ბოლო დროს რელიგიური ნიშნით დაპირისპირების გახშირება აშკარად პროვოკაციის ნიშნებს ატარებს და საქართველოს სახელმწიფოს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად , - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადებაში, რომელიც მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსდა.
როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, შემაშფოთებელია ის ვითარება, რომელიც ამ ბოლო დროს შეიმჩნევა საქართველოს ზოგიერთ რაიონში მართლმადიდებელი და მუსულმანი მოქალაქეების დაპირისპირების სახით.
"ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ასეთი დაპირისპირება სრულიად უცხოა ჩვენი ხალხისთვის. ეს არ არის ქართული მოვლენა. საუკუნეების განმავლობაში მართლმადიდებელ ქრისტიანებთან სრულიად მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ სხვა რელიგიის წარმომადგენლები და ისტორიას არ ახსოვს რელიგიური ნიშნით დაპირისპირების თუნდაც ერთი შემთხვევა.
სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ ამ ბოლო დროს რელიგიური ნიშნით დაპირისპირების გახშირება აშკარად პროვოკაციის ნიშნებს ატარებს და საქართველოს სახელმწიფოს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება ამ ქვეყნის ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა და ჩვენი ხელისუფლება ვინმესთვის ამ უფლების შეზღუდვას არ დაუშვებს. სამართალდამცავი ორგანოები გამოიძიებენ თითოეულ კანონდარღვევას და უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც კანონსაწინააღმდეგოდ მონაწილეობს ამ სამარცხვინო დაპირისპირებაში.
მინდა მოვუწოდო ჩვენს, როგორც მართლმადიდებელ, ისე მუსლიმან მოქალაქეებს, თავი შეიკავონ და პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის ტრადიციას, რომლისთვისაც სრულიად უცხოა ასეთი დაპირისპირება, ნუ აჰყვებიან პროვოკაციებს და ნუ გახდებიან უღირსი ქმედების მონაწილეები. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვიღებ პასუხისმგებლობას და გპირდებით, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომელ კონფესიასაც არ უნდა მიეკუთვნებოდნენ ისინი, მშვიდობიანი თანაცხოვრების გარანტია ექნებათ", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.