საქართველოში არ შეიძლება ვებრძოდეთ იმ ხალხს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს კავკასიის მიმართულებით მუშაობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთში, აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდის შემდეგ განაცხადა, სადაც ქართველმა და პოლონელმა მეუფეებმა წმინდა გრიგოლ ფერაძის სულის მოსახსენებელი პანაშვიდიც გადაიხადეს.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო არის კავკასიის ერთიანობის ღერძი. "ძალიან კარგად აღწერს გრიგოლ ფერაძე ჩერქეზთან შეხვედრას პალესტინაში. იგი განსაკუთრებულად აღწერს ამ ჩერქეზის გარეგნობას, დიდ ბუნებოვნებას. ამბობს, რომ იყო პერიოდი, როდესაც ჩერქეზები ეხმარებოდნენ ქართველებს, ახლა კი ქართველები უნდა დაეხმარონ ჩერქეზებსო. კავკასიის ერთიანობის იდეა ასევე გზავნილია დღევანდელობისადმი და, მისი თქმით, არ შეიძლება ამ იდეაზე ხელის აღება. არ შეიძლება რომელიმე მესამე მხარის სასიამოვნოდ და გულის საამებლად, მთავარ იდეაზე ავიღოთ ხელი - ეს არის საქართველოს ერთიანობა და ერთიანი ისტორიული მშვიდობის სივრცე.
საქართველოში არ შეიძლება ვებრძოდეთ იმ ხალხს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს კავკასიის მიმართულებით მუშაობისთვის, თუნდაც, ბოლო წლების განმავლობაში და ახლა ეს ხალხი მოვისროლოთ სისხლის სამართლებრივი დევნის თვალსაზრისით - ეს არის დასაფიქრებელი და ფაქიზი საქმე, რომელსაც ყველანი ძალიან ფრთხილად უნდა ვეპყრობოდეთ", - განაცხადა სააკაშვილმა.