დავით სერგიენკო: "პენსიების მომატება აპრილიდან დაიწყება"

დავით სერგიენკო: "პენსიების მომატება აპრილიდან დაიწყება"

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გასაგები მიზეზების გამო, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ სფეროში კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ გაცემული სოციალური დაპირებები საზოგადოების ყველაზე დიდი ინტერესის საგანია... ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი დავით სერგიენკო გვესაუბრება.

- ბატონო დავით, საყოველთაო დაზღვევა ახალი მმართველი ძალის ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო. რა ნაბიჯები გადაიდგა მის შესასრულებლად?

- ამჟამად საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, დაახლოებით ნახევარი, არანაირი სამედიცინო სადაზღვევო პაკეტით არ სარგებლობს. ჩვენი ამოცანაა, რომ თებერვლის ბოლოსთვის ის ადამიანები, რომლებსაც დღეს დაზღვევა არა აქვთ, მინიმალური სადაზღვევო პაკეტით უზრუნველვყოთ, ხოლო 2013 წლის პირველი ივლისიდან მინიმალური სადაზღვევო პაკეტი შევცვალოთ საბაზისო პაკეტით, რომლითაც გაცილებით მეტი მომსახურების მიღება შეიძლება.

- რა მომსახურებას გულისხმობს მინიმალური და საბაზისო სადაზღვევო პაკეტები?

- მინიმალური პაკეტი, ძირითადად, ორი ბლოკისგან შედგება: ეს არის ოჯახის ექიმთან ვიზიტის შეუზღუდავი ლიმიტი და გადაუდებელ შემთხვევებში­ მკურნალობის საშუალება, როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ პირობებში. აგრეთვე, ძირითადი საბაზო ამბულატორიული გამოკვლევები, როგორც ლაბორატორიული, ისე დიაგნოსტიკური. რაც შეეხება საბაზისო პაკეტს, ის მოიცავს მინიმალური პაკეტით გათვალისწინებულ ყველა მომსახურებასა და დამატებით, გეგმური სამედიცინო შემთხვევების მართვას, როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ გარემოში, მეტად არის გაზრდილი დიაგნოსტიკური კვლევების შესაძლებლობა, ასევე, ორსულობისა და მშობიარობის უზრუნველყოფა.

- ამ პროგრამის ამოქმედებისას სამედიცინო დაწესებულებას, შესაძლოა, ერთბაშად პაციენტთა დიდი ნაკადი მიაწყდეს, მზად არის სისტემა ამ ცვლილებისთვის, ხომ არ გახდება პროცესი უმართავი? თქვენი ოპონენტები საუბრობენ კორუფციული გარიგების შესაძლებლობაზეც.

- ამგვარი მასშტაბის ცვლილებას რისკი, რა თქმა უნდა, ახლავს. ამიტომ, პროექტის განუყოფელი ნაწილი ამ რისკების გათვლა და მაქსიმალურად თავიდან აცილებაა. ამ საქმეში კორუფციის გაჩენის ალბათობა ზუსტად ისეთივეა, როგორიც ნებისმიერ სხვა სფეროში, ამას სჭირდება გამჭვირვალეობა, ინფორმაციის საჯაროობა და სწორი ადმინისტრირება. სტრუქტურა ერთიანი სახელმწიფო სადაზღვევო ფონდისა, რომელიც ახალდაზღვეულ მოქალაქეებს მოემსახურება, მაქსიმალურად გამჭვირვალეა, მასში შედიან როგორც ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროს, აგრეთვე, საზოგადოების, პროფესიული კავშირების წარმომადგენლები. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, კორუფციის რისკი მცირე იქნება. რაც შეეხება პაციენტთა ახალი ნაკადის გაჩენას, ეს მნიშვნელოვანი საკითხია და ყველაფერს ვიღონებთ­ მოულოდნელობების თავიდან ასაცილებლად. ის, რომ ქვეყანაში 2 მილიონით მეტი ადამიანი დაეზღვევა თებერვლის ბოლოს, არ ნიშნავს, რომ მეორე დღესვე 2 მილიონით მეტი ადამიანი მიაკითხავს სამედიცინო დაწესებულებებს, რადგან ეს ეხება ოჯახის ექიმთან ვიზიტის შესაძლებლობასა და გადაუდებელ დახმარ­ე­ბას, თუ­მცა, ნა­კადი, რა თქმა უნდა, გაიზრდება, რასაც საპასუხო ნაბიჯებით ვუპასუხებთ.

- ხშირად კამათობენ, მსოფლიოში არსებული სადაზღვევო სისტემებიდან რომელია საქართველოსთვის უფრო მისაღები: ევროპული თუ ამერიკული?

- მსოფლიოში ჯანდაცვის სისტემის ოთხი კლასიკური მოდელი არსებობს, თუმცა, არ არც ერთი ქვეყანა უპირატესობას ერთ მოდელს არ ანიჭებს, თავისი პრობლემატიკიდან, სპეციფიკიდან გამომდინარე, მათ ნაერთს, ნაზავს იყენებენ მიზნის მისაღწევად. გამონაკლისი არც საქართველოა, განვითარების ყველა ეტაპზე ქვეყანა განსხვავებული ამოცანების წინაშე იდგა. ამჟამინდელი რეალობიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, უფრო ოპტიმალური გამოსავალია გადასვლა ე.წ. უნივერსალურ ჯანდაცვის მოდელზე ანუ, სამედიცინო მომსახურება ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იქნება, თუმცა, განსხვავებულ ფარგლებში. სოციალურად და­უცველი მოქალაქე, მოხუცი და ბავშვი ამ მომსახურებით საჭიროების გათვალისწინებით ისარგებლებენ, საშუალო ასაკის დასაქმებული და ნაკლები რისკის მქონე ადამიანები - ამ რისკების შესაბამისად.

