პრეზიდენტის ძმა ირაკლი ოქრუაშვილს გულშემატკივრობს

პრეზიდენტის ძმა ირაკლი ოქრუაშვილს გულშემატკივრობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად, მისი გარემოცვის რამდენიმე წევრსაც ასამართლებენ. სხდომა 3 დეკემბერსაც გადაიდო. პროცესის გადადების მიზეზი ადვოკატ ლალი აფციაურის განცხადება გახდა. როგორც გაირკვა, პროცესზე არ მოუყვანიათ ორი ბრალდებული, რომლებიც იძებნებოდნენ და ამ დღეებში დააკავეს. მოსამართლეს მათ დაკავებაზე ინფორმაცია არ ჰქონდა და სხდომა გადადო.

შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილი დაუსწრებლად 2008 წელს გაასამართლეს და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ეს განაჩენი ადვოკატებმა მისი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გაასაჩივრეს. ამჯერად კი ყოფილ მინისტრს უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. საქმე 26 მაისის მოვლენებს უკავშირდება. მასთან ერთად განსასჯელის სკამზეა მისი ბიძაშვილი, იოსებ გიგუაშვილი, თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი, ხვიჩა საბაშვილი, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი, გიორგი გაბროშვილი, ოქრუაშვილის დაცვის წევრი. 28 ნოემბერს მათ შეემატა დაცვის კიდევ ერთი წევრი, ძებნილი გაბრიელ პავლიაშვილი. მათთან ერთად გაასამართლებენ თამაზ ბეგიაშვილს - სპეცრაზმის ყოფილ უფროსს. ამ საქმეზე ისევ იძებნებიან ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ ქარელის დაცვის წევრი, ზაზა ბეთლემაძე და შიდა ქართლის სატყეოს უფროსი მალხაზ კაკაშვილი. ყველა მათგანს შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობა ედება ბრალად, რაც 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თავად ყოფილი მინისტრის ბრალდება კი - 9 წლამდე პატიმრობას. მის წინააღმდეგ სასამართლოში კიდევ ერთი საქმეა შესული, რაც სამსახურებრივ გულგრილობასა და ფულის გათეთრებას ეხება. ისიც ცნობილია, რომ მას ბუტა რობაქიძის საქმის ირგვლივაც მოუწევს ჩვენების მიცემა. აქ გამოიკვეთება თუ არა მისი ბრალეულობა, მომავალში გამოჩნდება.

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ამჯერადაც ჟურნალისტებს 2-წუთიანი ვიდეოგადაღების უფლება მისცა და ეს საქმისადმი საზოგადოების დიდი ინტერესით ახსნა. ისევ გაიღო ყველაზე დიდი, 150-კაციანი დარბაზი და სხდომა ისევ იქ ჩატარდა. დარბაზში ყოფილი მინისტრი ისევ გაღიმებული სახით შემოვიდა, ახლობლებს შორიდან მიესალმა და ბრალდებულის სკამზე მოკალათდა. პროცესზე პირველად გამოჩნდა ირაკლის დედა, ქალბატონი ეთერი. როგორც წინა სხდომას, ამჯერადაც სასამართლოს ესწრებოდნენ პრეზიდენტის ძმა, დათო სააკაშვილი, მსახიობი რამაზ იოსელიანი, თეო ტლაშაძე და ბრალდებულების გულშემატკივრები. ისინი ისევ ფეხზე მდგომნი, ტაშით შეეგებნენ ყოფილ მინისტრს.

ოქრუაშვილი ასანთის კოლოფიდან ამოყრილ ღერებს ათამაშებდა. შორიდან ჩანდა, რომ რაღაც ფიგურის აწყობას ცდილობდა და მშვიდად უსმენდა მოსამართლეს. მომავალ სხდომაზე საქმის განხილვა სავარაუდოდ, საბრალდებო დასკვნის წაკითხვით განახლდება. ადვოკატ ლალი აფციაურის თქმით, სასამართლო სხდომაზე ბევრი საინტერესო დეტალი გაირკვევა. "ყველასთვის ცნობილია, რომ ძებნილები თავიანთი სურვილით ბრუნდებიან სამშობლოში და ცდილობენ პოლიციაში გამოცხადებას, თუმცა ხდება მათი დაკავება. გაბრიელაშვილი გორში დააკავეს, ვერ მოასწრო პოლიციაში მისვლა. სასამართლოში მოვისმენთ ბრალდებულების ჩვენებებს. ისინი არ აღიარებენ დანაშაულს, ან როგორ უნდა აღიარონ, როცა საქმეში არანაირი მტკიცებულება არ დევს. მთელი ბრალი ეფუძნება დაუდგენელ დროს, დაუდგენელ ვითარებასა და დაუდგენელ გარემოებებში ჩადენილ დანაშაულს. საქმის მასალებში წარმოდგენილია 1908 წელს გამოცემული არაერთი ჭურვი. რომ არაფერი ვთქვათ, ამ ჭურვების წარმომავლობაზე, საერთოდ, ეჭვქვეშ დგება, რამდენად ვარგისიანია იგი და რამდენად სწორი დასკვნა გასცა ექსპერტიზამ", - ამბობს ადვოკატი აფციაური.

