"ამ ხელისუფლებამ ორი მიმართულება აირჩია - დაკავებები და დაბრუნებები"

"ამ ხელისუფლებამ ორი მიმართულება აირჩია - დაკავებები და დაბრუნებები"

"ამბობენ, რომ ასეთი ქმედებები გარდამავალ პერიოდში დამახასიათებელია, მაგრამ როდესაც ლიდერი ამბობს, რომ დემოკრატია, გავლენიან ოპონენტებზე რევანში დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღდეგება. ახალი ხელისუფლება მთელი ძალისხმევით ცდილობს, "ნაციონალები" ისე გაასწოროს მიწასთან, რომ მათ თავი ვეღარ ასწიონ. თუკი ყველა მათთვის საშიში პიროვნების დაპატიმრების ან გაძევების შემდეგ ხელისუფლების ლიდერები იტყვიან, რომ ქვეყანაში ვითარება დალაგდა, ეს არ იქნება დემოკრატიული ქმედება. ბიძინა ივანიშვილის ირიბი განცხადება, თუ ასე მწვავედ არ გაგვაკრიტიკებთ, აღარც დაგიჭერთო, ავტორიტარული მმართველობის სტილია. მას პოლიტიკაში გამოცდილება არ აქვს და შესაძლოა, არ იცოდეს, მაგრამ სხვამ, თუნდაც მისი მილიარდების არამოტრფიალე ადამიანმა მაინც უნდა უთხრას", - ამბობს პოლიტოლოგი გია ნოდია, რომელსაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასება ვთხოვეთ.

- თქვენ ხშირად აცხადებთ, რომ ახალი ხელისუფლება ოპოზიციის დასუსტებას ემსახურება, რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

- თქვენს შეკითხვაში მცირედ შესწორებას შევიტან, - ეს მხოლოდ ჩემი კი არა, საზოგადოების, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და გავლენიანი ლიდერების აზრია.

- საზოგადოებას ახსოვს წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებული ტელედაპატიმრებები, რა დროსაც საერთაშორისო საზოგადოება ან დუმდა, ან მცირე საყვედურით შემოიფარგლებოდა.

- შესაძლოა, ეს ყველაფერი გარეგნულად ჰგავს წინა ხელისუფლების დაპატიმრებებს, როდესაც რამდენიმე ცნობილი ადამიანი დაიჭირეს, მაგრამ იმ ხელისუფლებას პოლიტიკურად არ სჭირდებოდა პოლიტიკოსების დაპატიმრება. მაშინ ოპოზიციაც კი არ არსებობდა. მმართველ ძალას ოპონირებას უწევდა დავით გამყრელიძე, "მემარჯვენეების" მაშინდელ გუნდთან ერთად, რაც, უბრალოდ, სიმბოლურ ხასიათს ატარებდა. გარდა ამისა, მაშინ დაპატიმრებების მიზანი სულ სხვა რამ იყო.

- რას გულისხმობთ?

- დაკავებები, რომლითაც მაშინდელმა მმართველმა ძალამ საზოგადოების გულისწყრომა გამოიწვია, კორუფციის აღმოფხვრას ემსახურებოდა. რამდენიმე მაღალჩინოსანი დააპატიმრეს, მაგრამ მათაც კორუფცია ედებოდათ ბრალად. ერთადერთი მნიშვნელოვანი და გავლენიანი ფიგურები იყვნენ სულხან მოლაშვილი და დავით მირცხულავა...

- ვალერი გელაშვილის სასტიკად ცემის ფაქტს შეგახსენებთ...

- არა, გელაშვილის ცემის ფაქტი იმ დაკავებებს არ უკავშირდება, გარდა ამისა, ეს მხოლოდ ვარაუდია და არ არის დამტკიცებული, ვინ სცემა. ჩვენ ახლა წინა ხელისუფლების მიერ ოფიციალურად განხორციელებულ დაკავებებზე ვლაპარაკობთ, ეს ყველაფერი ანტიკორუფციული ქმედებების ნაწილი იყო. რატომღაც არავინ ლაპარაკობს იმაზე, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ ამ მხრივ ძალიან დიდი გარდატეხა მოახდინა და ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით საკმაოდ კარგი წინსვლები გვქონდა... დიახ, მესმის, რომ ამ ყველაფერს გვერდითი მოვლენები ახლდა, კრიტიკაც ბევრი იყო, განსაკუთრებით ტელედაჭერებთან დაკავშირებით, მაგრამ ესა თუ ის დიდი საქმე უმტკივნეულოდ არასდროს გაკეთებულა. ეს იყო დანაშაული, რომელიც წლების განმავლობაში აპრობირებული და დაუსჯელი გახლდათ და მის აღმოსაფხვრელად რამე უნდა ეღონათ, სახელმწიფოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დანერგილიყო, რომ მაღალჩინოსანს პატიოსნად ემუშავა.

- ახალი ხელისუფლების წევრები აცხადებენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ამით აიხსნება წინა ხელისუფლების წევრთა დაკავებებიც.

- კი ბატონო, იმის ილუზია არ მაქვს, რომ ამ ადამიანებს გადაცდომები არ ექნებათ, მაგრამ ახალი ხელისუფლების მუშაობის სტილი მიანიშნებს იმაზე, რომ ამ დაკავებებს პოლიტიკური ელფერი აქვს. გავლენიან ლიდერებს დაერივნენ. აშკარაა, რომ "ოცნების" წევრთა ქმედება რევანშზეა აგებული, ისინი თავიანთ ოპონენტებს ერჩიან და ცდილობენ, ბოლომდე "დააჩმორონ", რათა მათ წამოდგომისა და ბრძოლის გაგრძელების ძალა აღარ შერჩეთ.

როდესაც ქვეყანაში ამდენი პრობლემაა მოსაგვარებელი, ისინი საზოგადოებას დაკავებების სერიით ართობენ. ეს გულის ფხანის პოლიტიკაა. რომელი ერთი ჩამოვთვალო. მერია ჯერჯერობით არ ექვემდებარება ახალ ხელისუფლებას და უგულავას წინააღმდეგ ახალ-ახალი კამპანია გორდება. საზოგადოებრივი ტელევიზია და მისი ხელმძღვანელი რომ ვერ დაიმორჩილეს, იქ ფინანსური პოლიცია შეუშვეს. რახან პრეზიდენტს აქვს უფლება, რომ გაერთიანებული შტაბის უფროსი თავად დანიშნოს, მათ სასწრაფოდ უპოვეს არგუმენტები გიორგი კალანდაძეს და მისი და ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

- ეს ყველაფერი არცთუ უსაფ­უძვლოდ ხდება...

- არ ვიცი, თქვენ საფუძველში რას გულისხმობთ, მაგრამ მე ახალაიასა და კალანდაძისთვის წაყენებულ ბრალდებებში სისასტიკე ვერ დავინახე. გენერალური პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადებები უფრო ღიმილისმომგვრელია, ვიდრე ხელმოსაჭიდი. ეს უფრო გაავებული მხარის შემოტევას ჰგავს. რაც შეეხება ყბადაღებულ თემას, თითქოს ახალაია საკუთარი ხელით აწამებდა და დაუნდობლად სცემდა პატიმრებს, შემდეგ კი, იმავენაირად ეპყრობოდა ჯარისკაცებს, ამას მტკიცებულებები სჭირდება, რომელიც რატომღაც აგვიანებს. თუმცა ძალიან გამაოცა ბრალდებამ, რის გამოც არაერთხელ დააპატიმრეს გიორგი კალანდაძე, ეს ადამიანი სამხედროების მიმართ თურმე ზედმეტად მკაცრი იყო, რაც შეიძლება კამათის საგანი გახდეს, რადგან ჯარისკაცებს რომ წელზევით შიშვლებს რამდენიმე კილომეტრს სიცივეში არბენინებ, მართლაც ზედმეტად მკაცრი სასჯელია, მაგრამ სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ცხოვრებას თუ გადავხედავთ, იქ ჯარისკაცების აღზრდისთვის საკმაოდ მკაცრი მეთოდები აქვთ დანერგილი. კარგი იქნება, ამას ის სამხედროებიც თუ გადახედავენ, რომლებიც ტელევიზიით გამოდიან და გულუბრყვილო სახით ჰყვებიან, თუ რას აიძულებდა მათ "სასტიკი" უფროსი.

