სასჯელაღსრულების სამინისტრო შეწყალებული პატიმრის მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულების სამინისტრო შეწყალებული პატიმრის მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თ.გ. იმ პატიმართა ჩამონათვალში შედიოდა, რომელთა გაჩერება თავისუფლების აღკვეთის პირობებში პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა მათ სიცოცხლეს და მათი გამოჯანმრთელება სასჯელაღსრულების სისტემის ფარგლებში შეუძლებელი იყო, - ამის შესახებ ნათქვამია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა აღნიშნული პატიმრების შეწყალების შუამდგომლობით საქართველოს პრეზიდენტს მიმართა.

"საერთაშორისო კვლევების თანახმად, სასჯელისგან გათავისუფლებული ადამიანების საშუალოდ 16% კვლავ ჩადის დანაშაულს, თუმცა ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების გათვალისწინებით, მძიმედ დაავადებული პატიმრების შემთხვევაში დაუშვებელია სასჯელისაგან გათავისუფლებაზე უარის თქმა მხოლოდ მსაჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გამო.

შუამდგომლობა შეწყალებაზე ამ შემთხვევაში წარმოადგენდა ერთადერთ გამოსავალს, რადგან სასჯელისგან გათავისუფლების სხვა მექანიზმები ვერ უზრუნველყოფდა 88 მძიმე ავადმყოფი მსჯავრდებულის გათავისუფლებას ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე.

მომავალში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პატიმართა საკითხის შესწავლას საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია გააგრძელებს, რომლის დაკომპლექტებაც გარკვეულ დროს მოითხოვს", - ნათქვამია განცხადებაში. აქვე აღნიშნულია, რომ ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია და რეაგირების გარეშე არ დარჩება.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებული პირი იმ შესაწყალებელ პატიმართა სიაში იყო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს სასჯელაღსრულების მინისტრის, სოზარ სუბარის შუამდგომლობით გადაეგზავნა. მისი ინფორმაციით, სოზარ სუბარმა რამდენჯერმე მიმართა პრეზიდენტს მძიმე და უკიდურესად მძიმედ დაავადებული პატიმრების შეწყალების თაობაზე, რის შემდეგაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მინისტრის უშუალო შუამდგომლობით შესაწყალებელთა სია გადაიგზავნა.

შეწყალებული პირის მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა. შსს-ს ცნობით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2012 წლის 9 დეკემბერს თამარ მეფის გამზირზე თენგიზ გ.-მ დანით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა 1981 წელს დაბადებულ თამაზ კახიძეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაზარალებულის აღწერილობის საფუძველზე აღნიშნული პირი პოლიციის თანამშრომლებმა ფოცხვერაშვილისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე, სარდაფთან დააკავეს. დაკავების მომენტში მას ხელში ეჭირა დანა, რომელსაც პირზე სისხლის კვალი ჰქონდა.

ბრალდებული ე.წ. "ქურდული ტრადიციების" მიმდევარია და წარსულში მრავალჯერაა ნასამართლევი. 2007 წლიდან იგი ყაჩაღობისთვის 11-წლიან სასჯელს იხდიდა.

შსს-ს ინფორმაციით, თენგიზ გ. 2012 წლის 7 დეკემბერს საპატიმროდან საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გაათავისუფლეს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