თეო ტლაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი და თანაგუნდელი:

- ირაკლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სრულიად შეგნებული იყო. როგორც კი პატარა შანსი გაჩნდა, დაბრუნდა და მზადაა, უპასუხოს ყველა კითხვას. მასთან სულ მქონდა ურთიერთობა, "ქართული პარტიის" თავმჯდომარეა და მის გარეშე არანაირ გადაწყვეტილებას არ ვიღებდით. მე ვიცოდი ისიც, რომ იმ დღეს ჩამოდიოდა და ემოციურად მძიმე იყო ჩემთვის. ძალიან მძიმე პერიოდი გადავიტანეთ და იმედით ვუყურებ სასამართლო პროცესებს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სასამართლო ბოლომდე თავისუფალი არ არის "ნაციონალური მოძრაობისგან", მაინც გვაქვს იმედი, რომ ის პატარა სინათლის სხივი, რომელიც გამოჩნდა, მისცემს შანსს, დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და გასცეს ყველა იმ ბრალდებას პასუხი, რაც საზოგადოებისთვის ცნობილია. ირაკლი ოქრუაშვილს უნდა ჰქონდეს პოლიტპატიმრის სტატუსი და არა - პოლიტდევნილის. პოლიტდევნილის სტატუსი მას უკვე აქვს ყველა იმ კრიტერიუმის დაცვით, რასაც საერთაშორისო სამართალი ითვალისწინებს. სასამართლო პროცესები წარმატებით დაასრულა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, ბოლოს საფრანგეთის სასამართლომ თქვა, რომ ყველა ბრალდება იყო პოლიტიკურად მოტივირებული და ირაკლი იდევნებოდა საქართველოს ხელისუფლებისაგან. სწორედ ამის გამო მიეცა მას პოლიტიკური თავშესაფარი. ირაკლი ოქრუაშვილის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა საფრანგეთის ხელისუფლება და ძალიან დიდი კონტროლის ქვეშ იყო, თუ დაცვას მოითხოვდა, დაცვაც ეკუთვნოდა. სტატუსის შეცვლა უნდა მოხდეს, ეს არის მარტივი ლოგიკა. როცა საქართველოში არის ევროპული ორიენტაციის ხელისუფლება, ირაკლიმ ადვილად უნდა შეძლოს, სიმართლე საქართველოშიც დაამტკიცოს. ის პირადად მიხეილ სააკაშვილის პატიმარია.

- ირაკლის სასამართლო პროცესებზე პრეზიდენტის ძმა, დავით სააკაშვილი აქტიურად დადის. რითი ავხსნათ ეს?

- საქართველოში არიან ისეთი ოჯახები, სადაც ოჯახის წევრებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ. მაგალითად, მიხეილ მაჭავარიანი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერია, მისი ძმა - ვანო კი "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი და როგორც ვიცი, ჰქონდა შანსი, სერიოზული თანამდებობა მიეღო "ქართულ ოცნებაში". რაც შეეხება დავით სააკაშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის განსხვავებას, აქაც შესაძლოა იყოს იგივე ვარიანტი. ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი 2007 წელს მისი სიტყვები. ერთ-ერთ სუფრასთან ერთად ვიყავით და გავიგონე, დათო სააკაშვილმა ირაკლი ოქრუაშვილის რომ უთხრა: მე შენი თავი მირჩევნია ჩემს ძმასო. არ ვიცი, ეს გულწრფელად ნათქვამი სიტყვები იყო თუ არა, მაგრამ მოვისმინე. ისინი ძალიან დიდი ხანია მეგობრობენ, თითქმის ბავშვობიდან. პირველ პროცესზე რომ მოვიდა, მაშინ მეც ჩამომართვა ხელი და მომიკითხა.

