პეტრე მამრაძე: "დასავლეთი ხედავს, რომ სააკაშვილს ხელში ყუმბარა უჭირავს"

პეტრე მამრაძე: "დასავლეთი ხედავს, რომ სააკაშვილს ხელში ყუმბარა უჭირავს"

"სააკაშვილის ხელისუფლებაში რეალურ ძალაუფლებას ფლობდა "ტროიკა" (ოქრუაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი), მაგრამ მალე "ტროიკაშიც" განხეთქილება დაიწყო. ხმა დადიოდა, რომ "ტროიკის" ღამეულ შეკრებებს ხშირად ახლდა სააკაშვილის ისტერიკები, როდესაც რამე არ მოეწონებოდა, იმუქრებოდა, გაგანადგურებთ, მოგსპობთო. კანცელარიის თანამშრომლებს ხშირად ესმოდათ სააკაშვილის ისტერიული ყვირილი", - მეუბნება ყოფილი დეპუტატი და სახელმწიფო კანცელარიის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე:

სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა, განურჩევლად იმისა, ვის რა თანამდებობა უკავია, სამართალი ყველას წვდება. აშშ ასეთი სახელმწიფოს ნიმუშია დღესაც. პრეზიდენტსაც რომ იოტისოდენად შეეშალოს, სასჯელი ელის და ამის დასტურია პრეზიდენტ ნიქსონის მაგალითი. საქართველოში ვინმეს რომ აუხსნა, ნიქსონს რის გამო მოუწია გადადგომამ, ვერც გაგიგებენ. შარშან გერმანიაში პრეზიდენტი გადადგა იმის გამო, რომ პრესამ ერთი ამბავი ატეხა, შეღავათიანი კრედიტი აიღო სახლის ასაშენებლად, პრეზიდენტი რომ არ ყოფილიყო, შეღავათიან კრედიტს ვერ მიიღებდაო.

რომ ნახოთ პრეზიდენტ სააკაშვილის დეკლარაციები, მხოლოდ ამის გამო არ უნდა ასცდეს იმპიჩმენტი, ისეთი დარღვევებია. სააკაშვილს დეკლარაციაში 4-ჯერ მეტი ქონება აქვს ნაჩვენები, ვიდრე თავისი შემოსავლით მიიღებდა. პრეზიდენტის ხელფასი დაახლოებით 4 ათასი ლარია და საგულისხმოა, რომ ინტერვიუებში ეშლება და 4 ათას დოლარს ამბობს. სააკაშვილი ჩვენს ბიუჯეტს როგორც თავის შემოსავალს, ისე იყენებდა. სააკაშვილს შეუძლია ოფიციალური ვიზიტის დროს თვითმფრინავში თქვას, მოდი, მილანში დავსხდეთო და შოპინგი მოიწყოს. სააკაშვილი სტუმრობს უძვირფასეს კურორტებს, რომლის სასტუმროებში ღამის გათენება (თან ყოველთვის საპრეზიდენტო ნომრებს იღებს) ათასობით ევრო ღირს და ეს თანხები არსად ჩანს. ამ თანხას, როგორც ჩანს, "ობშჩიაკიდან" იღებს. ეს არის მათი შავი სალარო, რომელიც ბიზნესმენებისთვის წართმეული ფულით ივსება.

- ვის ევალება შავ სალაროში ფულის მობილიზება?

- "ობშჩიაკს" თავიდან ოქრუაშვილი განკარგავდა. მერე ესტაფეტა მერაბიშვილს გადასცა. ფინანსური ნაკადების ასევე დიდ ნაწილს ადეიშვილი აკონტროლებდა. "ობშჩიაკის" შევსების მექანიზმი ისეთივე იყო, როგორიც ნაცისტურ გერმანიაში, სადაც ბიზნესმენები კუთვნილ საწარმოებში მენეჯერებად დატოვეს. ასევე იქცეოდა სააკაშვილი. საქართველოში თითქმის ყველა ბიზნესმენი, მსხვილი თუ საშუალო, ამ სტატუსით იყო თავისივე საწარმოში. ამბობდნენ, ჩვენ რაღა გვრჩება, ყველაფერი მიაქვთო. ცხადია, ისინი გულისხმობდნენ არა ბიუჯეტში ოფიციალურ, არამედ "ობშჩიაკში" შენატანს. არჩილ გეგენავას სკანდალი შარშან ზაფხულში მთელ საქართველოს მოედო. არჩილ გეგენავასა და მის ძმას არმიის მომარაგების სრული მონოპოლია ჰქონდათ. როგორც ხმა გამოვიდა, "ზემოთ" მოელანდათ, რომ გეგენავამ პატიოსნად არ შეასრულა ვალდებულებები - "ობშჩიაკში" იმდენი ფული არ შეიტანა, რამდენსაც სთხოვდნენ, და უცებ წაართვეს ეს უფლება.

ასეთივე იყო ტენდერების სისტემა თბილისსა და მთელ საქართველოში. ავიღოთ "გრინსერვისის" მაგალითი. ჟვანიას დაცვის ყოფილ უფროსს, დაცვის ოფიცერს, რომელიც არასოდეს ბიზნესმენი არ ყოფილა (და ძველი თბილისის ყოფილ გამგებელს ლაშა ფურცხვანიძეს) ამ ფირმის წილები 200 ლარად გადაუფორმეს და ისინი გახდნენ ფირმის ხელმძღვანელები. 200 ლარად ვინ დაგითმობთ წილს? ცხადია, ძველ მფლობელს წაართვეს. შემდგომ ეს ორი ახალგამოჩეკილი ბიზნესმენი ზედიზედ იგებდა ტენდერებს. ბოლოს სკანდალი ატყდა, - ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღმოაჩინა, რომ ფანტასტიკურად გაბერილ ფასებად ჰქონდა "გრინსერვისს" მიყიდული ნერგები მერიისათვის. უგულავამ ფურცლები აფრიალა, ამ ყველაფერს პროკურატურას გადავცემო, მაგრამ მოიტყუა, არ გადაუცია. სასაცილო ის არის, რომ წლების განმავლობაში უგულავას წარმომადგენელი, მისი მარჯვენა ხელი, ყოველ ხუთშაბათს დადიოდა ადეიშვილთან (ამაზე წუწუნებდა კიდეც) და დაწვრილებით ანგარიშს აბარებდა გასული კვირის ფინანსურ ტრანზაქციებზე, - ვის რა ტენდერი მოაგებინეს ადეიშვილის დავალებით და, მასთან შეთანხმებით, რა ოდენობის ფული მოიხსნა.

ასე იყო კვირიდან კვირამდე. წარმოუდგენელია იმაზე მეტი ცინიზმი, როდესაც უგულავა ფურცლებს აფრიალებდა და ამბობდა, ამ ამაზრზენ ფაქტებს პროკურატურას გადავცემო. ვის გადასცემდა, ვინც ამის გაკეთება დაავალა? ასე მუშაობდა მთელი სისტემა საქართველოს მასშტაბით. ჩემი შეფასებით, ასობით მილიონი დოლარია "ობშჩიაკში" შესული. ამიტომაც სააკაშვილს, მერაბიშვილს, უგულავასა და ადეიშვილს სასამართლომ რომ დაუმტკიცოს ჩადენილი დანაშაულების ნაწილიც კი, არც ერთს არ უნდა ასცდეს უვადო პატიმრობა.

სწორია ბიძინა ივანიშვილის პოზიცია, რომ ამბობს, სამართლის აღსრულების საქმეში არ ჩავერევიო, რადგან ამაში პრემიერ-მინისტრის ჩარევა კანონის დარღვევაა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა