კოტე ჟღენტი: "უცხოური პრესის ტონი აშკარად შეიცვალა"

კოტე ჟღენტი: "უცხოური პრესის ტონი აშკარად შეიცვალა"

საქართველოში ახალი პროვოკაციის სუნი ტრიალებს, სახელად "რელიგიური დაპირისპირება". ნიგვზიანს წინწყაროს ინციდენტი მოჰყვა. ჩვენი თანამემამულე ქრისტიანებიც და მუსლიმანებიც აცხადებენ, რომ ვითარების დაძაბვას პროვოკატორები ცდილობენ. ასეა თუ ისე, თუ ხელისუფლებამ დროულად არ მოახდინა ადეკვატური რეაგირება, შესაძლოა, ისეთი შედეგი მივიღოთ, როგორიც შესაძლოა თავად ამ ესკალაციის ინსპირატორებსაც არ სურდეთ ან მათთვისაც მოულოდნელი იყოს. კიდევ ერთი შიდა დაპირისპირების საფრთხეს რომ თავი დავანებოთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილ კონფლიქტზე საუბარიც კი დიდ რეზონანსს იწვევს მრავალმილიარდიან მუსლიმანურ სამყაროში, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ჩვენს რეგიონს. შესაძლოა, ვინმე შემოგვედავოს და მდგომარეობის გაბუქებაში დაგვადანაშაულოს, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, - საქართველოს ყველა უბედურება, რაც დამოუკიდებლობის პერიოდიდან გადავიტანეთ, მცირე პროვოკაციიდან დაიწყო, რომელიც შემდეგ ფართომასშტაბიან ხანძარში გადაიზარდა. ექსპერტი კოტე ჟღენტი იმედოვნებს, რომ მდგომარეობა არ გართულდება. მისი აზრით, ხელოვნურად შექმნილი პროცესის ავტორები არ უწევენ ანგარიშს, რომ ამ ყველაფერმა შეიძლება ქვეყნის ინტერესები გადაიყოლოს.

- ჩემი აზრით, ეს ყველაფერი გარკვეულ ძალებს უკავშირდება და იმ ჩარჩოში ჯდება, რასაც ახალი ხელისუფლების დისკრედიტაცია ჰქვია. აბა, გაიხსენეთ, საქართველოში ბოლოს როდის იყო დაპირისპირება ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის?

- მართლაც ძნელი გასახსენებელია.

- არც მე მახსოვს. შემთხვევით არაფერი ხდება. არ შეიძლება, ამდენი ხნის განმავლობაში დაპირისპირება არ ყოფილიყო და მაინცდამაინც მაშინ, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, ერთ-ერთ სოფელში თუ რაიონში ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის ურთიერთობა გამწვავდა. ელემენტარული ლოგიკიდან გამომდინარე, კითხვებს მაინც აჩენს, რატომ მოხდა ეს მაინცდამაინც მაშინ, როდესაც ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლება მოვიდა.

- თუ ეს მართლაც ინსპირირებულია, მისი ავტორები ვერ ხვდებიან, რა "ბომბს" ეთამაშებიან? თუ საქართველოში რელიგიური დაპირისპირება დაიწყო, შესაძლოა, ძალიან ბევრი რამ უკან დაგვრჩეს.

- შეიძლება ხვდებიან კიდეც, მაგრამ არ უწევენ ანგარიშს იმას, რომ ამ "ბომბმა" შეიძლება ქვეყნის ინტერესები გადაიყოლოს. ეს არ მიკვირს, რადგან მსგავს "ბომბებს" ანგარიშს არც ადრე უწევდნენ. ისინი ახლა თავის გადარჩენაზე ზრუნავენ. იმდენი კომპრომატია მათზე დაგროვილი, იმდენი ფაქტი, რომ თუ ღრმად ჩაჰყვა გამოძიება, საქმე ცუდად წაუვათ. ამიტომაც ცდილობენ, ახალ-ახალი პრობლემები შეუქმნან ახალ ხელისუფლებას. იმედია, ამ ყველაფერზე ადეკვატურ რეაგირებას მოახდენენ და მდგომარეობა არ გართულდება.

- "ნაციონალები" მიიჩნევენ, რომ კომპრომატები შეთითხნილია. მაგალითად, შსს-ს მიერ უკვე ორჯერ დაკითხული ვანო მერაბიშვილი "პასპორტის საქმეს" აბსურდად და მასზე ზეწოლის მცდელობად თვლის. სხვათა შორის, სხვის სახელზე გაცემული პასპორტის ქონას მის ყოფილ მოადგილეს, გია ლორთქიფანიძესაც ედავებიან. საზოგადოებას კი ბევრი კითხვა აქვს. მაგალითად, ის, თუ მართლა ჰქონდა მერაბიშვილს ყალბი პასპორტი, რაღა მაინცდამაინც თბილისის აეროპორტში წარუდგინა მესაზღვრეებს.

- როდესაც ადამიანი კანონს არღვევს, უკანდასახევ გზას აუცილებლად იმზადებს. ეს ეხება ყველას - დაწყებული ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებით და დამთავრებული საშუალო რგოლებით. ფაქტია, რომ მერაბიშვილსაც და მის მოადგილესაც ჰქონდათ ორ-ორი პასპორტი და ეს დაადასტურეს მესაზღვრეებმა და სამართალდამცველებმაც. რაც შეეხება იმას, თუ რატომ წარადგინა მერაბიშვილმა სხვის სახელზე გაცემული პასპორტი აეროპორტში, სომხეთში გაფრენისას (ყოფილი პრემიერი ერევანში ევროპის სახალხო პარტიის რეგიონულ ყრილობაზე პრეზიდენტის დელეგაციასთან ერთად მიდიოდა), შესაძლოა, იყო პროვოკაცია, რათა შემდეგ აეტეხათ ამბავი, რომ ახალი ხელისუფლება დელეგაციის ქვეყნიდან გასვლას აბრკოლებს. ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზეც მერაბიშვილის აეროპორტში დაკავება ერთ-ერთი მთავარი თემა იქნებოდა. ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება. სხვათა შორის, ერთმა ცნობილმა პირმა, რომლის ვინაობასაც არ დავასახელებ, მითხრა, მაგათ თავში შეიძლება ისეთი რამ მოიხარშოს, ვერავინ ვერასოდეს რომ წარმოიდგენსო. მართლაც, შესაძლოა, ისეთი რაღაც მოიმოქმედონ, რომ არანაირ ლოგიკაში არ ჯდებოდეს და გადარჩენისათვის ყველაფერზე წავიდნენ.

- ზოგიერთი ექსპერტის აზრით, რაც უფრო მოახლოვდება გახმაურებული საქმეების გახსნა, მით უფრო გააქტიურდება "ნაციონალური მოძრაობა". სხვათა შორის, უკრაინაში ოლეგ მელნიკოვი დააკავეს, რომელიც გირგვლიანის საქმეშიც ფიგურირებს.

- გამოძიება რაც უფრო წინ წაიწევს, უფრო მეტად გამოიკვეთება ყოფილი თანამდებობის პირების ბრალეულობა. ამიტომაც ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ ყველაფერს აკეთებენ, იქნება პიარი თუ პროპაგანდა, რომ პრევენცია მოახდინონ. ისინი ცდილობენ, კონკრეტული სამართალდარღვევების გამოძიება პოლიტიკას დაუკავშირონ. თუმცა ბოლოდროინდელ უცხოურ პრესას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ უცხოეთი "ნაციონალებისას" მაინცდამაინც უკვე აღარ იჯერებს. სხვაგვარი სტატიები იწერება. კერძოდ, უცხოური პრესა წერს, რომ საქმე მთლად ასე არ არის და, როგორც ჩანს, ყოფილი თანამდებობის პირები მართლაც რაღაცაში დამნაშავეები არიან. ტონი აშკარად შეიცვალა.

- საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი კვლევა IRI-მ ჩაატარა. კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 63% მხარს "ქართული ოცნების" კანდიდატს დაუჭერდა. 13% - "ნაციონალებისას", 3% კი "ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატს. თქვენი აზრით, ორ თვეში სად წავიდა "ნაციონალების" ის 40%, რომელიც პარტიამ 1-ელ ოქტომბერს მიიღო?

- უპირველესად იმ 3%-ზე ვილაპარაკოთ, რომელიც ქრისტიან-დემოკრატებმა მიიღეს. თითქოს კვლევის შედეგი რეალობას შეესაბამება, მაგრამ ქრისტიან-დემოკრატებს ამ 3%-ს მაინც "ტენიან". რა "იმუშავეს" ამისთანა, ნამდვილად არ ვიცი. რაც შეეხება "ნაციონალების" 40%-ს, ეს მაჩვენებელი წავიდა იქ, სადაც უნდა წასულიყო. 40% ზეწოლით, დაშინებითა და შანტაჟით რომ იყო მოპოვებული, ყველამ კარგად ვიცით. მხოლოდ უცხოეთს არ სურდა ამის დანახვა და არც ახლა უნდა, თუმცა, მოუწევს. სინამდვილეში "ნაციონალების" რეიტინგი არც არჩევნებამდე, არც არჩევნების დღეს და არც მას შემდეგ 13%-ზე მეტი არ ყოფილა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა