უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების შექმნის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში რჩება

უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების შექმნის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში რჩება

უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების შექმნის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილი და სხვა ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღევანდელ სხდომაზე აღნიშნულ საქმეზე ოქრუაშვილისა და სხვა ბრალდებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების გაუქმების შესახებ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

როგორც მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ განმარტა, შესაძლოა, აღნიშნულმა პირებმა კვლავ სცადონ მიმალვა, მოწმეებზე ზემოქმედება ან მტკიცებულებების განადგურება, რაც ხელს შეუშლის გამოძიებას.

მოსამართლის არგუმენტი უსაფუძვლოდ მიიჩნია დაცვის მხარემ. ადვოკატების განცხადებით, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ დევს. მათ მოსამართლის აცილება მოითხოვეს, რასაც ბრალდებულებიც დაეთანხმნენ. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ აცილების თაობაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სხვა საქმეზე 11-წლიანი პატიმრობის განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს და უკანონო შეიარაღებული ფორმირებების საქმეზე ოქრუაშვილს აღმკვეთი ღონისძიება უნდა მოეხსნას.

რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, ადვოკატების ნაწილმა მათი გირაოს, ნაწილმა კი გირაოს გარეშე გათავისუფლება მოითხოვა.

ადვოკატებმა დღევანდელ პროცესზე დააყენეს შუამდგომლობები ბრალდებულებისა და საქმესთან დაკავშირებული მოწმეების სახით დაკითხვის შესახებ. მოსამართლის განმარტებით, ბრალდებულები ისედაც იყვნენ დასაკითხ პირთა სიაში და ისედაც დაიკითხებიან. ამასთან, მან მოწმეების დაკითხვის შესახებ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ამასთან, დღესვე სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საქმეზე შემდეგი სხდომა 10 დეკემბერს, 10.00 საათზე გაიმართება.

ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, აღნიშნულ საქმეზე კიდევ შვიდი პირია ბრალდებული, რომელთა შორის ერთი მიმალვაშია. ირაკლი ოქრუაშვილს ბრალად უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა და მეთაურობა ედება, დანარჩენებს კი უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