- აპირებენ თუ არა ირაკლის მეუღლე და შვილები სამშობლოში დაბრუნებას?

- ოჯახის გადაწყვეტილებაზე ნამდვილად ვერაფერს გეტყვით, ეს მათი პირადი საქმეა. როცა ჩათვლიან საჭიროდ, მაშინ დაბრუნდებიან. ირაკლის მეორე შვილი - ანდრია საფრანგეთში დაიბადა და იქაური მოქალაქეა.

სასამართლო სხდომებს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი, რამაზ იოსელიანიც ესწრება. ცნობილია, რომ ის ოქრუაშვილის მეგობარია და პარიზშიც კი მოინახულა. მაშინაც ამბობდა, რომ თავისი ვიზიტი პოლიტიკასთან დაკავშირებული არ ყოფილა.

რამაზ იოსელიანი, მსახიობი:

- მე და ირაკლი დიდი ხნის მეგობრები ვართ. პირველ რიგში მივესალმები მის სამშობლოში დაბრუნებას. აბსოლუტურად ლოგიკური სვლა გააკეთა, ხაზი გაუსვა და აღიარა, რომ ის მთავრობა, რომელიც მოვიდა, ჭეშმარიტად დემოკრატიული მთავრობაა. ამ ნაბიჯით აღიარა მათი უფლებამოსილებები. დარწმუნებული ვარ, ირაკლის გაამართლებენ, რადგან მჯერა, რომ ის სრულიად უდანაშაულოა. ქვეყნის სათავეში გიჟი გვყავდა და მერწმუნეთ, მასთან ბრძოლა ძალიან რთულია. ამ ბრძოლის გამო იყო, რომ ირაკლი ციხეში აღმოჩნდა. მასთანაა დაკავშირებული ბრძოლის ტალღა, ის რომ არ ყოფილიყო, შეიძლებოდა კარგა ხანს ისევ ცუდ სიტუაციაში ვყოფილიყავით, დღეს ასე თავისუფლად ვერ ვისუნთქებდით. ფაქტობრივად, ირაკლიმ დაიწყო სიმართლისთვის ბრძოლა, ეს ყველას კარგად უნდა ახსოვდეს.

მართალია, ოქრუაშვილის გულშემატკივრები მის უდანაშაულობაში დარწმუნებულები არიან, მაგრამ ცხადია, ასე არ ფიქრობს საზოგადოების დიდი ნაწილი. ყველას კარგად ახსოვს, მისი შინაგან საქმეთა მინისტრობისა და პროკურორობის დროს განხორციელებული ხმაურიანი დაკავების ფაქტები, სახლებში, ტელეკომპანია "იბერიაში" შევარდნები და მძინარე ადამიანების ტელეკამერების წინ დაკავება. სხვათა შორის, იმ დროს დაკავებული ბევრი პირი დღეს პოლიტპატიმართა სიაშია, ყოფილი მინისტრის გვარის გვერდით. ისიც ცნობილია, რომ რობაქიძის საქმეზე მას დაჰკითხავენ. მოკლული ბუტა რობაქიძე და მისი მეგობრები როცა კრიმინალებად შერაცხეს, ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ისიც ცხადია, პროკურატურაში შეტანილ ათასობით საქმეში, რომლის გადახედვას ადამიანები ითხოვენ, ბუნებრივია, ყოფილი მინისტრის მისამართითაც იქნება ბრალდებები. ის ხომ ძველი ხელისუფლების გუნდის წევრი იყო, ცხადია, თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მართალია, ჯერჯერობით პროკურატურის პოზიცია მიმდინარე სასამართლო პროცესზე წაყენებული ბრალდების მიმართ უცვლელია, მაგრამ საყურადღებოა მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის მიერ ტელევიზიით გაკეთებული განცხადება. იგი არ გამორიცხავს, რომ ოქრუაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდებები გადაისინჯოს: "პოზიცია, რომელიც იყო წარდგენილი და დაფიქსირებული პროკურატურის წინა ხელმძღვანელთა მიერ, ამ ეტაპზე შენარჩუნებულია, თუმცა, ვამბობ, ეს არ არის საბოლოო პოზიცია და შესაძლებელია, ის გადაისინჯოს", - განაცხადა კბილაშვილმა.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა