არმაზ ხარძიანი: "მითხრეს, როგორმე ჩამოიყვანე ემზარ კვიციანი, დაგვაჭერინე და თავისუფალი იქნებიო"

არმაზ ხარძიანი: "მითხრეს, როგორმე ჩამოიყვანე ემზარ კვიციანი, დაგვაჭერინე და თავისუფალი იქნებიო"

ჩვენ მოვახერხეთ სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში მყოფ არმაზ ხარძიანს დავკავშირებოდით, რომელიც ამბობს, რომ ეს არის ლალი აფციაურის რევანში(!), ყაჩაღობები კი მუქარის შედეგად აღიარებინეს, ხოლო გლდანის ციხეში გადაყვანის შემდეგ, მისგან სხვადასხვა გარიგებაზე დათანხმებას ითხოვდნენ თავისუფლების სანაცვლოდ. არმაზ ხარძიანი თავს პოლიტიკური დევნის მსხვერპლად მიიჩნევს და ამბობს, რომ მასზე ნადირობა გაზეთში თბილისის მერის, გიგი უგულავას ავსტრიაში ყოფნის სკანდალური ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო. "ლომბარდის გვერდით მდებარე მაღაზიაში შესულს ლომბარდის დაყაჩაღება დამედო ბრალად. რომ დამიჭირეს, პირველი, რაც მკითხეს, ეს იყო - "სად მუშაობ?" - ნაცვლად გვარისა და სახელისა. განყოფილებაში ფეხში დამჭრეს პოლიციელებმა და სისხლისგან დაიცლები, თუ არ აღიარებო, მეუბნებოდნენ", - ჰყვება ხარძიანი.

არმაზ ხარძიანი: წლების წინ, რუსულ პრესაში გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, ლალი აფციაურის ქმარზე გაზეთ "ყველა სიახლეში" გამოვაქვეყნე სტატია. აღნიშნულ სტატიაში აღწერილი იყო ერთ-ერთ ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა, რომელშიც აფციაურის ქმარი მონაწილეობდა და რომლის დროსაც პატარა ბავშვს თითები დააჭრეს. ამის შემდეგ ლალი აფციაურმა ჩემი ნაცნობის მეშვეობით შემომითვალა, რატომ დაწერე ასეთი სტატიაო? ჩემი პასუხი უხეში იყო, შევუთვალე, ვიღაცას უფლება აქვს პატარა ბავშვს თითები დააჭრას და ვიღაცას ამის დაწერის უფლება არა აქვს-მეთქი? ალბათ, ამის გამო იძია აფციაურმა შური.

- არმაზ, რა ხდებოდა გლდანის ციხეში, როცა შენ იქ იმყოფებოდი?

- ერთ დღეს მანახვეს ვიდეოკადრები, როგორ აუპატიურებდნენ ერთ-ერთ ცნობილ ადამიანს. მის ვინაობას ვერ დავასახელებ, მაგრამ ვინ აუპატიურებდა, ვიცი. ეს იყო ნებაყოფლობითი აქტი. ანუ, ვისაც აუპატიურებდნენ, იცოდა, რომ უნდა გადაეღოთ. შემსრულებელი კი იყო გლდანის ციხის ერთ-ერთი ე.წ. ქათამი. ეს კადრები მანახვეს მას შემდეგ, რაც რამდენიმე შემოთავაზებაზე კატეგორიული უარი განვაცხადე.