- არაერთი სამხედრო უკვე აშკარად საუბრობს ხელმძღვანელობის მხრიდან ღირსების შემლახველ ფაქტებზე, ბატონო გია, ბევრმა სამხედრომ ჯანმრთელობაც დაკარგა...

- იცით, საკამათო თემაა, რომელია ღირსების შემლახველი ფაქტი და რომელი - არა. როცა ადამიანი სამხედრო კარიერას ირჩევს, მას გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მთლად თავის გემოზე ვერ იქნება. სხვანაირად ჯარში წესრიგის დამყარება ცოტა გაჭირდება...

გენერალური პროკურატურის მუშაობიდან პირდაპირ იგრძნობა, რომ მათ სერიოზული პოლიტიკური პრობლემა აქვთ. ახლა ოქრუაშვილის იმედი აქვთ, მას "ოქროს მოწმეც" კი უწოდეს, მაგრამ მის მოწმეობასთან დაკავშირებით იგივე ეჭვები გაჩნდება, რაც სხვა შემთხვევებში გაჩნდა. ალბათ ყველას ახსოვს მისი წინა განცხადებები, რომლებიც შემდეგ შეცვალა. ამჯერად ის ახალი ხელისუფლების მძევალია და რაღაც შეღავათის, თუნდაც თავისუფლების ფასად შეიძლება, რაღაც ინფორმაცია გაყიდოს. სხვადასხვა მოსაზრებებიდან გამომდინარე, მას სჭირდება, წინა ხელისუფლების წინააღმდეგ მისცეს ჩვენება, მაგრამ ეჭვი საზოგადოებაში, ირაკლი ოქრუაშვილი ტყუის თუ სიმართლეს ამბობს, ყოველთვის იარსებებს. იმედია, საზოგადოების მეხსიერება მართლაც ძალიან მოკლე არ არის და ახსოვს, რომ ეს ადამიანი საჭიროების შემთხვევაში იმას ამბობს, რაც სჭირდება. ადრე თქვა, პრეზიდენტმა პატარკაციშვილის მკვლელობა დამავალაო, ახლა ამბობს, სააკაშვილს ჟვანიას სიკვდილი გაუხარდაო. ოქრუაშვილს ესმის, რომ ასეთ განცხადებებს ვერ გადაამოწმებ და ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, მსგავსი რაღაცები კიდევ ილაპარაკოს. სხვა საკითხია, რამდენად სანდოა მისი ინფორმაცია.

- და მაინც, ალბათ დარწმუნებული ხართ, მას ყოფილ თანაგუნდელებზე საკმაოდ ბევრი ინფორმაცია ექნება...

