შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ნაწილის შენობასთან, სადაც ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის დაკითხვა მიმდინარეობს, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა კობა ხაბაზმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათი აქ მოსვლის მიზანი პროტესტის გამოხატვაა იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ქვეყანაში ხდება.
"გვინდა გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი იმ სამარცხვინო პოლიტიკის მიმართ, რასაც ივანიშვილი ახორციელებს. მან ღიად მოუწოდა ოპოზიციას, რიტორიკა შეცვალოს. სასაცილოა, როდესაც ხელისუფლება მოუწოდებს ოპოზიციას, არ გააკრიტიკოს. ეს ოპოზიციის ფუნქციაა. ცრუ ბრალდებებით ხდება დაბარებები და დაკითხვები. ჩვენ მოვედით, რომ ამასთან დაკავშირებით პროტესტი გამოვხატოთ. რაც შეეხება პროკურატურას, ის ივანიშვილის დაკვეთით ზეწოლას ახორციელებს ოპოზიციაზე", - განაცხადა კობა ხაბაზმა.
შსს-ს საგამოძიებო ნაწილში ვანო მერაბიშვილის დაკითხვა მიმდინარეობს.