"გიორგი ფოჩხუას ფოტოაპარატში პრეზიდენტის ვოიაჟი იყო დაფიქსირებული"

"გიორგი ფოჩხუას ფოტოაპარატში პრეზიდენტის ვოიაჟი იყო დაფიქსირებული"

ბოლო დროს ახალი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ დაკავებებთან დაკავშირებით საზოგადოებაში უამრავი შეკითხვა გაჩნდა. ეჭვს არ აჩენს, რომ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების ავტორობით თუ მონაწილეობით არაერთი დანაშაული მომხდარა, მაგრამ ხალხის უკმაყოფილება მათი დაკავების მოტივაციას უკავშირდება. ადვოკატ ირმა ჭკადუას განცხადებით, რომელიც ციხეებში მონიტორინგის ჯგუფის წევრია, გენერალური პროკურატურა ნაბიჯ-ნაბიჯ, მათ ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე მოქმედებს.

ადვოკატის თქმით, იმ შემკვეთებთან ერთად იმ პირების, მოსამართლეებისა და პროკურორების პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს, ვინც მაღალჩინოსნების შეკვეთებს ბრმად ასრულებდა. თუ როგორ იწერებოდა წლების განმავლობაში "აღიარებითი ჩვენებები", ამის შესახებ ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს...

- ამ 9 წლის განმავლობაში იმდენი "შეკერილი" საქმის შესახებ გავიგე, რომ იმ ხელისუფლებისგან არაფერი გამიკვირდება. ეს იყო დანაშაულებრივი ბანდა, ბოლო წლებში უდანაშაულო ადამიანების დაკავება ჩვეულებრივი გახდა, რადგან მათი მთავარი მიზანი საზოგადოებაში შიშის დამკვიდრება გახდა. გარდა ამისა, არაერთი შემთხვევა მახსოვს, როდესაც პატიმარს სასამართლო პროცესზე შემოსვლა დამოუკიდებლად არ შეეძლო, ბადრაგს შემოჰყავდა ან "შემოჰქონდა" და როდესაც მოსამართლე ეკითხებოდა, რა დაგემართათო, პატიმარი პასუხობდა, დავეცი ან კედელს მივეჯახეო და ისიც "იჯერებდა".

- თუმცა, ამის მიუხედავად, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მაღალჩინოსნებს, ერთი შეხედვით, უსუსური ბრალდებებით აკავებენ.

- საზოგადოება წინა ხელისუფლების პირობებში შეჩვეულია ტელედაპატიმრებებს, რომლებიც დასავლური საზოგადოების თვალში ქულების დაწერას ემსახურებოდა. ადამიანებს ჯერ აპატიმრებდნენ და შემდეგ დებდნენ მტკიცებულებებს. ახალი ხელისუფლება ამ შეცდომის დაშვებას არ აპირებს და ძალიან სწორადაც იქცევა. მესმის, როდესაც თენგიზ გუნავას უამრავი დანაშაულებრივი საქმე უკავშირდება, ის ბენზინის ტალონების მითვისების ბრალდებით დააკავეს, მაგრამ ისიც დანაშაულია და დღევანდელი სამართალდამცავი ორგანოები, წინასგან განსხვავებით, ეჭვმიტანილებს მათ ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე აკავებენ. პარალელურად, გრძელდება მათი დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლა და არ არის გამორიცხული, რომ ამ მაღალჩინოსნებს ბრალი თანდათან დაუმძიმდეთ. ისინი საქმეების ვითომ გახსნის ეფექტს ქმნიდნენ და საქმეებს არაპროფესიონალურად "კერავდნენ".

- კონკრეტულად რო­მელ საქმეს გულისხმობთ?

- ნაციონალების 9-წლ­იანი მმართველობის პერიოდში უამრავი საქმე "შეიკერა" ახალი არავისთვის არ არის, რომ ლევან კალაძის მკვლელობაში შს სამინისტროს მაღალჩინოსნები ფიგურირებენ და ომეხ აფრასიძე ამ საქმესთან არაფერ შუაში იყო.