პირველი შეთავაზება იყო ზვიად ძიძიგურისა და კახა კუკავას დისკრედიტაცია - მათთვის 10 000 დოლარი უნდა ჩამედო მანქანაში... მერე, როცა ოპოზიცია შესუსტდა და კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის, ემზარ კვიციანის თემამ წამოიწია, მთავაზობდნენ, სვანეთში ხომ არ შეხვდებიო. კვიციანთან, როგორც ჟურნალისტს, კარგი ურთიერთობა მქონდა და ერთხელ სატელეფონო საუბრისას მითხრა, სვანეთში, სოფელ კალაში შევხვდეთო. მე კატეგორიული უარი განვუცხადე, რადგან კვიციანი რომ დაეპატიმრებინათ, არავინ დაიჯერებდა, მე რომ არ "ჩავუშვი". ეს 2010 წლის აპრილში მოხდა. ციხეში კი მითხრეს, ხომ შეგიძლია ემზარის ჩამოყვანა კალაში, როგორმე ჩამოიყვანე კვიციანი, დაგვაჭერინე და თავისუფალი იქნებიო. პირდაპირი უარი არ მითქვამს სიკვდილის შიშით, მინდოდა, გლდანის ციხიდან ცოცხალი გამოვსულიყავი. ვუთხარი, ჩამოგიყვანთ და დაიჭირეთ, მაგრამ ცოლი და შვილები რომ მოვიდნენ ჩემთან და მკითხონ, რატომ გააკეთე ეს, პასუხი მასწავლეთ-მეთქი. შენ თავისუფლება არ გნდომებიაო, - მითხრეს. შემდეგ, ჩემდა საუბედუროდ, გადაწყვიტეს "პალიტრა-მედიის" ფინანსური შემოწმება, გახსოვთ, ალბათ, მედიასახლის ერთდროულად 6 ორგანიზაციაში რომ შევიდა საგადასახადო და თვეების განმავლობაში ამოწმებდა, თუმცა ვერაფერი ნახეს. ღამის 3 საათზე გადამიყვანეს კამერიდან ადმინისტრაციის შენობაში. მკითხეს, "პალიტრაზე" რისი თქმა შეგიძლია, სად უჭირს, რაში შეიძლება გამოვიჭიროთო? მითხრეს, მაგ თემაზე იფიქრე და ხვალ ვილაპარაკოთო, - დამაბრუნეს საკანში, მაგრამ ნახევარ საათში ისევ გამიყვანეს. ეს რა ფსიქოლოგიური მეთოდია, მხოლოდ გლდანის ციხეში მყოფებმა იციან. მეორე ღამეს გამიყვანეს და მაყურებინეს იმ 15-წუთიანი ვიდეოსთვის, რაზეც ზემოთ მოგახსენებდით. ეს ვიდეო რომ მაყურებინეს, მითხრეს, შენც ეს გელისო. როცა ვუთხარი, ეს არ მელის იმიტომ, რომ თქვენ თუ არ მომკლავთ, თავს მოვიკლავ-მეთქი, მიპასუხეს, შენ თუ თავს მოიკლავ, შვილები და ცოლი გრჩებაო(!) სკოლა დამისახელეს, სადაც დადიოდნენ ჩემი შვილები და ჩემი ცოლი რომელ სალონში აბარებდა ნამუშევრებს. ჩემს ცოლს როგორი თმა ჰქონდა, ისიც კი მითხრეს. როცა საბოლოოდ ვთქვი უარი თანამშრომლობაზე, დაუძახეს რეჟიმის იმჟამინდელ უფროს ოლეგ ფაცაციას, მას ყურში რაღაც ჩასჩურჩულეს და ჩემზე უთხრეს, - წაიყვანეო. ფაცაციამ გარეთ გამიყვანა, გამაჩერა და განმიცხადა, მითხრეს, თავის მოკვლა უნდაო და კამერაში რომ დაგაბრუნო, იქ მოიკლავ თავს თუ კარცერშიო? ჩუმად ვიდექი, სიგარეტს ვეწეოდი, მეგონა, ჩემი ბოლო სიგარეტი იყო... შემდეგ ფაცაციამ ერთ-ერთ ოფიცერს დაუძახა, - კამერაში წაიყვანეო. ამიყვანეს საკანში, რომელიც აბანოს გვერდით იყო. თუ ამ ციხეში ნამყოფი არ ხარ, ვერ მიხვდები, რას ნიშნავს აბანოს გვერდით მდებარე საკანი. იქ ყოველ ღამეს ისმოდა კაცის საშინელი ღრიალი, რომელიც შემდეგ კივილსა და ღმუილზე გადადიოდა... ეს იყო უსაშინლესი ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რომელსაც იმიტომ მიმართავდნენ, რომ "პალიტრამედიის" საწინააღმდეგო განცხადებებით გამოვსულიყავი, თითქოს ამ მედიასახლში ჟურნალისტებს აიძულებდნენ, შეკვეთილი სტატიები ეწერათ და ა.შ.

ჩვენ კომენტარისთვის ლალი აფციაურს მივმართეთ:

- აბსოლუტური სისულელეა, თითქოს მე მოვახდინე ზემოქმედება, რომ ხარძიანი პოლიტპატიმრად არ ჩაეთვალათ. მას ჰელსინკის ჯგუფმა უთხრა უარი. იგივე განმეორდა კომისიაზეც. მე კი არ ვარ კომისიის წევრი...

- თუმცა, ალბათ, იცნობთ კომისიის წევრებს და გაქვთ მათთან ურთიერთობა...

- კომისიის ყველა წევრთან მაქვს ახლო ურთიერთობა, ყველა ჩემი ნაცნობია, მაგრამ ჰელსინკის ჯგუფზეც მოვახდინე ზემოქმედება და კომისიაზეც? რამდენზე მოვახდინე, ხომ ვერ მეტყვით? ეს საკითხი კომისიაზე იქნა გატანილი, მაგრამ იქ ითქვა, რომ ჰელსინკის ჯგუფს უარი ჰქონდა ნათქვამი...

- თქვენ როგორ ფიქრობთ, არის არმაზ ხარძიანი პოლიტპატიმარი?

- ვერ გეტყვით... საქმის მასალები გვაქვს ნანახი, სადაც ჩანს, რომ ის კონკრეტულ ფაქტზეა დაკავებული.

- ხარძიანი ამბობს, რომ სამაგიერო გადაუხადეთ თქვენს მეუღლეზე სტატიის დაწერის გამო...

- ეს არის აბსოლუტური სისულელე. ჩემი მეუღლე არის გარდაცვლილი. ვისზე საუბრობს არ ვიცი.

P.S. არმაზ ხარძიანმა, რომელიც კონსერვატიული პარტიის წევრი იყო, საყვედურით ილაპარაკა ყოფილ თანაპარტიელებზე - ზვიად ძიძიგურსა და კახა კუკავაზე. "შეთითხნილი დანაშაული რომ ვაღიარე, თითქმის ყველამ მიწა მომაყარა. ძიძიგურმა და კუკავამ, რომელთა გამოც თავისუფლებაზე უარი ვთქვი, მიწა მომაყარეს, მე არ ვარ ყაჩაღი, თუ ამ საქმეს ობიექტურად გამოიძიებენ, მე ამის დამტკიცებას ადვილად შევძლებ", - განაცხადა არმაზ ხარძიანმა.

ხათუნა გაგნიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