შედევრი, რომელიც პირველად გერმანიამ აღიარა

შედევრი, რომელიც პირველად გერმანიამ აღიარა

"დროის მთავარ მოთხოვნებს არ პასუხობს" - ასეთი ვერდიქტი გამოუტანეს მოსკოვში მერაბ კოკოჩაშვილის ფილმს - "დიდი მწვანე ველი" და წლების განმავლობაში თაროზე შემოდეს. ამ ფილმის აღიარება უცხოეთიდან დაიწყო - 1974 წელს, როდესაც "დიდი მწვანე ველი" სხვა ქართულ ფილმებთან ერთად ბერლინის კინოფესტივალზე ფართო საზოგადოებას წარუდგინეს. ბატონმა მერაბმა დღესაც კი არ იცის, ვინ უჩვენა ქართული ფილმების შესარჩევად თბილისში ჩამოსულ გერმანელ ევა ჰოფმანს "დიდი მწვანე ველი", რომლის დამსახურებითაც მოხვდა ეს ფილმი კინოფესტივალზე.

მერაბ კოკოჩაშვილი - რეჟისორი:

- მეამაყება, რომ დღეს ჩემი ფილმი - "დიდი მწვანე ველი" ყველა დროისა და ყველა ქვეყნის 100 საუკეთესო ფილმს შორის არის შესული. როცა ამ ფილმს ვიღებდი, ვერ წამოვიდგენდი, რომ ასეთი პოპულარული გახდებოდა. მისი შექმნის ისტორია კი ასე დაიწყო: მერაბ ელიოზიშვილმა მომიტანა სცენარი, სადაც აღწერილი იყო მთავარი გმირის არაჩვეულებრივი სახე. სცენარის წაკითხვის შემდეგ დავინახე, რომ მწყემსი სოსანა ვერაფრით შეეგუა ცვლილებებს. კერძოდ - ცივილიზაციას, რომელმაც ის თავის ფესვებს მოწყვიტა. როგორც რეჟისორმა, მაშინვე ორი რამ გავიაზრე: ჯერ ერთი, რომ შესაძლებელი იყო ფილმის გადაღება პიროვნებაზე, რომელიც ვერ ეგუება თავისი სამყაროს დაკარგვას და მეორე - აქ იდგა პიროვნების თავისუფლების საკითხი. საბჭოთა კავშირის დროს, ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ რასაც სთავაზობდა მოსახლეობას, სწორი იყო და სწორედ ამით უნდა ეარსება ადამიანს. "დიდი მწვანე ველი" მათი იდეოლოგიის პროტესტი იყო. 1966 წელს დავიწყე ფილმის გადაღება. როდესაც სცენარი მოსკოვში დასამტკიცებლად წავიღე, იქაურმა რედაქტორებმა სიღრმისეულად არ წაიკითხეს და ისე დაამტკიცეს. მათთვის მთავარი იყო, რომ სცენარი დაწერილი იყო მწყემსზე, მაგრამ მერე რა ემართებოდა ამ მწყემსს, აღარ დაინტერესებულან. ფილმის გადაღებების დროს, მოსკოვიდან პირველი მასალის შესამოწმებლად ჩამოვიდნენ. ცეკას მდივანმა იდეოლოგიის დარგში (გვარი არ მახსოვს) ფილმი დაიწუნა და მითხრა: "ასე არ ვარგა, რაც გინდათ, ის მოიფიქრეთ, მაგრამ პირდაპირ უნდა მიუთითოთ, რომ სოსანა უარყოფითი გმირია". პირველად შევეკამათე, ეს გმირი მიყვარს და უარყოფითად ვერ ვაჩვენებ-მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ კამათს აზრი არ ჰქონდა და გადაღება შევაჩერე. სულ მალე მოსკოვიდან ჩამოვიდა მხატვრული ფილმების მთავარი სამმართველოს უფროსი - კინორეჟისორი იური ეგოროვი. როდესაც ეგოროვმა მასალა ნახა, ძალიან მოეწონა. მან დაინახა ყველაფერი კარგი, რაც საბოლოო ჯამში ფილმში უნდა ასახულიყო და გამოსავალიც მოძებნა. ეს გამოსავალი იქნებოდა ფილმში კოლმეურნეობის თავმჯდომარის შემოყვანა, ოღონდ ეს თავმჯდომარე კეთილი ადამიანი უნდა ყოფილიყო, რადგან დაენახა, თუ რა ემართებოდა გმირს.

- სცენარის მიხედვით, კოლმეურნეობის თავმჯდომარე არსად ფიგურირებდა?

- არა, ამისთვის სცენარის გადაკეთება იყო საჭირო. მერაბ ელიოზიშვილმა სცენარი შეცვალა. მახსოვს, ერწოდან (ფილმი ერწოს ტბის მიდამოებშია გადაღებული) თბილისში რომ ჩამოვედი, მერაბს სახლში მივაკითხე, მის სამუშაო მაგიდის ირგვლივ უამრავი დაჭმუჭნილი ქაღალდი ეყარა. შემომჩივლა, - არაფერი გამომდისო. იმ საღამოს დავსხედით და ერთად დავწერეთ. ასე გაჩნდა ორი ახალი ეპიზოდი, სადაც კოლმეურნეობის თავმჯდომარე გამოჩნდა. მსახიობმა გრიგოლ ტყაბლაძემ კარგი კოლმეურნეობის თავმჯდომარის სახე შექმნა.  წაიკითხეთ სრულად

ჟურნალ "გზის" არქივიდან

"ეს ხშირად ნიშნავს თრომბს და ძალიან სასწრაფო რეჟიმში, ერთი 50-მა ექიმმა დამირეკა" - რას ყვება კოვიდით ინფიცირებული ნუკი კოშკელიშვილი და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

“მისის მსოფლიო“, რომელმაც "მისის შრი ლანკას" გვირგვინი წაართვა, დააკავეს - სილამაზის დედოფლების დრამა გრძელდება

მერაბ კოკოჩაშვილი მუშაობს ფილმზე, რომელშიც მონაწილეობას ჟერარ დეპარდიე და როზი დე პალმა მიიღებენ - რის შესახებაა კინოსურათი და რა როლები ექნებათ მსოფლიო დონის ვარსკვლავებს