- თუმცა ითქვა, რომ სვანეთში მის დანაშაულებრივ საქმიანობაზე ყველამ იცოდა...

- დიახ, მაგრამ ის სვანეთში ავტომანქანით გადაადგილდებოდა და სამართალდამცველებს მისი დაკავება ნებისმიერ დროს შეეძლოთ. ამ ოპერაციის განხორციელებისთვის, რასაც უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ, 1200 სპეცრაზმელისა და 12 ვერტმფრენის მობილიზება სულაც არ იყო საჭირო. მაშინ ხელისუფლებას, ერთი მხრივ, ლევან კალაძის ვითომ მკვლელობის საქმის გახსნა უნდოდა და შესაძლებლობა მიეცა, ამით ომეხ აფრასიძე მოეშორებინა, ამიტომ დაუკავშირეს ეს საქმე მას. სხვათა შორის, აფრასიძემ იცოდა, რომ მას ლევან კალაძის გატაცება ჰბრალდებოდა, რის გამოც სამართალდამცველები მის აყვანას აპირებდნენ და თავად აპირებდა პოლიციაში მისვლას, რადგან ამ საქმეში არანაირი მონაწილეობა არ ჰქონდა მიღებული. თუმცა, ბარამიძემ მოვლენებს დაასწრო და შეეცადა, ამით რამდენიმე საქმე ერთდროულად გაეკეთებინათ. ასეთი ფაქტები საზოგადოებაში შიშის დათესვას ემსახურებოდა. ჩემს შეშინებას და დემორალიზებას ემსახურებოდა ჩემი შვილის დაკავება, რომელსაც ნარკოტიკის შენახვა-მოხმარებას აბრალებდნენ, მაშინ, როდესაც ბოლომდე დარწმუნებული ვარ, მას ნარკოტიკთან შეხებაც კი არ ჰქონია.

- ლევან კალაძის მკვლელობაში შსს-ს მაღალჩინოსნების კვალი ახსენეთ, ვის გულისხმობდით?

- ამას შესახებ საზოგადოება გამოძიებიდან შეიტყობს, თუმცა სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს ასეა. ასევე მალე ყველასთვის ნათელი გახდება, რომ მომღერალი გიორგი ფოჩხუა ფოტოაპარატის გამო არ მოუკლავთ. უფრო სწორად, მის სიკვდილს სხვა სარჩული აქვს.

- რას გულისხმობთ, რა გახდა მისი მკვლელობის მოტივი?

- მგონი, ყველამ იცის, რომ მისთვის ბოროტმოქმედს ფოტოაპარატის წართმევა უნდოდა, რომლის საშუალებითაც მომღერალმა პრეზიდენტის ანაკლიაში ვოიაჟის ფოტოები დააფიქსირა. სწორედ იმ ფოტოების გასანადგურებლად იყო მიმართული გიორგი ფოჩხუაზე იერიში, რასაც მომღერლის სიცოცხლე შეეწირა. თუმცა, მოდით, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, იმედია, ახლა მაინც ჩატარდება ობიექტური გამოძიება და ამ და სხვა, კვალის სპეციალურად ასაბნევად გაკეთებულ საქმეებს ფარდა აეხდება.

ხელისუფლების შეცვლიდან გარკ­ვეული დროის გასვლის შემდეგ ძალიან ბევრმა დაზარალებულმა მიმართა მთავარ პროკურატურას. თითქმის ყველა საქმე ისეთი აბურდული და უკანონოდ წარმართულია, რომ ახალ ხელისუფლებას და კონკრეტულად მართლმსაჯულებას ძალიან ბევრი და რთული სამუშაო აქვს წინ.

- ანუ შესაძლოა, მოსამართლეებისა და პროკურორების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს?

- ეს აუცილებელია, რათა მარ­თლმსაჯულება ბოლომდე დამოუკიდებელი გახდეს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დღემდე რჩება კოტე კუბლაშვილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლეების რაღაც ნაწილი დანაშაულებრივ საქმიანობასა და უკანონო განაჩენების გამოტანას განაგრძობს. ღმერთმა დამიფაროს, ნულოვანი ტოლერანტობის მომხრე ვიყო და ვთქვა, ყველანი ციხეში უნდა გავუშვათ-მეთქი, მაგრამ ხმამაღლა ვამბობ, - ამ ადამიანებმა რაღაც პერიოდი მაინც იმ ჯოჯოხეთურ გარემოში უნდა გაატარონ, რათა მიხვდნენ, სად უშვებდნენ წარბშეუხრელად ხშირ შემთხვევაში სრულიად უდანაშაულო ადამიანებს. ეს სხვებისთვისაც მაგალითი იქნება, რათა რაღაცის საფასურად იგივე არ გაიმეორონ.

ერთი პატიმრის, მურავიოვის საქმე მინდა გაგაცნოთ, რომელიც აფრასიძეებთან ერთად დააკავეს. იცით, როგორ აწამეს ის ადამიანი? - რამდენიმე საათის განმავლობაში ზურგზე პოლიეთილენის ცეცხლწაკიდებული პარკის წვეთებს აწვეთებდნენ და აიძულებდნენ, აღიარებით ჩვენებაში დაეწერა, აფრასიძეების სახლში ლევან კალაძე ვნახეო... პატიმარს დღემდე ეტყობა გამდნარი პარკის ნამწვისგან დარჩენილი ღრმულები. როდესაც "გაარკვიეს", რომ კალაძე იქ არ ყოფილა, ცრუ ჩვენების გამო პატიმრობა გაუხანგრძლივეს. იყო შემთხვევები, როდესაც ნაცემ-ნაბეგვი, ბორძიკით შემოსული პატიმრები მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე მოსამართლეებს პირდაპირ სასამართლო პროცესზე უყვებოდნენ, მაგრამ ისინი ამას არაფრად მიიჩნევდნენ და საქმის გარშემო ილაპარაკეო ეუბნებოდნენ. ეს არის დანაშაული მათი მხრიდან, ვინაიდან მათ გულგრილობას არაერთი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეეწირა.

- ციხის პერსონალის ზეწოლის ქვეშ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი თუ აღმოჩენილა?

- რამდენიც გინდათ, იმდენი ფაქტის მოყოლა შემიძლია; ჩხოროწყუს რაიონში მცხოვრებ ვიტალი ბებიას თავისი ბიძაშვილის სიძის მკვლელობა დაბრალდა. გამოძიების ინფორმაციით, გარდაცვლილს ესროლეს. არადა, არსებობდა მთავარი მოწმე, ეროვნებით რუსი ადამიანი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ვიტალი ბებია მასთან ერთად, მკვლელობის ადგილიდან 100 კილომეტრის მოშორებით, იმყოფებოდა. მათ გარემოს დაცვის სამსახურის პოსტის მიერ შემოსაზღვრული ტერიტორია ერთად გადაკვეთეს და ამას ზემოხსენებული სამსახურის თანამშრომლებიც ადასტურებდნენ. მკვლელობაში ეჭვმიტანილი თავად გამოცხადდა დაკითხვაზე, მზად იყო, მასთან დაკავშირებით გაჩენილ ყველა შეკითხვაზე ეპასუხა. იმ დღეს გაუშვეს, მაგრამ ოთხი დღის შემდეგ დააკავეს და განზრახ მკვლელობის მუხლით 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მისი დაპატიმრებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ გაქრა რუსი მოქალაქე, რომელიც საქმეში მთავარი მოწმე იყო. ეჭვი გაჩნდა, რომ ის ადამიანი მოიშორეს. სასამართლოს მომხდართან დაკავშირებით რეალური ვერსიაც კი არ ჰქონდა და რაც მთავარია, არც სჭირდებოდა. უბრალოდ, საქმე "შეკერეს" და ბებიას განაჩენი გამოუტანეს. ბრალდებული ვიტალი ბებია შეწყალებასაც არ დათანხმდა, რადგან საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს, ძნელია, ადამიანმა მკვლელის სახელით იცხოვროს მაშინ, როდესაც უდანაშაულოა.

სხვათა შორის, ცნობილი ციხის კადრების გავრცელებამდე რამდენიმე ხნით ადრე ციხიდან გამოვიტანეთ პატიმრების წერილები, სადაც ისინი არაადამიანურ წამებებზე ჰყვებოდნენ. ამ საქმის მთავარი გმირები იყვნენ ციხის თანამშრომლები ჯონი ივანაშვილი და ვინმე კაპანაძე, რომლებიც ამჟამად სამსახურიდან გათავისუფლებული არიან... ამ საქმისა და ზოგადად ციხეში არსებული ვითარების გამოძიებით გენერალურ პროკურატურას მივმართეთ. საქმე, რა თქმა უნდა, არც კი აღძრულა, ჩვენ კი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, გვისაყვედურეს, - რა დღეში ხართ ეს ადვოკატები, რა სისულელეებს აწერინებთ პატიმრებსო...

- ვიცი, რომ იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც არაადამიანური მოპყრობის გამო, პატიმრებს ფსიქიკური აშლილობა დაემართათ...

- ასეთი შემთხვევა რამდენიმე კი არა, ძალიან ბევრია. ე.წ. "წალკის" ამბავზე, იქ მომხდარ ყაჩაღობას ვგულისხმობ, სხვებთან ერთად ორი სრულიად უდანაშაულო ადამიანი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი, დიდი ძალისხმევის შემდეგ, სასამართლო პროცესიდან გავათავისუფლებინეთ. მეორე კი, დათო თამლიანი, რომელიც ასევე უდანაშაულო იყო, არაადამიანური წამებისგან ჭკუიდან შეირყა. წინა ხელისუფლების პირობებში, ადვოკატების არაერთი მცდელობის მიუხედავად, მისი შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანა ვერ შევძელით. მხოლოდ ახლახან მოვახერხეთ მისი ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანა. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არადამიანური წამებისგან ფსიქიკურად შერყეული პატიმრები სხვებთან ერთად იხდიდნენ სასჯელს. ამ ადამიანების სამკურნალო დაწესებულებებში გადაყვანა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

- ქალბატონო ირმა, ის ადამიანები, რომლებიც ახლა ხელისუფლებაში არიან, სასტიკად აპროტესტებდნენ შეკრებითობის პრინციპს, თუმცა ეს საკითხი ახლა რატომღაც მნიშვნელოვანი აღარ არის...

- დიახ, ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც აუცილებლად უნდა დაიწყოს მუშაობა, თორემ საზოგადოება ამას ახალ ხელისუფლებას არ აპატიებს.

მონიტორინგის ჯგუფის ფარგლებში თითქმის ყველა საპატიმროში ვიყავი. ყველგან უმძიმესი ვითარება იყო. ამ დღეებში ვაპირებ შევიდე საქალაქო სასამართლოს ე.წ. მოსაცდელში, სადაც პატიმრები სასამართლო პროცესის დაწყებამდე შეჰყავთ. ხშირად 40-50 ადამიანს ერთ პატარა ოთახში დილის 6 საათიდან საღამოს 6-მდე არაადამიანურ პირობებში უწევთ ყოფნა. ამიტომ ვთქვი, რომ ახალ ხელისუფლებას ძალიან ბევრი სამუშაო აქვს.

იხილეთ ვიდეო: უკავშირდება თუ არა გიორგი ფოჩხუას დაღუპვა ანაკლიაში პრეზიდენტის ყოფნისას გადაღებულ ფოტოებს

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"