- როდის მოემატებათ დევნილებს დახმარება?

- სოციალური თემა, ისევე როგორც ჯანდაცვა, მეტად სათუთია, რა თანხაა საკმარისი ადამიანის დასახმარებლად? ვინ იტყვის, რომ ესა თუ ის თანხა უკვე საკმარისია და ამაზე მეტი, მით უმეტეს, სოციალურად დაუცველს აღარ სჭირდება? "ქართული ოცნების" საარჩევნო დაპირებები, რა თქმა უნდა, შესრულდება და მომავალი წლის განმავლობაში მოხდება სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, დევნილების დახმარებებისა და შემწეობების ეტაპობრივი ზრდა. ეს გრაფიკი, დროში გაწერილი, უკვე შექმნილია და რამდენიმე დღეში წარედგინება საქართველოს პარლამენტს, ამის შემდეგ ეს ციფრები საჯარო გახდება. მთელი 2013 წლის განმავლობაში დევნილთა დახმარება თანდათან გაიზრდება.

- ბოლო ხანს ძალზე გახშირდა დევნილების შეჭრა სხვადასხვა დაწესებულებაში, ისინი საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილებას ითხოვენ; როგორია სამინისტროს პოზიცია?

- რაც შეეხება სხვადასხვა დაწესებულებაში დევნილთა მასობრივი შეჭრის ფაქტებს, შემიძლია ვივარაუდო, რა იყო ამის მიზეზი, მაგრამ არ მინდა ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი, ვიდრე პრობლემას ღრმად არ შევისწავლი. ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად დავხმარებოდით ამ ადამიანებს, ისინი ზამთარში, რთულ პირობებში ქუჩაში რომ არ აღმოჩენილიყვნენ. მათ ვუთხარით, რომ 200 ლარის ფარგლებში ბინის ქირას გადავუხდიდით, ისინი კი მუდმივი საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვენ, რითაც, ხშირად არათუ სოციალურად დაუცველი, უფრო შეძლებული ფენის ადამიანებიც კი არ არიან უზრუნველყოფილი. საკუთარი საცხოვრებელი ბინა არათუ საქართველოს, ევროპის სახელმწიფოების ბევრ მოქალაქეს არა აქვს და ქირით ცხოვრობენ. ჩვენი აზრით, ამ ეტაპზე დევნილებს საუკეთესო გადაწყვეტილება შევთავაზეთ - ერთ ოჯახზე ბინის ქირა 200 ლარს შეადგენს, ეს თანხა სტატისტიკური კვლევის შედეგად დავადგინეთ, ასეთია ბინის ქირის ოდენობა თბილისის გარეუბნებში, ცხადია, რუსთაველის პროსპექტსა თუ საბურთალოზე მათთვის ბინის ქირაობას სამინისტრო ვერ გასწვდება.

- ძალზე აქტუალურია პენსიების თემა, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება პენსიების 220 ლარამდე გაზრდაც იყო.

- პენსიების მომატება აპრილიდან დაიწყება, ესეც ეტაპობრივი პროცესი იქნება. რიცხვი - 220 ლარი ჩემთვის უცნობია, წინასაარჩევნო პროგრამაში ამაზე არაფერია ნათქვამი, შესაძლოა, ეს თანხა დასახელდა კონკრეტული ადამიანების ინტერვიუების დროს წინასწარ ითქვა, რომ პენსია საარსებო მინიმუმს გატოლდება და დანაპირები აუცილებლად შესრულდება. ეს პროცესი, როგორც აღვნიშნე, 2013 წლის აპრილში დაიწყება მომატება და სექტემბერში პენსია საარსებო მინიმუმს გაუტოლდება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ნაკლები სამუშაო სტაჟის მქონე ადამიანები აღარ იქნებიან დისკრიმინაციულ მდგომარეობაში. ყველა პენსიონერის პენსია, სულ მცირე, საარსებო მინიმუმს გაუტოლდება. რაც შეეხება პენსიის შემდგომ ზრდას, ეს უკვე იმაზე იქნება დამოკიდებული, რო­გორი იქნება ქვეყნის ბიუჯეტი, მთლიანი შიგა პროდუქტი. უნდა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, აღორძინდეს ეკონომიკა, რაც წარმატებული სოციალური პოლიტიკის წინაპირობაა. ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური სფერო და განათლება ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტული მიმართულებებია.

- პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების უმრავლესობაში პენსია რამდენჯერმე აღემატება საქართველოში არსებული პენსიის მაქსიმალურ ოდენობას. შედარებისთვის, ესტონეთში პენსია დაახლოებით 660 ლარია, ლატვიაში - 550 ლარი, რა არის ასეთი სხვაობის ძირითადი მიზეზი?

- ამ ქვეყნებმა წლების განმავლობაში ჩვენზე წარმატებით ჩაატარეს როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური რეფორმები. საქართველოს მთლიანი ბიუჯეტი წელიწადში 8,2 მილიარდი ლარია, აქედან 2,3 მილიარდი ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე იხარჯება, ეს მთელი ბიუჯეტის დაახლოებით მესამედია. ამ თანხიდან 1,5-1,7 მილიარდი მხოლოდ საპენსიო ანაზღაურებას სჭირდება. ამიტომ პენსიების მომატებისთვის ჯერ ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს. ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ სწორედ ძლიერი ეკონომიკის ქვეყნებშია მაღალი პენსიები.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"