რასმუსენი - "ნატო დაპატიმრებების საქმეში არ ჩაერევა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ სრულად უნდა სცეს პატივი კანონის უზენაესობას"

რასმუსენი - "ნატო დაპატიმრებების საქმეში არ ჩაერევა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ სრულად უნდა სცეს პატივი კანონის უზენაესობას"

ნატო საქართველოში მიმდინარე დაპატიმრებების საქმეში არ ჩაერევა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ სრულად უნდა სცეს პატივი კანონის უზენაესობას , - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ "ინტერპრესნიუსის" შეკითხვის პასუხად განაცხადა.

"შეხვედრაზე ვისაუბრეთ და განვიხილეთ საქართველოს ყოფილი მთავრობის წარმომადგენლების უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე დაპატიმრებების საკითხიც. ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ ნატო არ ჩაერევა ამ საქმეებში, მაგრამ ასევე ხაზი გავუსვით იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სრულად უნდა სცეს პატივი კანონის უზენაესობას და დაპატიმრებულ ხალხს სრული საპროცესო უფლებების გარანტია მიეცეს, რათა ეს შემთხვევები არ იყოს აღქმული, როგორც პოლიტიკური დევნა. ასე აღქმა კი უკიდურესად საზიანო იქნება", - აღნიშნა რასმუსენმა.

მისივე თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრაზე საუბარი იმ გამოცდასაც შეეხებოდა, რომელიც საქართველომ ოქტომბრის არჩევნებით ჩააბარა.

"შეხვედრაზე ვაღიარეთ, რომ საქართველომ ჩააბარა ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა. ჩვენ ველოდებით უმტკივნეულო კოჰაბიტაციას ახალ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის და თავისუფალ, კანონიერ და გამჭვირვალე საპრეზიდენტო არჩევნებს შემდეგ წელს", - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა