დიმიტრი ქიტოშვილი "ჯეოსელის" წილების გადანაწილების საქმესთან დაკავშირებით ახალ დეტალებზე საუბრობს

დიმიტრი ქიტოშვილი "ჯეოსელის" წილების გადანაწილების საქმესთან დაკავშირებით ახალ დეტალებზე საუბრობს

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილი "ჯეოსელის" წილების გადანაწილების საქმესთან დაკავშირებით ახალ დეტალებზე საუბრობს.

იგი აცხადებს, რომ 5 წლის წინ საკუთარი თავისა და ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ოჯახის წევრების განადგურების მუქარით მიაცემინეს.

როგორც ქიტოშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბარში აღნიშნა, მასზე ზეწოლას გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, კონსტიტუციური უსაფრთხოებისა და სასჯელაღსრულების უწყების სხვადასხვა დეპარტამენტების მაღალი თანამდებობის პირები ახორციელებდნენ, თუმცა როგორც მისთვისაა ცნობილი, ისინი უშუალოდ იმდროინდელი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის დავალებით მოქმედებდნენ.

"ამასთან დაკავშირებით უკვე მივმართე გენერალურ პროკურატურას. ვაპირებ, მივმართო სასამართლოსაც, ვინაიდან ჩვენება, რომელიც თავის დროზე მივეცი საკუთარი თავის და სხვა პირების წინააღმდეგ, მიცემული იყო ძალადობით, მუქარით ზეწოლით. რაც შეეხება კონკრეტული პიროვნებების დასახელებას, არ ვიცი, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ეს რამდენად შესაძლებელია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ესენი იყვნენ ძალიან მაღალი თანამდებობის პირები, ფაქტობრივად უმაღლესი - როგორც ჩემთვის ცნობილია. თუმცა, მას ჩემთან საუბარი არ ჰქონია, ეს ხდებოდა იმდროინდელი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის დავალებით და უშუალო მითითებით, ხოლო ახორციელებდნენ სხვადასხვა უწყების დეპარტამენტების უფროსები და მათი მოადგილეები", - აცხადებს ქიტოშვილი.

5 წლის წინ ქიტოშვილი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებდა, რომ "ჯეოსელის" ერთ-ერთი მეწილე ჯემალ სვანიძისგან ირაკლი ოქრუაშვილი, მისი დახმარებით, კომპანიის 2,5 %-ის გადაფორმებას 250 ათასი დოლარის სანაცვლოდ, მუქარით მოითხოვდა. დღეს უკვე კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს წილი თავის დროზე აბსულუტურად დამოუკიდებელმა ბიზნესმენმა გურამ გოგუამ შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ "ჯეოსელის" წილების საქმე ერთ-ერთი ბრალდებაა, რასთან დაკავშირებითაც ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ამ საქმეზე პროცესი დღეისთვის არის ჩანიშნული.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