- ცხადია, არ გამოვრიცხავ, რომ წინა ხელისუფლების წევრებს კანონი ჰქონდეთ დარღვეული. ისინი ამ შემთხვევაში მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ, მაგრამ სხვა საკითხია, რამდენად ობიექტურად იქნება საქმე შესწავლილი. მიუღებელია თავად მმართველი ხელისუფლების მოქმედების სტილი, რიტორიკა და განწყობა. ისინი ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ ორი მთავარი მიმართულებით არიან დაკავებული, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაკავებებით და უფრო წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაბრუნებით. არადა, გვახსოვს, მათი წინასაარჩევნო ლოზუნგები, თუ საიდან და როგორ დაიწყებდნენ ქვეყნის აღმშენებლობას. ახლა კი ვხედავთ, რომ ყველაზე მეტად დაკავებებზე აქვთ გეზი აღებული, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მათი მოქმედებები პოლიტიკური ნიშნით არის განპირობებული. მათი ძირითადი ამოცანაა, ბოლომდე დაასუსტონ და ბეჭებზე გააკრან "ნაციონალური მოძრაობა", რადგან მათ არ მოსწონთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტია; მათთვის მიუღებელია, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა არ აქვთ და ცდილობენ, მოქმედი "ნაციონალები" ყველანაირი გზით, დაშინებითა და მოსყიდვით, გადაიყვანონ უმრავლესობაში. მათ ასევე არ მოსწონთ, რომ მაჟორიტარი დეპუტატების საკმაოდ დიდი ნაწილი "ნაციონალია", რადგან ამით რაიონების სრული კონტროლი არ შეუძლიათ. სადაც მათ თავიანთი "კონტროლიორის" დანიშვნა არ შეუძლიათ, ასეთ შემთხვევებში ვიღაცას აპატიმრებენ ან ფინანსურ პოლიციას უშვებენ, როგორც ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში მოხდა. ანუ ბოლო დროს ასეთი ტენდენცია იკვეთება, სადაც მათ პოლიტიკური კონტროლი სჭირდებათ, სწორედ იმ მიმართულებებში ურტყამენ და სამართალდამცველ სისტემას პოლიტიკური მოტივით იყენებენ.

- უმცირესობის წევრთა თქმით, შესაძლოა, ამას უკურეაქცია მოჰყვეს. თქვენ ხედავთ ამის ნიშნებს?

- რევოლუცია ალბათ არ მოხდება. მათი ქმედებები ჯერჯერობით ყველაზე მწვავედ დასავლეთში შეაფასეს. უცხოელი ექსპერტების მოსაზრებით, კარგია, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა, მაგრამ საქართველო უკრაინის გზით მიდის. ახალი ხელისუფლება იმ ქვეყანაშიც არჩევნების გზით მოვიდა, მაგრამ შემდეგ ამ გუნდმა უკრაინა ავტორიტარიზმის, უფრო კონკრეტულად, ბელორუსის გზით წაიყვანა. ჩვენზე კი ამბობენ, უკრაინის გზით წავიდნენო. რაც დიპლომატიურ ენაზე ავტორიტარული რეჟიმის დამყარების მცდელობას ნიშნავს. ასე რომ, არც ის უნდა გაგვიკვირდეს, უფრო სწორად, გაგებით უნდა მოვეკიდოთ, თუ პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება, საქართველოში ევროპისთვის გასაოცარ დემოკრატიას ავაშენებთო, აუხდენელი ოცნება აღმოჩნდეს. ეს, უბრალოდ, წინასაარჩევნო პიარი იყო, ისე, როგორც რუსეთთან ურთიერთობის დალაგება-აღდგენა.

- ქართულმა მხარემ რუსეთის მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადადგა, თუმცა საპასუხო ქმედებები ვერ ვნახეთ... რით ახსნით მათ დუმილს?

- დავიწყოთ იქიდან, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, პარალელურად ნატოსა და ევროკავშირში შესვლა, შეიძლება, დაახლოებით შევადაროთ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, დენისა და გაზის ტარიფები განახევრდებაო, მერე კი განაცხადა, უი, შეგვშლია, თურმე არ გამოდისო. სანამ საქართველო რადიკალურად არ შეცვლის თავის პოლიტიკას და მნიშვნელოვან დათმობებზე არ წავა, კონკრეტულად, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს არ აღიარებს, ამის პირდაპირი მოთხოვნაა რუსეთისგან, მანამდე რუსეთისგან შემხვედრ ნაბიჯებს არ უნდა ველოდოთ. ამაზე სერგეი ლავროვმა პირდაპირ მიანიშნა, საქართველო ახალ რეალობას უნდა შეეგუოსო. ურთიერთობის გაუმჯობესებაში არ უნდა ვიგულისხმოთ ის, რომ რუსეთი უკან წაიღებს თავის სიტყვებს. პირიქით, ის ჩვენგან ითხოვს მნიშვნელოვან დათმობებს.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა