გამოკითხულთა უმეტესობა თბილისის მერის, გიგი უგულავას ძირითად წარუმატებელ ნაბიჯებს შორის პროდუქტებსა და მგზავრობაზე გაზრდილ ფასებს, ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადის გაერთიანებას ასახელებს.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე, რა არის თბილისის მერის, გიგი უგულავას ძირითადი წარუმატებლობები, რესპონდენტთა პროცენტული მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა: პროდუქტებზე გაზრდილ ფასს 15% პირველი რიგის წარუმატებლობად ასახელებს, 21% კი მეორე რიგის წარუმატებლობად. ელექტროენერგიის და დასუფთავების გადასახადის გაერთიანება - 11%-ის აზრით, პირველ რიგში წარმოადგენს უგულავას ძირითად წარუმატებელ ნაბიჯს, 15%-ის შეფასებით კი, მეორე რიგში. ტრანსპორტით მგზავრობის მაღალი ფასი - შესაბამისად 8% - 17%, ბიუჯეტი - 5% - 8%, უშნო შენობები - 3% - 3%, კომუნალური გადასახადები - 2 %- 3 %, ყველაფერი - 2% - 2%, არაფერი - 4% - 4%.
რაც შეეხება დედაქალაქის მერის მიღწევებს, გამოკითხულთა 20% პირველი რიგის მიღწევად ინფრასტრუქტურას ასახელებს, 23% კი მეორე რიგის. დასუფთავება - 16%-ის აზრით, უგულავას მიერ პირველ რიგში მიღწეული წარმატებაა, 25% კი აღნიშნულს მეორე რიგის მიღწევად მიიჩნევს. გზების შეკეთება - შესაბამისად, 7%- 14%, ქუჩის განათება - 5% - 12%, სკვერების და ბაღების გაუმჯობესება - 2% - 10%, ძველი თბილისის განახლება - 2% - 3%, ტრანსპორტი - 2% - 6%, სოციალურად დაუცველი ხალხი - 2% - 3%, სტადიონები - 1% - 3%, სადარბაზოებში ბუნკერების გაუქმება - 1 % - 2%, შენობის ფასადები - 1% - 3%, შადრევნები - 1% - 2%, არაფერი - 13% - 13% და არ ვიცი - 23% - 23%.
რა არის სამი ძირითადი საკითხი, რაც თბილისის მერმა უნდა მოაგვაროს? - შესაბამის შეკითხვაზე ინფრასტრუქტურას 25% პირველი რიგის ამოცანად ასახელებს, 41% კი მეორე რიგის. სოციალური პრობლემები - შესაბამისად 12% - 23%, კომუნალური გადასახადების შემცირება - 11% - 30%, ტრანსპორტით მგზავრობის ფასის შემცირება - 10% - 23%, დასაქმება - 10% - 22%, ხალხის კეთილდღეობა - 8% - 12%, დასუფთავება - 4% - 8%, ტრანსპორტი - 2%, - 7%, ჯანდაცვა - 2% - 8%, ელექტროენერგიის და დასუფთავების გადასახადი - 2% - 3%, პენსიები 2% - 5%, შენობები - 2% - 4%, გზები - 1% - 2% და მაღალი ფასები - 1% - 3%.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საქართველოში მორიგი კვლევა 9-დან 21 ნოემბრის პერიოდში ჩაატარა. მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო ასაკის მქონე 1500 პირი, პირდაპირი ინტერვიუს გზით გამოიკითხა.