რომლებიც ბავშვის ბაღში შეყვანას მარტიდან გეგმავენ, რეგისტრაცია სექტემბერში გაიარეს და ყოველ თვე გადასახადს ტყუილად იხდიან, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ბაღში არ დადის. ასე რომ არ მოქცეულიყვნენ, მარტში ბავშვს ვეღარ ჩარიცხავდნენ. ანუ, ადგილი დაიკავეს", - ამბობს ჩვენი რესპოდენტი.

მისივე თქმით, ეს პრობლემა მას მერე დადგა, რაც ბაღების რიცხვი შემცირდა.

"ჯგუფები იმდენად გაიზარდა და გადაივსო, რომ ზოგიერთ ჯგუფში 40 ბავშვია. როგორ შეიძლება 40 ბავშვის ერთ ოთახში ყოფნა და მათი მოვლა-გაკონტროლება?"

სოფოს თქმით, გადასახადი იმ შემთხვევაშიც უნდა გადაიხადო, თუ ბავშვი რაიმე მიზეზით ბაღში არ დადის.

"ჩემს გოგონას ოპერაცია გავუკეთეთ და 1 თვე არ მიტარებია ბაღში. ამის მიუხედავად, გადასახადი მაინც გადავიხადეთ. ჩემი აზრით, ეს არცთუ სამართლიანია.

ვერ ვიგებ, სახელმწიფო ბაღი რატომ უნდა იყოს ფასიანი? ჩვენს ბაღში თითქმის ყველას უჭირს გადახდა. წინასაარჩევნოდ საუბარი იყო მათ გაუქმებაზე, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი ისმის", - ამბობს სოფო ფიცხელაური.

"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამაში სკოლამდელი ბავშვის განათლების გადასახადის მოხსნა გათვალისწინებული იყო, თუმცა როგორც მთავრობის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, მანანა თოქმაჯიშვილმა განგვიცხადა, ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია.

"ჩვენი დაპირება აუცილებლად შესრულდება, მაგრამ ამ ეტაპზე, სანამ ადგილობრივ თვითმმართველობებსა და მერიაში იგივე ხალხია, ვერაფერს გავხდებით", - განგვიცხადა მან.

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრი და საკრებულოს დეპუტატი, ჯაბა სამუშია, ბაღებში გადასახადების გაუქმების ინიციატივით არაერთხელ გამოვიდა, თუმცა მისმა გამოსვლებმა შედეგი ვერ მოიტანა. სამუშია აცხადებს, რომ ზემოთხსენებული გადასახადის დაწესებით, სახელმწიფო ვალდებულებებს თავიდან იცილებს.

"ქალაქის მერია კონსტიტუციას არღვევს. კონსტიტუციის მიხედვით, ბავშვების სკოლამდელს აღზრდას სახელმწიფო თავის თავზე უნდა იღებდეს და ეს მისი პრეროგატივა უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ბაღში არანაირი გადასახადი არ უნდა არსებობდეს. როცა ქალაქის მმართველობაში ახალი ხელისუფლება მოვა, ბუნებრივია, ეს შეიცვლება.

რაც შეეხება იმას, რომ სხვადასხვა ბაღში სხვადასხვა გადასახადია, რა თქმა უნდა, ესეც აბსურდია. ეს იმას ნიშნავს, რომ გლდანელი ბავშვი სხვა რამეს ჭამს და ვაკელი სხვას? საერთოდ, ეს უგულავას მიერ საკუთარ მოსახლეობაზე დაწესებული კიდევ ერთი სულელური საგადასახადო ვალდებულებაა", - აცხადებს სამუშია.

კითხვებით, იგეგმება თუ არა გადასახადის გაუქმება და რის მიხედვით დგინდება არათანაბარი გადასახადი, "რეზონანსმა" თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს მიმართა.

"სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ამ ეტაპზე გადასახადის გაუქმება არ განიხილება. გადასახადს ბაღის ადმინისტრაცია ადგენს, ბაღის სპეციფიკიდან გამომდინარე (მაგ: ბაღში არსებული ბავშვთა რაოდენობიდან, კომუნალური ხარჯებიდან და ა.შ.)", - განგვიმარტეს სააგენტოში.

ჩვენ ასევე დავინტერესდით თუ რატომ უჭირთ მშობლებს ბავშვების ბაღებში ჩარიცხვა და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თბილისში საკმარისი ბაღები არ არის. სააგენტოს წარმომადგენელმა ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ კითხვაზე ფრიად მოკლე პასუხი გაგვცა, რომ "სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვების რეგისტრაცია მთელი წლის განმავლობაში, ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს".

თაკო მათეშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"